GE

„3 თვის შემდეგ, ამ მიმართულებით არცერთი გზავნილი აღარ გაჟღერებულა“ – სტუდენტები პრეზიდენტს მიმართავენ

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ (WUGS) პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესის შეცვლას სთხოვს.  ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანრი გუგეშაშვილმა 31 მაისს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ არსებული რეგულაციები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და სტუდენტებს დიდ პრობლემებს უქმნის.

„დღეს არსებული პრაქტიკით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იღებს ან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა და მის აღსადგენად უწევს ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, რომელიც ჯდება 500 ლარამდე და საჭიროებს დაჩქარებული წესით 30 დღეს და ჩვეულებრივ შემთხვევაში – 90 დღეს. გარდა იმისა, რომ არსებული პრაქტიკა ვერ უძლებს მიგრაციის ექსპერტთა კრიტიკას და ისედაც შესაცვლელია საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, მისი გამარტივების აუცილებლობა დაგვანახა პანდემიამაც, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში დაბრუნებას“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

საკითხი ცნობილია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელმაც 3 თვის წინ, ახალგაზრდებს მისცა დაპირება, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხი გამარტივდებოდა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად ამ თემაზე იმუშავებდა.

„სამწუხაროდ 3 თვის შემდეგ არათუ არაფერი შეცვლილა, არამედ აღარ გაჟღერებულა არცერთი გზავნილი ამ მიმართულებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება რეგისტრირებულია ბელგიაში. ორგანიზაცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიულ სტატუსს ატარებს და მასში მსოფლიოს მასშტაბით ქართველი სტუდენტები და ახალგაზრდები არიან გაერთიანებულები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური