GE

სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტი განიხილავს ცვლილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიღების შედეგად, სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით.

კანონპროექტის ავტორი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილება გათვლილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის.

“საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025- 2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავება, აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, მიზანშეწონილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ცვლილება და საქართველოს მთავრობის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები დადგენილი იქნეს 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ

ცნობისთვის, სასწავლო გრანტის ოდენობები ბაკალავრიატის საფეხურზე დღეს არის 100, 70, 50%-იანი, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე 100%-იანი.

როგორი იქნება კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტით, საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2027- 2028 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №111 დადგენილებით (2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ) ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრება 14 287 500 (თოთხმეტი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარით.

ხოლო, 2025-2026 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვრება 2 250 ლარით.

“კანონპროექტი არ ითვალისწინებს დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების გაზრდას, არამედ მისი მიზანია საქართველოში არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაუდგინოს ვალდებულება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად/ფარგლებში”, – წერია კანონპროექტში.

ასევე იხილეთ:

პრემიერ-მინისტრი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტს წარადგენს (ვიდეო)

მე-12 კლასის გაუქმების გადაწყვეტილება იცვლება? – რა განმარტებას აკეთებენ განათლების მინისტრი და მისი მოადგილე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური