2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდს გადააჭარბებს და ყველა შემდგომ მთავრობას ექნება ვალდებულება
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გუშინ დაანონსებულ განათლების პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა:
,,გუშინ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ, ჩვენი გუნდის ხედვა განათლების კონცეფციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გახლავთ მხოლოდ განათლების კონცეფცია, ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ, რომ დაძლიოს ის გამოწვევები, რომელიც გვაქვს ქვეყნის წინაშე. უფრო მეტიც, მე გუშინაც განვაცხადე, რომ, პირადად ჩემთვის, ეს გახლავთ მთავარი მოტივაცია, რატომაც ვარ საჯარო პოლიტიკაში.
,,ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოვახდინოთ განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაცია და დავაფუძნოთ მსოფლიოში ერთ ერთი გამორჩეული განათლების სკოლა, ამ შემთხვევაში ქართული სკოლა. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკაში განათლების სექტორს არ აქვს ორნიშნა ციფრი, ანუ არ არის ის მინიმუმ 10-11 პროცენტი მთლიან შიდა პროდუქტში, 21-ე საუკუნეში ასეთ ერებს ძალიან უჭირთ კონკურენცია საერთაშორისო ბაზრებზე, ვინაიდან ვერ ხდება ადამიანური კაპიტალის სწორი განვითარება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ორიენტირი, რომ აღნიშნული იდეის რეალიზაციის შემდეგ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და ის იყოს მინიმუმ ორნიშნა ციფრით 10-11% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის. ჩვენ 2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარსაც კი არ აღწევდა, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ დაახლოებით მილიარდ 600 მილიონს ვითვალისწინებთ, 2020 წელს ის გახდება 2 მილიარდი, 2022 წელს – 2 მილიარდი ნახევარი, ხოლო ჩვენი ინიციატივის შედეგად, 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ანუ 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს და შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე თუ ყველა მომდევნო მთავრობა, ვალდებული იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, ანუ დღევანდელი პარამეტრებით ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ახალგაზრდობაზე, მიმართოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე.
,,ჩვენი შეხედულებით, სწორედ განათლებაა გზა თავისუფლებისკენ სიდუხჭირის, განათლებაა გზა ოკუპაციისგან და ყველა იმ გამოწვევის გადალახვის, რომელიც დღეს დგას ჩვენი ერის წინაშე. მინდა ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორო აღნიშნული რეფორმა თუ რომელ სექტორებს შეეხება, ეს გახლავთ სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება და მეცნიერება. ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციებს არამხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ გაზრდილ ინვესტიციებს ხელფასებში და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია – კვლევით სამუშაოებზე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით მოხდება მასწავლებლების გადამზადება.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება