GE

„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე

გიმნაზისტკების ქალაქში, უძველეს ევროპულ ქუთაისში, სასკოლო ფორმაზე საუბარი ბავშვობაში ემოციურ მოგზაურობას ჰგავს, იქ სადაც ქათქათა წინსაფრები, მუქი კაბები, ბალიშების ქვეშ ჩალაგებული ყელსახვევები და სასექტემბრო სამზადისში გათენებული ღამეები ჯერ კიდევ ახსოვთ ადამიანებს. EDU.ARIS.GE–მ ამ მოგონებების კარი ქუთაისში, სწორედ იმ ადამიანებთან ერთად შეაღო, ვინც წლების შემდეგაც კი დიდი ემოციებით იხსენებენ სკოლის ფორმასა და ამ ფორმაში გატარებულ წლებს.

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

ცნობილი ქუთაისელების ემოციებით სავსე ისტორიები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ, სასკოლო ფორმა მხოლოდ ტანსაცმელი არასდროს ყოფილა. ის იყო ერთიანობის, თანასწორობის და პასუხისმგებლობის შეგრძნება, ზოგჯერ კი ის პროტესტის გამოხატვის ფორმადაც კი იქცეოდა. ზოგი დღესაც გრძნობს იმ ბავშვური სიამაყის ნაპერწკალს, როცა საუცხოოდ დაუთოებულ თეთრ საყელოს იკეთებდა, ზოგი კი გულწრფელად აღიარებს რომ, ფორმა ხშირად სოციალურ უთანასწორობას აქრობდა, თუმცა, მიუხედავად ამისა მაინც არსებობდა სხვაობა, მაგალითად „მოსკოვის შეკერვა“ და „თბილისური შეკერვა“, ძვირადღირებული ,,პენლები”, ჩანთები და სხვა აქსესუარები, რომლებიც გარკვეულ სოციალურ ნიშას მაინც ქმნიდა.

რესპონდეტები აღნიშნავენ რომ, ფორმა არ არის საბჭოთა გადმონაშთი, პირიქით, ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტრადიციადაა ქცეული. უმრავლესობა ეთანხმება, რომ ფორმა მოსწავლეებს უკეთ აჩენს, ახშობს „ბრენდებით“ შეჯიბრებასა და ამცირებს ოჯახების ფინანსურ წნეხს.
EDU.ARIS.GE საუბარს იწყებს იმ ადამიანების ხმით, რომლებმაც სკოლა სამუდამოდ გულში შეინახეს.

საჯარო სკოლებში ფორმების შემოღება იგეგმება – როგორია მოქალაქეების განწყობა და ხედვა თბილისში

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი მარიკა სამანიშვილი სასკოლო ფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გვესაუბრება და გვიყვება ისტორიას წარსული მეხსიერებიდან, თუ როგორი იყო დარბაზი, როდესაც ფარდა გაიხსნებოდა და იქ ფორმიანი მოსწავლე გოგო-ბიჭები ისხდნენ.

„სკოლებში ფორმები გვეცვა და ვიკერავდით ულამაზეს წინსაფრებს. ყველა რომ ნათხოვრობდა ისეთი ლამაზი წინსაფარი მქონდა, ყველა ფოტოს იღებდა. მეც რაღაც განსაკუთრებული დღე მქონდა და დილით გაუთავების დროს არ დავწვი? ისე განვიცადე, ვიტირე, მაგრამ ვერაფრით შევცვლიდი ის ისეთი ნაჭერი იყო. დღეს შეიძლება ყელსახვევი სასაცილოა, მაგრამ იმ ყელსახვევსაც ჩვენ ღამით გავაუთოვებდით, შევდებდით ბალიშის ქვეშ ან თუ შუქი არ იყო ლეიბის ქვეშ, რაღაც სხვანაირი განწყობა იყო რომ მივდიოდი სკოლაში. არ იყავი ჩვეულებრივი, იყავი მოსწავლე. ეს ვალდებულებაც იყო, სილამაზეც და წესიერებაც იყო ამაში. მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმები ეცვათ ბიჭებს, გოგოებს გვეცვა ყავისფერი კაბები, შავი წინსაფრებით. აი ეს დარჩა ჩემს მეხსიერებაში და ისე მიყვარს დღეს, როდესაც დავხედავ ფოტოებს. გაზაფხულზე და პირველ სექტემბერს, როდესაც სკოლაში მივდიოდით, აუცილებლად თეთრი პერანგები და ქვედა ბოლოები ან შავი, ან ლურჯი ან ყავისფერი გვეცვა, ფერადი და ჭრელი არა. ესეც ძალიან ლამაზი იყო. როდესაც ვარჩევდით ამ თეთრ პერანგებს, რაღაც სხვანაირი სიხარული იყო.

თუკი შენ სკოლაში და სხვაგან ერთნაირად გაცვია, მაშინ რა განსხვავებაა. მე ვფიქრობ, ეს წეს-ჩვეულებად უნდა იქცეს, რომ სკოლაში მოსწავლე დადიოდეს ფორმით და მას ეტყობოდეს რომ, ის მოსწავლეა და სკოლაში მიდის.

ჩემი უფროსი თაობა მსახიობების მიყვებოდნენ, სცენაზე რომ ვიდექითო, ფარდა რომ გაიხსნებოდაო დარბაზში გიმნაზისტკებს ეცვათ თეთრი წინსაფრები, თავისი მოსასხამებით და ბანტებით, გადათეთრებული იყო მთელი დარბაზი, პარტერი, ბელეტაჟი, ბენუარი, იარუსები – ეს იყო ულამაზესი დასანახიო. რამდენიმე ფილმში არის შემორჩენილი ეს კადრები.

როდესაც მე სკოლაში მივედი, 65 წლიდან, ეს თეთრი წინასფრები ასეთი სავალდებულო აღარ იყო. როდესაც დავამთავრეთ სკოლა, ბოლო ზარისთვის შევიკერეთ თეთრი წინსაფრები, რომ ზედ წარწერები გაგვეკეთბიდა და ის წინსაფარი დღესაც შენახული მაქვს, ძალიან ძვირფასია ჩემთვის“, – ამბობს მარიკა სამანიშვილი.

ცნობილი ქუთაისელი ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი გვიყვება, თუ რატომ იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფორმა და იმ დღეს იხსენებს, როდესაც ბავშვებმა თანაკლასელის გარდაცვლილი დედის პატივის მისაგებად წითელი ყელსახვევები მოიხსნეს. ჟურნალისტი იმ პერიოდზეც გვიამბობს, როდესაც სკოლაში ე.წ. „პერელეინკების“ ტარებაც მათთვის სავალდებულო გახდა.

„ჩემი „საბჭოთა“ ბავშვობიდან სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არაერთი ხალისიანი მოგონება შემომრჩა.

შუა კლასებში სასკოლო ფორმის განუყრელი ატრიბუტი იყო წითელი ყელსახვევი, რომლის სამი ბოლო და ნასკვი, როგორც პიონერხელმძღვანელი გვიხსნიდა, თურმე იმიტომ გახლდათ განსაკუთრებული პატივისცემის ღირსი, რომ სიმბოლურად გამოხატავდა სამი თაობის – კომუნისტების, კომკავშირელებისა და პიონერების მჭიდრო კავშირს. მხოლოდ ფიზკულტურის გაკვეთილზე თუ გვაძლევდნენ (45 წუთით!) მისი მოხსნის უფლებას, სხვა დროს სულ უნდა გვეტარებინა. ლამაზი კი იყო, მაგრამ საშინლად მობეზრებული გვქონდა. თან ზედმეტი შრომა გვიწევდა: ხშირი რეცხვა, გაუთოება, მოვლა -გაფრთხილება… ბავშვების უმეტესობა გატკიცინებული ყელსახვევებით დადიოდა, ზოგს კი ბოლოების (განსაკუთრებით- „კომკავშირად“ ნაგულისხმევი, უფრო ფართო ბოლოს) კვნეტა უყვარდა და კი დადიოდა „დაჩრჩილული“ ყელსახვევით (ერთხელ მეც გავსინჯე და აღმოვაჩინე, რომ, თურმე, აბრეშუმის ყელსახვევი უფრო გემრიელად იკვნიტებოდა, ვიდრე – სატინის).

მეშვიდე კლასში ჩვენს ერთ თანაკლასელს დედა გარდაეცვალა. სოლიდარობის ნიშნად ყველამ მოვიხსენით ყელსახვევი და, როცა გააფთრებულმა დამრიგებელმა გვიკივლა, რატომ ხართ ერთიანად ჩაშავებული, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო, მე თავაზიანად წამოვდექი (რაზმის საბჭოს თავმჯდომარე გახლდით) და მოვახსენე: მასწავლებელო, ავთო ჭოლაძეს დედა მოუკვდა და ჩვენ, მის საპატივცემულოდ და გლოვის ნიშნად, წითელი ფერის ნაჭრები აღარ გავიკეთეთ -მეთქი. წითელი ფერის ნაჭრებიო?!. იქ ამბავი ატყდაა! სულ „ტუტუცები“და „გაუნათლებლები“ გვიძახა, დირექტორთან შეთრევით დაგვემუქრა. მაინც კეთილი ქალი იყო და ბოლომდე აღარ გაგვიმეტა, დაყვავებით გვითხრა: თქვენი თანაკლასელის დედის პატივისცემა თუ გინდათ, სწორედაც რომ წითელი ყელსახვევებით აზიმზიმებული უნდა იყოთ და პანაშვიდზეც ისე მიხვიდეთო. რას ვიზამდით კანონმორჩილი პატარა ბავშვები, უხმოდ გამოვიტანეთ („ასაზიმზიმებლად“) მერხის უჯრაში შეჩურთული თუ ჩანთაში ჩაკეცილი ჩვენი ყელსახვევები.

მეათე კლასში კი ფორმასთან დაკავშირებით სკოლამ სრულიად უცნაური „რეფორმატული“ წესი შემოიღო: კლასის ხელმძღვანელმა გოგონები ცალკე შეგვკრიბა და გამოგვიცხადა: კი, კარგია, ყავისფერი, თეთრსაყელოიანი და მანჟეტებიანი კაბებით რომ დადიხართ, ილიჩის გამოსახულებიანი კომკავშირის ნიშანიც წესიერად გიკეთიათ, მაგრამ ჩვენმა პატივცემულმა ახალმა დირექტორმა ბრძანა, ამიერიდან „პერელეინკებიც“ უნდა ატაროთო.

ჩვენ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს სიტყვა. დამრიგებელმა აგვიხსნა: „პერელეინკა“ არის მრგვალად მოჭრილი, კაბაზე მოსაფარი, მოკლე, თეთრი მოსასხამი, რომელიც ნიდაყვამდე და მკერდს ქვემოთ არის ჩამოშვებულიო. შეწუხებულებმა კიდევ მეტი დაკონკრეტება რომ მოვითხოვეთ და იმაში გარკვევა, რას უწუნებდა ახალი დირექტორი ჩვენს კოხტა ფორმებს, ასეთი პასუხი მივიღეთ: პატივცემულის აზრით, უკვე წამოჩიტულმა გოგონებმა მკერდი უნდა დამალონ და გვერდით მსხდომი ბიჭები უხერხულ (ალბათ – საცდუნებელ) სიტუაციაში არ უნდა ჩააყენონო.

ჰოდა, ასეთი „მონაზვნური“ გახდა ჩვენი სასკოლო ფორმა უახლოესი დღეებიდან სკოლის დამთავრებამდე.

„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე

საერთოდ, სასკოლო ფორმის ტარება სულაც არ არის ბავშვისათვის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა. მთავარია, ის კომფორტული იყოს და, შეძლებისდაგვარად, თანამედროვე მოდის ტენდენციებსაც ითვალისწინებდეს. არ ვარ მომხრე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი ფორმა იყოს სავალდებულოდ სატარებელი. ვფიქრობ, თითოეულ სკოლას საკუთარი ფერის (შინდისფერი, ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, შავი…), საკუთარი სტილით და გემოვნებით შეკერილი ფორმა უნდა ჰქონდეს. ბავშვისთვის ფორმა უნდა იყოს „სკოლის ბრენდი“, საამაყო, პატრიოტული გრძნობის აღმძვრელი. ფერების მიხედვით, შორიდანვე უნდა ირჩეოდეს, 22-ე სკოლის მოსწავლე მოდის, მე-7 თუ მე -3 სკოლის. ფორმის შემოღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემასაც გადაჭრის: სკოლებში სოციალური უთანასწორობის სურათი საგრძნობლად წაიშლება, ხელმოკლე ოჯახებს აღარ მოუწევთ თანატოლებისაგან „დაბულინგებული“ მათი ბავშვების ტანსაცმლისა და მობილურების გამო ვალების აღება.

ფორმის ტარება რომ შეურაცხმყოფელი იყოს, საზღვარგარეთის ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებში რატომ იქნებოდა დღემდე შემოღებული?” – ამბობს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

ყველასთვის ცნობილი ქუთაისელი დათო ლიკლიკაძე იხსენებს, როგორი იყო სკოლა 80-იან წლებში და ამბობს, რომ ფორმა სოციალური უთანასწორობის დამალვის საშუალება და ერთგვარი თანასწორობის სიმბოლო იყო, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ კლასში მაინც შეიძლებოდა განსხვავება, ვის ოჯახს უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა. ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს რომ, სასკოლის ფორმა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაშია და ეს არ არის საბჭოთა გადმონაშთი.

„ძალიან კარგად მახსოვს როცა მოსწავლე ვიყავი და ყველას გვეცვა ფორმა, მაგრამ რომ გითხრათ ახლა, გადარეული ვიყავით სიხარულისგან რომ ყველას ფორმები გვეცვა, მოგატყუებთ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ალბათ, უფრო სამართლიანია, ყველას ერთნაირი ფორმა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ყოველთვის მიდიოდა შეჯიბრი, აი მაშინაც კი ე.წ. მოსკოვის ფორმა ეცვა ვიღაცას, მე მაგალითად თბილისის მეცვა, თბილისის შეკერილი. ამითაც თითქოს ხაზი ჰქონდა გასმული ვიღაცის სოციალურ მდგომარეობას, რომ დავუშვათ კარგად ცხოვრობდა, ვიღაცა შეიძლება ისე ვერა. ასე რომ, მაშინაც კი არსებობდა ამის ზღვარი.

როცა მე საბჭოთა პერიოდის სკოლაში ვსწავლობდი, გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაშინდელი გადმოსახედინ მარტივი იყო ჩემი მშობლებისთვის, თუმცა ფორმის ასე დაწესება რამდენადაა ეს თანხვედრაში თავისუფლებასთან, არ ვიცი. ჩემი შვილი მეორე კლასშია და უკვე მეუბნება, ეს დღეს ხომ მეცვა. ასე რომ ბავშვებს უკვე აქვთ სტილის შეგრძნება, მაგრამ უკვე ზედა კლასებში, ალბათ, არ უნდა იყოს, მაინც თავისუფლად უნდა იცვამდეს მოზარდი, რაც სურს იმას უნდა იცვამდეს. ამ ჩაცმაში ყალიბდება ადამიანის გემოვნება, სტილი, ბუნება და ხასიათი.

მაგრამ დაწყებითებისთვის, პირველიდან მეექვსე კლასამდე, მე მაგალითად ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ და პირიქით, სოციალური თანასწორობისათვის აუცილებელიცაა. ძალიან რთულია დღეს მშობელმა ყოველ თვეში ან ყოველ კვირაში რაღაც ახალი უყიდოს ბავშვს, არა და ამის მოთხოვნა და კონკურენცია აშკარად არის. მე მაგალითად ისეთი ბავშვი ვიყავი, არაფერს ვითხოვდი სკოლაში, მაგრამ ღმერთმა იცის გულში რას ვიხვევდი ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ვიცოდი ჩემს ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა და მეც არ მქონდა მაღალი მოთხოვნები და პრეტენზიები. ვიღაცა ამის გამო იჩაგრებოდა. ზოგიერთი ბულინგის მსხვეპლიც ხდებოდა, – რა არის ერთი და იგივე გაცვია, აღარ დაგეხა? გადააგდე – სულ იყო ეს მომენტი სკოლაში. ჩემზე მაგალითად არ ჭრიდა, სხვანაირი ბავშვი ვიყავი, უფრო მარტივად ვუმკლავდებოდი ამ პრობლემებს, მაგრამ ვიღაცას რომ ეტყოდნენ: – ვაი მე, რა უბედურებაა, იმედია ხვალაც ეს არ გეცმებაო, ის აღარ იცვამდა, მერე მისი პატრონი წელებზე ფეხს იდგამდა, რომ მისთვის ახალი ეყიდა. ეს ფორმა რომ იქნება, რაღაცნაირად გაათანაბრებს ამ ყველაფერს, ასე მგონია.

ჩვენ პერიოდში ყველას გვეცვა ფორმა და არავინ მარიაჟობდა ბრენდებით, მაგრამ მაინც იყო ეს მომენტი, იმიტომ რომ ვიღაცას პენალი ჰქონდა ნაყიდი ებრაელებში, დახლქვეშ, ვიღაცას რაღაცა ჩანთა ჰქონდა ჩეკებზე ნაყიდი, ვიღაცას უცხოეთიდან გამოუგზავნეს, ვიღაცას გემზე უყიდეს, რაღაც „გატავანიე“ ერქვა, სხვანაირი სახაზავი და ფანქარი. ფორმაც კი, ერთიდაიგივე იყო, მაგრამ იყო მოსკოვის შეკერვა და თბილისის შეკერვა. მოსკოვის შეკერვა მე არ მქონია და ვისაც ჰქონდა, უფრო ისეთი იყო, ანუ ამ ფრომაშიც კი ვიჩაგრებოდით.

ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ რომ, ფორმა საბჭოთა გადმონაშთია და რაღაცა საბჭოთა მემკვიდრეობა. ფორმები აცვიათ და ეცვათ ინგლისში, ამერიკაში პორტუგალიაშიც და გერმანიაშიც. ყველგანაა ეს, ჩინეთშიც, იაპონიაშიც და ეს არ უნდა იყოს გაგებული როგორც რაღაცა საბჭოთა გადმონაშთი“, – ამბობს დათო ლიკლიკაძე.

იუმორით გამორჩეული ქუთაისელი თამუნა ჯანელიძე 90-იანების სკოლაზე გვიყვება, პერიოდზე, როდესაც ფორმად თეთრი ზედა და შავი ქვედაბოლო ითვლებოდა. თამუნა იმ დროს იხსენებს, როდესაც ქვეყანას ცუდი დღეები დაუდგა და არა თუ ფორმა, არამედ ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, ის ეცვა.

„მე 90-იანების ბავშვი ვარ, დღესაც მახსოვს პირველ კლასში რომ წავედი, რა მეცვა, როგორი ბაფთა მეკეთა და ხელში რა ჩანთა მეჭირა, ძლივს მივათრევდი. ისიც მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით ვარჩევდი თეთრ ფუშფუშა ზედას და გიპიურის ქვედაბოლოს, ყოველ წელს იგივე განცდით ვხვდებოდი სკოლის დაწყებას, თუმცა სწავლა დიდად არ მიყვარდა. თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო. ეს იყო სკოლის ფორმა, მშვენიერი შეხამებაა, ელეგანტური, დახვეწილი, მდიდრულიც კი, რადგან ბავშვები ყოველ წელს იზრდებიან.

აგვისტოდან ვიწყებდი სამზადისს სასექტემბროდ, მერე რა, რომ მხოლოდ თეთრი და შავის კომბინაცია იყო დასაშვები, მაინც მოხდენილად მეცვა, მომწონდა და დღემდე მომწონს სკოლის ფორმა. მერე ცუდი დრო დადგა, უშუქობა, უფულობა, უკვე რისი საშუალებაც მქონდა იმას ვიცვამდი, ჩვენს კლასში იყვნენ მოსწავლეები, ვინც მასწავლებელზე უკეთესად (ძვირიან ტანისამოსს ვგულისხმობ) იცვამდა, ეს, ჩემი აზრით, არ იყო ლამაზი, მაგრამ იმ წლებში ბევრი უფრო ულამაზო რამ არსებობდა. ერთ წელს დედამ რიგიდან ფეხსაცმელები ჩამომიტანა, თეთრი, ლაკის, აღმოჩნდა, რომ ორივე მარჯვენა იყო, მე მაინც წავედი სკოლაში. იმ წელს შემოსული იყო ბრაზილიური სიმღერა ლამბადა, ისე დავაბიჯებდი გეგონებოდათ ლამბადას ცეკვავსო. ვემხრობი ამ ინიციატივას, რომ სკოლაში იყოს ფორმა, მაგრამ ეს არ უნდა გადაიქცეს ფულის შოვნის და ვიღაც მკერავის გამდიდრების წყაროდ“, – გვეუბნება თამუნა ჯანელიძე.

ცნობილი ქუთაისელი ფილოლოგი ნუნუ ქათამაძე წლების განმავლობაში სკოლის დირექტორი იყო. ის ჩვენთან საუბარში თავის მოსწავლეობისა და მასწავლებლობის წლებს იხსენებს. პედაგოგი ხაზს უსვამს, რომ ფორმა არ არის მხოლოდ წესის დაცვა, ეს არის სტილი, კულტურა და საზოგადოების პატივისცემა. ნუნუ ქათამაძე იხსენებს როგორ იქცა მათ კლასში, წითელი ყელსახვევი პროტესტის ფორმად და გვიყვება, თავად როგორ შეცვალა მოსწავლის ჩაცმის სტილი.

„გემოვნება არის ზომიერების შეგრძნება. ეს არის გარკვეული ნიჭი. მივესალმები ფორმიანობას პირველ-მეექვსე კლასში. ასე ყოფილა სახელმწიფო გადაწყვეტილება, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ზემოთ კლასებშიც იყოს რაღაც სტანდარტი და არ იყოს ეს – მაპატიეთ, „დეკოლტე“, ეს შიშველი წელი. აგერ ვაჟები სხედან გაკვეთილზე. ახლა ჩვენ მასწავლებლები ვართ და ფსიქოლოგიის კურსიც გავიარეთ და ცოდვები არიან ვაჟები, ამაზედაც უნდა იმუშაონ. მერე კიდე, ეჯიბრებიან ერთმანეთს ამ „ფირმებთან“ ურთიერთობაში. ხშირად მასწავლებლის გარდერობიც თვალშისაცემია. ახლა მასწავლებელი ისე ვერ შევა გაკვეთილზე, ელასტიური რაღაცით, იმასაც თავისი ფორმა აქვს. დრომ ხომ მოიტანა თავისი ელეგანტურობის მოთხოვნილება.

მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ხშირად ვყვები ამას. გოგონა მეექვსე კლასში დადის დეკოლტეთი. ტაქტიანად მივმართე დასვენებაზე: მასე ნუ მოდიხარ, ვაჟები ცოდვები არიან, იქ სხვა ჰორმონალური ცვლილებებია, ცოტა დაგვიანებით, თქვენთან უფრო ადრე ხდება ეს გოგონებში-მეთქი, არაფერი გაიგონა. მერე კიდევ გაკვეთილზე ხომ არ ვეტყოდი? ძალიან ტაქტიანად ვცდილობდი. ვერაფერი გავაწყვე. შევედი გაკვეთილზე და ისევ ისეა, დეკოლტეთი და მე არ ვიცი ახლა, მე რომ მოვიქეცი – თუ ლექსმა უშველა – სხვას ველაპარაკები:

„აქეთ მოსჩანს ჩემი ეზო,
შენი ეზო იქეთ ძევს,
გოგოვ-გოგოვ თუ ხარ ჩემი მეზობელი,
შეიბნიე საკინძე,
დე, თვალებში ჩამეყაროს მე ნაცარი,
თუკი გულში ავი ძევს…
მაგრამ მაინც, რომ ჩაივლი, გენაცვალე,

შეიბნიე საკინძე!” – და უცებ დავინახე, ზედა მოიწია და მერე აღარ დამინახავს ისე დეკოლტეთი მოსული. მე ახლა ზურაბ კუხიანიძის ორი სტროფი მოვიშველიე, უბრალოდ არ ვიცი ამან გამოიწვია თუ ლექსად ნათქვამმა.

ჩემი მოსწავლეობის დროს, ზამთარში დრაპირებული ფორმა რომ გვეცვა, უთოს რომ არ გაეფუჭებინა ქვეშაგების შესანახზე გავაფენდი სკოლიდან რომ მოვიდოდი, ბალიშებს დავაწყობდი, რომ დილას მოწესრიგებული ყოფილიყო. ეს ახლა სასაცილოა, ღიმილისმომგვრელია, მაგრამ ასე ვაკეთებდით ჩემი მოსწავლეობის დროს. საფიჩხიაზე ვსწავლობდი მეხუთე სკოლაში. ახლა აღვნიშნეთ სკოლის დამთავრების 60 წელი, 13 დავრჩით და აი, უბნის სკოლის მოტკბო გემო დღემდე მოგვყვება. ყველა ერთად ვიყავით. გვყავდა ვაჟები, ახლა აღარ არიან, ყელსახვევის პრობლემა ჰქონდათ. გამოუშვებდნენ მშობლები გაქათქათებული, გაუთოებული ყელსახვევებით და მოვიდოდნენ თუ არა სკოლაში გაუაზრებელი პროტესტის ფორმით მოიხსნიდნენ და ჯიბეში ჩაიდებდნენ, ამით ხელმძღვანელობას, მაშინდელს, ცოტა ზიანს აყენებდნენ. ამტკიცებდნენ ამით ეროვნულობას, გაუაზრებლად, არც იცოდნენ ეს რა იყო მაშინ. ჩვენ საქართველოს ისტორიას არ ვსწავლობდით. მე გეუბნებით, 65 წელში რომ დავამთავრე სკოლა და ეროვნული თვითშეგნება არ იყო მაშინ ამ დონეზე გაღვივებული, მაგრამ ეს პროტესტის გრძნობა მაინც ჰქონდათ და ჩვენ გოგოები ცოტა ისე ვიყავით ხოლმე, რომ რატომ შვებიან ასე?

ძირითადად ფორმები გვეცვა და ძალიან ვუფრთხილდებოდით, ახლა ფოტოსურათები შემოგვრჩა ძველი.

მეოთხე სკოლაში სასწავლო ნაწილი გახლდით, სულ ყოველთვის აკადემიურად მოდიოდნენ ბავშვები. ახლა შეიძლება ყავისფერი შალი არ ყოფილიყო, მაგრამ რომ შეხედავდი, მოსწავლე იყო. 20 წელი სკოლის ხელმძღვანელი ვიყავი და თვალში მოსახვედრი არ ყოფილა „შიშველი“ ბავშვი. არ იყო ფორმები, მაგრამ „შიშველი“ მოსწავლე მე არ მახსოვს.

ახლანდელი, მოქმედი მასწავლებლები ცოტა შეზღუდულები არიან, ბავშვის უფლებებია წამოწეული წინ. უფლება თუ იცი შენ კარგად სამყოფო, ის მოვალეობა არ იცი?!
კარგი იქნება თუ რაღაც სტანდარტი დამკვიდრდება მაღალ კლასებშიც, იყოს მისი ინიციატივა, ოღონდ ნუ იქნება „შიშველი“, ნუ იქნება ვულგარული და ჰქონდეს მასწავლებელს იმის უფლება, რომ ტაქტიანად მისცეს მოსწავლეს შენიშვნა. კლასში კი არა – ინდივიდუალურად შენიშნოს, რომ „ასე ხომ არ აჯობებს?“.

სტილი დიდი კულტურაა. გარდერობი, ნებისმიერ ასაკში, არის შენი ავტოპორტრეტი. ეს არის შენი განაცხადი. ავტოპორტრეტის შექმნა იმ ასაკშიც შეიძლება, როცა მოსწავლე ხარ. იქიდან იწყება ყველაფერი. უნდა იცოდე ფერის შეხამება, კონტურის დაცვა, სილუეტი შესწავლილი უნდა გქონდეს შენი სხეული. უნდა იცოდე რა როგორ მოიხდინო და არა ის, რით გამოაჯავრო სხვა. კი ბატონო, მშობელმა ბავშვს რაც უნდა ის ჩააცვას სკოლის იქით, მაგრამ სკოლაში ატაროს ისე, როგორც მოსწავლეს შეეფერება“, – ამობს ფილოლოგი ნუნუ ქათამაძე.

ცნობილი ქუთაისელების ისტორიები გვიჩვენებს, რომ სასკოლო ფორმა ბავშვობის წლებთან ერთად სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში, როგორც ცხოვრებისეული წესრიგის, პასუხისმგებლობის სიმბოლო და აქრობს სოციალური უთანასწორობის ნიშნებს.

ასევე იხილეთ:

როგორი (არ) უნდა იყოს მოსწავლის სასკოლო ჩაცმულობა და სტილი? – „ზოგიერთ გოგონას იმხელა ფრჩხილები აქვს, ცარცს ვერ იჭერს ხელში“

„სასკოლო ფორმა და მოსწავლის თავისუფლება – რას ამბობს კანონი?“

„რატომ გეშინიათ, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაღალ კლასში შეიძლება ერთნაირად იცვამდნენ? – რატომ არ მიყვარს/არ მინდა ფორმა“

ესაუბრა თათია ახვლედიანი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური