GE

400, 500 ან 1000 ლარი – საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დაწესდება

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას შექმნის. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი 27 სექტემბერს დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძის განცხადებით, საჯარო დაწესებულებების ყოველდღიურ საქმიანობაში აღსანიშნავია სტაჟიორთა როლი და ამიტომ, მათი შრომის ანაზღაურების შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება მნიშვნელოვანია.

ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

„საუბარია დაახლოებით, 400-500 ლარზე, თუმცა დათქმა გვაქვს დეფიციტურ პროფესიებთან მიმართებით, რომ თუ უწყებას ამის საშუალება აქვს, უფრო მაღალი კოეფიციენტით განსაზღვროს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, დაახლოებით 1000 ლარზეა საუბარი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სტაჟირების პროგრამას საჯარო დაწესებულებებში აქტიურად გადიან სტუდენტებიც. სახელმწიფო სტაჟირების პროგრამით ყოველწლიურად არაერთი წარჩინებული სტუდენტი სარგებლობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური