GE

2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. როგორც სამინისტროს მიერ დღეს, 27 დეკემბერს მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო დირექტორის სამკერდე ნიშანი გადასცა.

მეორე ადგილი ქალაქ თბილისის მე-200 საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე უჯმაჯურიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბორჩაშვილი გახდა.

მინისტრის თქმით, დირექტორებს, როგორც სკოლის გუნდის ლიდერებს, უდიდესი წვლილი შეაქვთ სასკოლო კულტურის უზრუნველყოფის საქმეში, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა აკადემიური განვითარების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.

2022 წლის საუკეთესო დირექტორის კონკურსის გამარჯვებული და ფინალისტები სასწავლო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN), ციურიხის გიმნაზიასა და პედაგოგიურ უნივერსიტეტს ეწვევიან. გამარჯვებული დირექტორების სკოლებს საჩუქრად ასევე გადაეცემათ ვირტუალური ლაბორატორიები.

საუკეთესო დირექტორის კონკურსი ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს აქვთ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური