GE

„2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მოსწავლეთა 2% საერთოდ არ ესწრებოდა გაკვეთილებს“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევამ აჩვენა, რომ 2-4 წლის ასაკის ბავშვების მხოლოდ 60 პროცენტი და 2-5 წლის ბავშვების მხოლოდ 66 პროცენტი დადიოდა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული.

“6-17 წლის ბავშვების 71 პროცენტზე მეტი ესწრებოდა სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახებში, 22 პროცენტი – მხოლოდ დისტანციურად, 5 პროცენტი – კომბინირებულად, ხოლო 2 პროცენტი საერთოდ არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს. შინამეურნეობების თითქმის 15 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, სოფლად ეს მაჩვენებელი 2.4-ჯერ აღემატება ქალაქის მაჩვენებელს, რაც ონლაინ სწავლას გამოწვევად აქცევს და ზრდის ციფრულ უთანასწორობას”, – წერია კვლევის შედეგებში.

ამასთან, კვლევის რესპოდენტთა 82 პროცენტზე მეტი წუხს, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრი სერიოზულად დაავადდება კორონავირუსით, თუმცა არავაქცინირებულ რესპოდენტთა 33 პროცენტი ნაკლებ სავარაუდოა აიცრას, ხოლო 35 პროცენტს ჯერაც არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია, ამბობს მონაცემთა მონიტორინგის რეალურ დროში კვლევის მეექვსე და ბოლო ტალღის შედეგები. ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზებია შფოთი გვერდითი მოვლენების, ვაქცინის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო. გამოკითხვის წინა ორი კვირის განმავლობაში შინამეურნეობების 11 პროცენტმა ვერ მიიღო საჭირო სამედიცინო მომსახურება, ხოლო შინამეურნეობების 38 პროცენტმა ვერ შეძლო საჭირო მედიკამენტების მიღება, რადგან არ ჰქონდა ყიდვის შესაძლებლობა.

“2020 წლის ბოლოდან რეალურ დროში ხდება COVID-19-ის გავლენის კვლევა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე, მათ შორის გავლენა ოჯახების შემოსავალზე, მათ ხელმისაწვდომობაზე განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ინტერნეტსა და ტექნიკურ აღჭურვილობაზე, ასევე მათ დამოკიდებულებაზე COVID-19-ისა და ვაქცინაციის მიმართ”, – წერია UNICEF-ის საქათველოს ოფისის ინფორმაციაში.

კვლევის მეექვსე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის დეკემბერში და თებერვალში გასაჯაროვდა.

ასევე იხილეთ:

„ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, როდესაც მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“ – განათლების ფსიქოლოგი მოსწავლეთა ჰოლისტურ განვითარებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური