32 ეფექტური აქტივობა და ინსტრუმენტები მოსწავლის განმავითარებელი შეფასებისთვის
არსებობს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტთა ვრცელი ნაირსახეობა. ქვემოთ გთავაზობთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შემუშავებული ისეთი ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც ადვილად გამოიყენება სასწავლო პროცესის მსვლელობისას, უშუალოდ გაკვეთილებზე.
განმავითარებელი შეფასების დანიშნულებაა მოსწავლის სწავლის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირი, რაც ეხმარება მასწავლებლებს სწავლების, ხოლო მოსწავლეებს – სწავლის გაუმჯობესებაში. განმავითარებელი შეფასება არის მოსწავლეების სწავლაზე მუდმივი დაკვირვების, აღრიცხვისა და ანალიზის პროცესი. მაგალითად, თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ რამდენიმე მოსწავლეს უჭირს გრძელი სიტყვების წაკითხვა ან პერსონაჟის ქცევების დახასიათება, მას შეუძლია შეცვალოს აქტივობები, დავალებები, სასწავლო რესურსები და ამგვარად დაეხმაროს მოსწავლეებს.
განმავითარებელი შეფასება მოიცავს მიმდინარე შემოწმებას, დაკვირვებას, შეჯამებებსა და განხილვებს, რომლებიც მასწავლებელს საჭირო ინფორმაციას აწვდის სწავლების პროცესში და რომელთა საფუძველზეც მოსწავლეები რეგულარულად იღებენ კონსტრუქციულ უკუკავშირს (კონსტრუქციული უკუკავშირის შესახებ იხილეთ ქვემოთ). კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი განმავითარებელი შეფასების გამოყენებით მასწავლებელი მიიღებს რეალურ სურათს იმის შესახებ, თუ რა აქვთ ათვისებული და კიდევ რის ათვისება სჭირდებათ მოსწავლეებს საბოლოო მიზნის მისაღწევად. ყოველდღიურად, სულ მცირე, თითო ტიპის განმავითარებელი შეფასების გამოყენებით მასწავლებელს ეძლევა საშუალება, შეაფასოს სწავლის პროცესი და მიიღოს პასუხი საკვანძო კითხვებზე: როგორ ვითარდება თითოეული მოსწავლის ცოდნა და უნარები? რით შემიძლია დავეხმარო მოსწავლეებს ამა თუ იმ დავალების შესრულებასა თუ უნარის გაწაფვაში?
რესურსების კრებულში – “კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”, განმარტებულია, რომ ეს ინსტრუმენტები გვეხმარება, სწრაფად გადავამოწმოთ მიმდინარე სასწავლო სიტუაციის ეფექტურობა. მათი გამოყენებით შეგვიძლია სწრაფად გავიგოთ, თუ როგორ მოგვყვებიან მოსწავლეები, რას ითვისებენ და რაში სჭირდებათ დამატებითი დახმარება.
ვიდრე კრებულში წარმოდგენილ კონკრეტულ აქტივობებსა და რესურსებს გაგაცნობდეთ, გაეცანით ზემოხსენებული კრებულის შემქმნელთა მიერ მომზადებულ ჩამონათვალს თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასება.
– განმავითარებელი შეფასება აძლიერებს მოსწავლის რეფლექსიას სწავლის პროცესის
ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ამით ის ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებასა
და თვითმონიტორინგს.
– განმავითარებელი შეფასებისას მოსწავლეთა აზროვნებისა და შემეცნების პროცესები
უფრო თვალსაჩინო ხდება როგორც თვით მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლისათვის.
ეს ეხმარება მასწავლებელს ადეკვატური მეთოდებისა და სასწავლო რესურსების შერჩევაში.
– განმავითარებელი შეფასება მოსწავლეებს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რას სწავლობენ და რამდენად კარგად ეუფლებიან ცოდნას.
– განმავითარებელი შეფასება გვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად მზადაა ბავშვი, რომ ცოდნა და უნარები ახალ სიტუაციებში გამოიყენოს.
– განმავითარებელი შეფასება გვეხმარება სწავლების დიფერენცირებაში, ჯგუფების სწორად დაკომპლექტებაში და მოსწავლეებისთვის ადეკვატური დავალებების შერჩევაში.
– მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს ჩატარებული გაკვეთილის ეფექტურობა.
– განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარების განვითარებას.
– განმავითარებელი შეფასება ეხმარება სასწავლო პროცესის მონაწილეებს კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემასა და გამოყენებაში (მასწავლებელი-მოსწავლე, მოსწავლე-მოსწავლე, მოსწავლე-მასწავლებელი).
– განმავითარებელი შეფასების მეშვეობით მასწავლებელი ღებულობს ინფორმაციას და გადაწყვეტილებებს სწავლების პროცესში დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით შესატანი შესწორებების შესახებ.
– განმავითარებელი შეფასება კომფორტს უქმნის და თავდაჯერებას მატებს მოსწავლეს
მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვისას.
ეფექტური აქტივობები და ინსტრუმენტები განმავითარებელი შეფასებისთვის
შემაჯამებელი შეკითხვები: დროგამოშვებით მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წერილობით დავალებას და სთხოვს, ფურცლის/ბარათის ერთ მხარეს დაწერონ დამუშავებული ტექსტის მთავარი აზრი მაქსიმუმ სამი წინადადებით; ფურცლის მეორე მხარეს კი დასვან შეკითხვა ტექსტის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც კარგად ვერ გაიგეს.
12-სიტყვიანი რეზიუმე (შეჯამება): გაკვეთილის დასრულებისას მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ რეზიუმე (შეჯამება), რომლისთვისაც მხოლოდ 12 სიტყვას გამოიყენებენ. ეს ეხმარება მასწავლებელს იმის დადგენაში, თუ რამდენად აითვისეს მოსწავლეებმა გაკვეთილის მასალა და მისი ძირითადი კომპონენტები. სიტყვების რაოდენობის შეზღუდვა `აიძულებს~ მოსწავლეებს, ყველაზე მნიშვნელოვან აზრებს მოუყარონ თავი. შესაძლებელია სიტყვების ნაცვლად წინადადებების რაოდენობის შეზღუდვაც (მაგალითად, დაწერონ რეზიუმე ორი ან სამი წინადადებით).
ერთწუთიანი ესე: ერთწუთიანი ესე არის სწრაფი წერილობითი რეაგირება კონკრეტულ შეკითხვაზე.
ანალოგიები: ანალოგიების მოტანა განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სტრატეგიაა. ანალოგიების გაკეთებით მოსწავლეები გამოავლენენ იმას, თუ რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს მოცემული ტექსტი. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ ანალოგია მათთვის უკვე ნაცნობ საკითხსა და ახალ ინფორმაციას შორის. ამისათვის შესაძლებელია ანალოგიის ქარგის გამოყენებაც: ________________ (ცნება, პროცესი, პერსონაჟი) ჰგავს _______________ -ს, ვინაიდან _____________________________________________________ .
ცნების/გონებრივი რუკა: მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, შეავსონ სხვადასხვა ვიზუალური სქემა/გრაფიკული ორგანიზატორი. შევსებული სქემების/ფორმების გადამოწმებით მასწავლებელი დაადგენს, თუ როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა კავშირები და მიმართებები ცნებებს, მოვლენებს, იდეებს შორის.
მოსწავლესთან გასაუბრება: მასწავლებელი ატარებს ერთი-ერთზე გასაუბრებას მოსწავლესთან, რათა გაარკვიოს, თუ რამდენად გაიაზრა მოსწავლემ საკითხი/ტექსტი და რამდენად კარგად დაეუფლა ამა თუ იმ უნარს.
სამწუთიანი პაუზა: მასწავლებელი გამოყოფს დროს ახალი მასალის გასააზრებლად. ის შეჩერდება და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ კლასში წარმოდგენილ ახალ ცნებებსა და იდეებზე, დაუკავშირონ ისინი საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას, ახსნან და განმარტონ ისინი. შესაძლებელია წინადადებების ქარგის გამოყენებაც: მე შემეცვალა წარმოდგენა _______________-ის შესახებ. მე უკეთ გავიგე _______________. მე გამიკვირდა, რომ _________________________. მე _____________ დავუკავშირე ____________-ს. მე თანაგრძნობა გამიჩნდა _____________-ის მიმართ.
გასასვლელი ბილეთები: გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი დაფაზე დაწერს შეკითხვას წინა გაკვეთილზე გავლილი საკითხის შესახებ და სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ პასუხი მცირე ზომის ბარათებზე. შემდეგ შეაგროვებს ბარათებს, სწრაფად გადაავლებს თვალს და დაფიქრდება, რა არის საჭირო გავლილი მასალის მიმოხილვისა და განმტკიცებისთვის. სასურველია ამ პროცედურის გამოყენება გაკვეთილის ბოლოსაც, რათა გაირკვეს, თუ როგორ გაიგეს და აითვისეს მოსწავლეებმა ამ გაკვეთილზე მიღებული ახალი ინფორმაცია.
ჩემი რჩეული “მ” : ეს წინა აქტივობის ერთ-ერთი ვარიაციაა. როცა მასწავლებელი გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეთა ბარათებს შეაგროვებს, გადახედვის პროცესში დაახარისხებს მათ ორ ჯგუფად. ერთ მხარეს გადადებს სწორ პასუხებს, ხოლო მეორე მხარეს – არასწორი (მცდარ) პასუხებს, შემდეგ სწრაფად გადაავლებს თვალი “არასწორ” ბარათებს, შეარჩევს ერთ-ერთ ბარათს და განიხილავს მას კლასში. განხილვა იწყება ბარათის შინაარსის პოზიტიური მხარის აღნიშვნით. ამის შემდეგ მასწავლებელი გადადის შეცდომაზე, საუბრობს შეცდომის მიზეზებსა და შესწორების გზებზე. ეს აქტივობა კარგია იმისათვის, რათა: დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებს ხელი შეეწყოთ მცდარი წარმოდგენების შესწორებასა და გააქტიურებაში; საკითხის სწავლების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდეს ისეთ საკვანძო შეცდომებზე, რომლებსაც ხშირად უშვებენ ხოლმე.
მიბრუნდი და ისაუბრე: გაკვეთილის დაწყებიდან 10-15 წუთში მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მიბრუნდნენ პარტნიორისკენ. მნიშვნელოვანია, რომ წყვილებმა განიხილონ, რა არის ახსნილ მასალაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ინფორმაცია უნდა დაიმახსოვრონ. სასურველია, ჩამოწერონ ძირითადი ცნებები ან დაწერონ ერთი შემაჯამებელი წინადადება, რომელშიც საკვანძო ცნებებს/სიტყვებს გამოიყენებენ.
ფერადი ბარათები: ყველა მოსწავლეს ურიგდება ორი ფერის (წითელი და მწვანე) მცირე ზომის ბარათები. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში აწიონ შესაბამისი ბარათი იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. მწვანე ბარათი ნიშნავს: “მე კარგად ვმუშაობ. პრობლემა არ მაქვს”. წითელი ბარათი ნიშნავს: “მე დავიბენი და არ ვიცი, როგორ გავაგრძელო”.
მასწავლებელს შეუძლია, მივიდეს და ინდივიდუალურად იმუშაოს იმ ბავშვებთან, რომლებმაც წითელი ბარათი ასწიეს. ასევე შესაძლებელია ამ ბავშვების ცალკე შეკრება კლასში და მათთვის მოკლე ხელშემწყობი ინსტრუქტაჟის ჩატარება. შესაძლებელია მწვანე ბარათების კონსულტანტებად “მიმაგრება” წითელ ბარათებზე (ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში).
შეჩერდი და ჩაინიშნე: გაკვეთილის მსვლელობისას ერთხელ მაინც მასწავლებელი შეჩერდება და დასვამს მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სწავლების მიზანს. მოსწავლეები ინდივიდუალურად დაწერენ პასუხს, შემდეგ კი განიხილავენ წყვილებში.
რეზიუმე და შეკითხვები: ბარათებზე პერიოდულად მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ბარათებს და სთხოვს: ბარათის ერთ მხარეს დაწერონ მნიშვნელოვანი, მთავარი აზრი, რაც გაიგეს მოცემული საკითხის, თემის შესახებ; ბარათის მეორე მხარეს დაწერონ შეკითხვა ან წინადადება იმის შესახებ, რაც ბოლომდე ნათელი არ არის.
ა-ბ-გ რეზიუმე: კლასის თითოეულ მოსწავლეს ეძლევა ესა თუ ის ასო-ბგერა. მოსწავლეები შეარჩევენ სიტყვებს, რომლებიც შესწავლილ თემასთანაა დაკავშირებული და ამ ასოთი იწყება. შესაძლებელია თითო მნიშვნელოვანი სიტყვის არჩევა და ამ სიტყვაზე ვიზუალური სქემის შევსება.
დებრიფინგი ეს არის რეფლექსია, რომელიც უშუალოდ მოსდევს აქტივობას. როგორც წესი, დებრიფინგის ფასილიტატორი/წამყვანი სვამს ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა: რა იგრძენით აქტივობის მსვლელობის დროს? რას გრძნობთ ახლა? როგორ ფიქრობთ, რატომ? რას ფიქრობთ აქტივობის შესახებ? რით იყო ეს აქტივობა სასარგებლო პირადად თქვენთვის? ჯგუფისთვის? სად, როდის და როგორ შეიძლება ამ აქტივობის შედეგების გამოყენება? რა დასკვნებს გამოიტანდით, რა ისწავლეთ?
მოსწავლის პორტფოლიო: მასწავლებელი პერიოდულად გადახედავს მოსწავლის პორტფოლიოს და მასში ასახულ პროგრესს. პორტფოლიო მნიშვნელოვანი ნამუშევრების კრებულია. სასურველია ამ ნამუშევრებს საგანგებოდ შერჩევა, დათარიღება და დახარისხება იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით გვიჩვენებს მოსწავლის მიღწევებს (კითხვა, წერა, ზეპირმეტყველება და ა. შ.); პორტფოლიო ასევე შეიცავს მოსწავლის პიროვნულ რეფლექსიას, რომელშიც ის აღწერს, თუ რატომ შეარჩია ნამუშევარი და რომელი კონკრეტული უნარების ათვისებაში წინსვლას ასახავს იგი.
დღიურის ჩანაწერი: მოსწავლეები საკუთარ რვეულში/წიგნაკში ჩაწერენ იმას, თუ როგორ გაიაზრეს საკითხი, ცნება, ინფორმაცია. მასწავლებელი გადახედავს და გადაამოწმებს, რამდენად კარგად აითვისა მოსწავლემ გაკვეთილის მასალა.
პასუხები ქოროში: მასწავლებლის მინიშნებაზე ყველა მოსწავლე ერთდროულად, ხმამაღლა პასუხობს დასმულ შეკითხვას.
ერთწინადადებიანი შეჯამება: მოსწავლეები წერენ შემაჯამებელ წინადადებას, რომელიც პასუხობს თემასთან დაკავშირებულ შეკითხვებს: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? როგორ?
ერთსიტყვიანი შეჯამება (რეზიუმე): მოსწავლეები მოიფიქრებენ ერთ სიტყვას, რომელიც ყველაზე უკეთ შეაჯამებს თემას/საკითხს.
ოთხი კუთხე: მასწავლებელი კლასში წარადგენს კონკრეტულ თეზისს (მოსაზრებას). მოსწავლეები ირჩევენ პოზიციას და დგებიან საკლასო ოთახის ერთ-ერთ კუთხეში. პირველი კუთხე: სრულიად ვეთანხმები; მეორე კუთხე: უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები; მესამე კუთხე: უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები; მეოთხე კუთხე: კატეგორიულად არ ვეთანხმები. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები კუთხეებში გადანაწილდებიან, მათ ეძლევათ საშუალება, შეაჯერონ საკუთარი მოსაზრებები და ამის შემდეგ გაუზიარონ ისინი კლასს.
შავი ლაქა: ეს არის “ერთწუთიანი მოხსენება” შეკითხვაზე: “რა იყო დღევანდელი გაკვეთილის შავი ლაქა?” როგორც წესი, აქტივობა ტარდება გაკვეთილის ბოლოს, მასალის ახსნის ან მასწავლებლის მინილექციის დასრულებისას. შესაძლებელია, მასწავლებელმა ასეც დასვას შეკითხვა: “რა დაგვრჩა გაურკვეველი _______ საკითხში?” შესაძლებელია, რომ საუბარი ერთ წუთზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
სწრაფი წერა: სტრატეგიის მიხედვით მოსწავლეებს ეძლევათ 2-5 წუთი მასწავლებლის მიერ დასმულ ღია შეკითხვაზე ან მინიშნებაზე წერილობითი პასუხის გასაცემად წაკითხვამდე, წაკითხვის დროს და/ან წაკითხვის შემდეგ.
მართული პარაფრაზი: მოსწავლეები საკუთარი სიტყვებით აჯამებენ გასული გაკვეთილის ან ადრე შესწავლილი მასალის მთავარ აზრს.
დებატი: მოსაზრების/თეზისის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები იკავებენ იმ მხარეს, რომელსაც ეთანხმებიან მოცემული თეზისის შესახებ. ორი მხარე ერთმანეთს უზიარებს თავის არგუმენტებს. საუბრის შემდეგ მოსწავლეებს უფლება ეძლევათ, შეიცვალონ მხარე.
სიტყვების დახარისხება: მოსწავლეებს ეძლევათ სიტყვების/ცნებების ნაკრები. მათ უნდა დაახარისხონ/ დააჯგუფონ სიტყვები წინასწარ მიცემული ან მათ მიერ მოფიქრებული კატეგორიების მიხედვით.
პასუხები წრეში: მოსწავლეები (მთელი კლასი ან ჯგუფი) სხდებიან წრეზე. მასწავლებელი წარუდგენს მათ კონკრეტულ შეკითხვას ან დასამუშავებელ საკითხს. ყველა მოსწავლე წერს პასუხს ბარათზე/ფურცელზე. მასწავლებლის სიგნალზე ყველა გადააწვდის თავის ბარათს მარჯვნივ მჯდომ მოსწავლეს. ყველა მოსწავლე აგრძელებს წერას მარცხნივ მჯდომი მოსწავლისგან მიღებულ ბარათზე. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველას თავისი ბარათი არ დაუბრუნდება. მოსწავლეები ეცნობიან ბარათზე დაწერილ ინფორმაციას, რასაც მოსდევს შემაჯამებელი დისკუსია.
სოკრატული სემინარი: მოსწავლეები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს მნიშვნელოვანი საკითხის, თემის ან შერჩეული ტექსტის შესახებ. შეკითხვებს მოსდევს დასმულ შეკითხვებზე პასუხი და ახალი შეკითხვები.
გამოძახება ნომრებით: მოსწავლეები იყოფიან ოთხკაციან ჯგუფებად. თითოეულ მათგანს ენიჭება გარკვეული ნომერი (ერთიდან ოთხამდე). მასწავლებელი სვამს შეკითხვას/პრობლემას, რომელზედაც ჯგუფის ოთხივე წევრი ერთობლივად მსჯელობს. გარკვეული დროის შემდეგ მასწავლებელი ასახელებს ნომერს. სწორედ ამ ნომრის მქონე მოსწავლეები იღებენ პასუხისმგებლობას ჯგუფში განხილული ინფორმაციის მთელი კლასისთვის გაზიარებაზე.
გასეირნება გალერეაში: მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დიდფორმატიან ქაღალდზე გადაიტანენ თავიანთ პასუხებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს, ნამუშევრები კლასში გაიკვრება. შესაძლებელია, რომ თითოეულმა ჯგუფმა დანიშნოს “გიდი”, რომელიც ნამუშევართან ახლოს დადგება. მოსწავლეთა ჯგუფები გადაადგილდებიან კლასში, ათვალიერებენ სხვა ჯგუფების ნამუშევრებს და კითხვებს უსვამენ “გიდს”. შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ ჯგუფებში ნამუშევრების განსახილველად და თავიანთ “გიდებსაც” აცნობენ სხვა ჯგუფებისგან მიღებულ ინფორმაციას.
ერთი შეკითხვა და ერთი კომენტარი: მოსწავლეებს წასაკითხად ეძლევათ ტექსტი (ან ერთი ნაწყვეტი). ტექსტის შინაარსის მიხედვით მათ უნდა მოიფიქრონ ერთი შეკითხვა და ერთი კომენტარი. მოსწავლები მორიგეობით უზიარებენ კლასს (ან ჯგუფს) მოფიქრებულ შეკითხვასა და კომენტარს, რასაც აქტიური დისკუსია მოსდევს. დისკუსიის მსვლელობისას მომდევნო მოსწავლეს შეუძლია ჯერ უპასუხოს წინა მოსწავლის მიერ დასმულ შეკითხვას ან გამოეხმაუროს კომენტარს, შემდეგ კი თავისი შეკითხვა და კომენტარი წარმოთქვას. აქტიურ ფაზაში შესვლისას მოსწავლეებს შორის სიღრმისეული დიალოგი იმართება და ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება, წაკითხულ ტექსტს ახლებურად შეხედოს.
რუბრიკა: ეს არის შეფასების სქემა, რომელიც მოიცავს შეფასების კრიტერიუმებსა და შეფასების შკალას. სხვადასხვა უნარის შესაფასებელი რუბრიკების ხილვა შესაძლებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: ჰტტპ://ტპდც.გე/ესსენტიალს/რუბრიცს
ასევე იხილეთ:
სასწავლო მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება