GE

240 000 ლარი გამოიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის სახელმწიფო გრანტით დაფინანსებისთვის 2023-2024 სასწავლო წელს

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 240 000 ლარით განისაზღვრა.

ამისშესახებ 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც განათლებისა და მაცნიერების მინისტრის ხელმოწერით გამოიცა, უკვე ძალაშია და 2023 წლის 7 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.

„2023-2024 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, რომ განსაზღვრული თანხიდან 22 500 ლარი გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.

რაც შეეხება გრანტის ოდენობას, როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ამ პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსება გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში, არაუმეტეს 2250 ლარისა.

ვინ შეიძლება იყოს პროგრამის ფარგლებში დაფინანსების უფლების მომპოვებელი სტუდენტი – ბრძანებაში შემდეგი ორი გარემოებაა აღწერილი: პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოპოვების უფლება აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება, თუ იგი 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირდა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან 2023 წლის პირველ აგვისტომდე განაცხადა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება სურს როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარადგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადების წარდგენის ვადებისა და სხვა თანხების გადანაწილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრძანებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური