GE

„ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, როდესაც მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“ – განათლების ფსიქოლოგი მოსწავლეთა ჰოლისტურ განვითარებაზე

„ნებისმიერი დოგმის დაწესება სწავლა-სწავლების პროცესში დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ია აფთარაშვილმა “მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის” მიერ ორგანიზებულ პედაგოგებთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებას განიხილავდნენ.

მოსწავლის ჰოლისტური განვითარება, როგორც განათლების მიზანი, მოიაზრებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გლობალური ფუნქციური უნარების განვითარებას. აფთარაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში შეცვლილია გამოწვევები, შეცვლილია კონტექსტი და ახლა ყველაზე მთავარია, მოსწავლეში მასწავლებელმა განავითაროს ისეთი უნარები, როგორიც არის შემოქმედებითობა, თავისუფალი აზროვნება, ღიაობა, მოქნილობა.

„ჩემს თავს ვახსენებ ხშირად, ია, გახსოვდეს, ძველი რუკებით ახალ ტერიტორიებს ვერ აღმოაჩენ. ამიტომ, მიეცი შენს მოსწავლეებს, შენს სტუდენტებს იმის უფლება, რომ შექმნან ახალი რუკები, მაგრამ შენ რაც გევალება, ასწავლე. ასწავლე, როგორ უნდა შეიქმნას რუკის ლეგენდა, რას ნიშნავს რელევანტური და არარელევანტური ინფორმაციის დატანა, რას ნიშნავს სემიოტიკური ტრანზიციები და ა. შ… მასწავლებელი არის ცოდნის მხარდამჭერი, ხელშემშველებელი. ისევე, როგორც ველოსიპედის ტარების დროს თავდაპირველად ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხელის ტაატით მივყვებით უკან და ვცდილობთ, რომ მინიშნებები მივცეთ, მაგრამ თავად უნდა მიაგნოს და ვაძლევთ საშუალებას, რომ თავისი გამოცდილების ნაკადი შექმნას და რაც მთავარია, ვამბობთ, რომ ნიჭი და უნარი ყველგან არის. არ არის აუცილებელი ველოდოთ აბსოლუტურ განათებებს და ზეციურ ქმნილებებს, თითოეულ მოსწავლეში არის ნიჭი და თავისებურება უნარების და მთავარია, იქიდან ამოვიდეთ“, – ამბობს აფთარაშვილი.

ია აფთარაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრისას იმ 6 უნარზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია:

  • კრიტიკული აზროვნება
  • შემოქმედებითობა
  • კომუნიკაცია
  • თანამშრომლობა
  • მოქალაქეობა
  • ხასიათი/ნებელობა

„ეს უნარები უნდა გამოვიყენოთ სწავლების პროცესში იმისათვის, რომ მოსწავლემ უფრო ეფექტურად იმოქმედოს და თან მის პიროვნულ განვითარებას შევუწყოთ ხელი… კრიტიკული აზროვნება დარგის სპეციფიური ცოდნის გარეშე არ არსებობს. კრიტიკული აზროვნება ინსტრუმენტია ადამიანის… ყველაზე მეტად მოსწონთ მოსწავლეებს, როდესაც ეკითხები, „რას შეცვლიდი?“ ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, როდესაც მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“, – ამბობს აფთარაშვილი.

განათლების ფსიქოლოგის აზრით, მასწავლებელმა უნდა მოახერხოს და ოჯახური თუ პიროვნული გამოცდილება, რაც ხშირად სკოლის წესებს სცდება, შესწავლის წყაროდ აქციოს და საკუთარი თავისა და ბავშვის სასარგებლოდ გამოიყენოს.

„ოჯახის გამოცდილება და სკოლის წესები ხშირად ერთმანეთს სცდება. ამ შემთხვევაში მოსწავლე რჩება გარიყული და პირიქით, მარგინალურ ჯგუფში გადაინაცვლებს. ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის ის არის, თუ როგორ ვაქციოთ მოსწავლისათვის განსხვავებული, თუნდაც ოჯახური თუ პიროვნული გამოცდილება შესწავლის წყაროდ, ჩვენი შემეცნების წყაროდ. მე თუ ამას მოვახერხებ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ სწავლის პედაგოგიკაში, სწავლის კონცეფციაში, სწავლის პარადიგმაში… ყველაზე მთავარია, როგორ გამოვიყენო ის გამოცდილება, რაც მას აქვს, ჩემს სასარგებლოდ ისე, რომ ეს გახდეს სასწავლო პროცესში პლატფორმა, რაც გულისხმობს შემოქმედებითობას, თავისუფალ აზროვნებას, ღიაობას, მოქნილობას… რაც შეიძლება სხვადასხვა რაკურსიდან უნდა მივცეთ მოსწავლეებს საშუალება, რომ შეაფასონ მიდგომების და ხედვების მრავალფეროვნება… ნებისმიერი დოგმის დაწესება სწავლა-სწავლების პროცესში დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს”,  – ამბობს აფთარაშვილი.

განათლების ფსიქოლოგის აზრით, მოსწავლისთვის ნათქვამი ფრაზა,  “რა ვქნა ეს არ გესმის, მაგრამ ეს ასეა“, ისეთივე მიუღებელია, როგორც მასწავლებელი შევიდეს კლასში, თავში წიგნი ჩაარტყას მოსწავლეს და უთხრას, “შენ ახლა უნდა ისწავლო”.

“ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირი ცოდნა დაკავშირებულია იმედებთან, რწმენებთან, შიშებთან და გრძნობებთან. შესაბამისად, თუ ჩვენ ისევ ვიმოქმედებთ შიშების, გრძნობების და იმედების კონტექსტში და ამავდროულად მოსწავლეთა წარმოსახვას გავააქტიურებთ, მაშინ პედაგოგიურ პრაქტიკაში ეფექტურად გვექნება”, – უთხრა პედაგოგებს აფთარაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, პედაგოგებმა ფაქტობრივად ერთხმად აღნიშნეს, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში უნდა ჩაეჭიდონ ახალ ცნებებს და ეს ცნებები დააკავშირონ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებასთან.

ასევე იხილეთ:

„თუ კომპლექსურ დავალებას მოსწავლეებს სახლში არ გავატანთ, პრობლემა არ იქნება“ – სკოლის დირექტორი მასწავლებლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური