GE

ეროვნულ გამოცდებზე 49 აბიტურიენტს სმარტფონი უპოვეს – უპრეცედენტოდ მკაცრი მისაღები გამოცდა სამხრეთ კორეაში

19 ნოემბერს სამხრეთ კორეაში მისაღები გამოცდები ხელოვნური ინტელექტით გადაწერის სკანდალისა და უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე ჩატარდა. ნახევარ მილიონზე მეტმა აბიტურიენტმა უნივერსიტეტში მისაღები ეროვნული გამოცდა, „სუნუნგი“ (Suneung / CSAT) ჩააბარა.

მთელი ცხრა საათის განმავლობაში აბიტურიენტები ერთმანეთის მიყოლებით, მცირე შესვენებებით აბარებენ ყველა სავალდებულო საგანს – კორეულ ენას, მათემატიკას, ინგლისურს, კორეის ისტორიას, არჩევით საგნებსა და მეორე უცხო ენას.

წელს გამოცდა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით გადაწერის საფრთხის გამო მიღებული უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს კი განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ საგამოცდო წესების დარღვევის სულ 98 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 49 აბიტურიენტს სმარტფონი აღმოუჩინეს, სხვებს კი – კამერები და ყურსასმენები.

გამოცდის ჩასატარებლად ქვეყნის 1,312 საგამოცდო ცენტრში 75,000-მდე დამკვირვებელი იყო მობილიზებული, რომლებსაც დამატებით 8,400 თანამშრომელი ეხმარებოდა ჭკვიანი მოწყობილობებისა და საეჭვო სიგნალების აღმოსაჩენად.

როგორც გამოცემა The New York Times და სააგენტო Agence France-Presse იუწყებიან, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გადაწერის საწინააღმდეგო ახალი წესები გამოცდამდე ორი დღით ადრე, სამშაბათს გამოაცხადა. ამის მიზეზი გასულ კვირას მომხდარი სკანდალი გახდა, როდესაც საგადასახადო ბუღალტრების ეროვნული გამოცდის უმაღლესი ქულის მფლობელმა აღიარა, რომ თითქმის იდეალური შედეგის მისაღებად მინიატურული კამერა, სმარტფონი და AI-ის მიერ გენერირებული პასუხები გამოიყენა. სწორედ ამ აღიარებამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა სხვა მაღალი მნიშვნელობის გამოცდების გამოცდებზეც იგივე დარღვევები მიეღოთ.

ამ სკანდალის შემდეგ პრეზიდენტმა გადაწერის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებისთვის მინიმუმ 100 მილიონი ვონის (75 000 აშშ დოლარი) ოდენობის ჯილდო დააწესა, თანამზრახველების მხილების შემთხვევაში კი – სასჯელის შემსუბუქება. გამკაცრებული რეგულაციებით, გადაწერაში მხილებულ პირებს გამოცდის ხელახლა ჩაბარება 10 წლით ეკრძალებათ და სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

ხუთშაბათს საგამოცდო ცენტრების გარშემო გაითიშა Wi-Fi და გაორმაგდა დამკვირვებლების რაოდენობა. აბიტურიენტებს მიეცათ მითითება, გამოცდაზე მხოლოდ ფანქრებით გამოცხადებულიყვნენ, საშლელები კი ადგილზე დაურიგეს, რათა გამორიცხულიყო საკანცელარიო ნივთებად შენიღბული ციფრული მოწყობილობების შეტანა. გამოსაცდელებს მოსთხოვეს სახელოების აკეცვა და მოუწოდეს, არ ჩაეცვათ ღილებიანი ტანსაცმელი. ვინც ამ რეკომენდაციას არ დაემორჩილა, ფარული კამერების დასაბლოკად პერანგებისა და ქურთუკების ღილებზე სპეციალური სტიკერები დააკრეს. გარდა ამისა, დამკვირვებლებმა აბიტურიენტებს სათვალეებიც შეუმოწმეს.

ფარულად შეტანილი მობილური ტელეფონების აღმოსაჩენად მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი ხმამაღალი საგანგებო შეტყობინება (Emergency Alert) გაგზავნა, რომლებიც უხმო რეჟიმზე დაყენებულ ტელეფონებზეც ამოქმედდა. მსგავს სიგნალებს ხელისუფლება ჩვეულებრივ სტიქიური უბედურებების ან საომარი საფრთხის დროს იყენებს. პირველი შეტყობინება დილის 08:30 საათზე გაიგზავნა, გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე. განათლების მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველი სიგნალის შემდეგ სმარტფონი 22 აბიტურიენტს უპოვეს. მეორე სიგნალი 14:21 საათზე გაიგზავნა (მანამდე მოსახლეობას გამაფრთხილებელი SMS მიუვიდა), მესამე კი – 14:57 საათზე. საბოლოო ჯამში, სამივე შეტყობინების შედეგად სმარტფონი 49 აბიტურიენტს აღმოუჩინეს.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, წელიწადში ერთხელ ჩატარებული რვა-ცხრასაათიანი გამოცდა სამხრეთ კორეაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრის, მაღალანაზღაურებადი სამსახურისა და ქორწინების უკეთესი პერსპექტივის მთავარ საშუალებადაც კი მიიჩნევა.

ეროვნული გამოცდის დღეს სამხრეთ კორეის დიდ ნაწილში ყოველდღიური რიტმი შეიცვალა: საგამოცდო ცენტრებთან შეიზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა, საცობების შესამცირებლად ოფისები და საფონდო ბირჟა ერთი საათით გვიან გაიხსნა, ხოლო ინგლისური ენის მოსმენის ნაწილის დროს 35 წუთით შეწყდა ავიარეისები. გამოცდა საღამოს 18:00 საათისთვის დასრულდა.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური