GE

2023 წლის ამ აბიტურიენტებს ატესტატის ან ცნობის წარდგენის ვალდებულება აქვთ – ვადები და კატეგორიები

ზაფხულის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბლიკანტების უმრავლესობას არ აქვს ვალდებულება, რომ სკოლის დასრულების, იგივე ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს, რადგან მათი მონაცემები NAEC-ს აბიტურიენტებისგან დამოუკიდებლად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისგან (EMIS) ეგზავნება. თუმცა, დადგენილია გამოცდაზე გასვლის მსურველთა გარკვეული კატეგორია, ვისთვისაც ატესტატის წარდგენა გამოცდების ეროვნულ ცენტრში კონკრეტულ ვადებში ევალება.

ვის აქვს ატესტატის NAEC-ში წარდგენის ვალდებულება:

I კატეგორია

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, 2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.

გაითვალისწინეთ: ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას, აბიტურიენტის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების შესახებ ინფორმაციის მოუძიებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის ცენტრში წარმოდგენა! ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება მოთხოვნა ატესტატის ცენტრში წარმოდგენის თაობაზე. ამდენად, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.

II კატეგორია

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს, 2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი.

III კატეგორია

აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), (2023 წლის 20 ივნისის 18:00 საათამდე) უნდა წარმოადგინონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.

IV კატეგორია

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, სრული ზოგადი განათლების აღიარების დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ 21 აგვისტოს 18:00 საათამდე.

V კატეგორია

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციას გაივლის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია, 20 ივნისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

27 აპრილს, სეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში EDU.ARIS.GE-ს ისიც დაუზუსტეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა და მონაწილეობა იმ მოსწავლეებსაც შეუძლიათ, ვინც ატესტატის ვერ იღებს, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე მიღებული შედეგების გამოყენებას ვერ შეძლებენ (ვერ მიიღებენ ჩარიცხვებში მონაწილეობას).

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური