55-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2023 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
იცით, რომ 2023 ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ერთი აბიტურიენტი 55-ე(!!) ადგილზე არჩეული პროგრამით ჩაირიცხა? ალბათ იმიტომ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მითითებები ზედმიწევნით შეასრულა და პრიორიტეტული პროგრამების სიაში, ყურადღება! – 63 პროგრამა ჩაწერა. საოცარი იღბალია!
აი, რატომ: ყოველ წელს არის აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც არ არის ჩაჭრილი არცერთ საგანში, მაგრამ იმის გამო, რომ მან ან არ აირჩია პროგრამები, ან მხოლოდ რამდენიმე პროგრამა ჩაწერა, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, უნივერსიტეტის მიღმა დარჩა. მეორადი ჩარიცხვები კი მას შემდეგ აღარ არის, რაც აბიტურიენტებს ჩამონათვალის შედგენისას რაოდენობრივი შეზღუდვა მოეხსნათ.
2023 წლის აბიტურიენტების პირველი სამეული კი შერჩეული პროგრამის რაოდენობით ასე გამოიყურება:
პირველ ადგილზეა აბიტურიენტი, რომელმაც პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში 304 პროგრამა ჩაწერა, მეორეზე საპატიო ადგილზე აბიტურიენტი 262 შერჩეული პროგრამით, ხოლო მესამე ადგილზეა აბიტურიენტი, რომელმაც 182 პროგრამა აირჩია. თუ რამდენიმე წლის წინ, ამ დონეზე „საკუთარ თავში დაჯერებული“ აბიტურიენტები საერთოდ უნივერსიტეტის მიღმა რჩებოდნენ, წელს, ამ სამეულიდან უნივერსიტეტში ყველა მათგანი პირველ ადგილზე არჩეულ პროგრამაზე ჩაირიცხა.
უპირობო ლიდერად კი ჯერ ისევ 2017 წლის აბიტურიენტი რჩება, მას 483 „პრიორიტეტული“ პროგრამა ჰქონდა შერჩეული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, 8%-ზე მეტ აბიტურიენტს პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამების სიაში 20 ან მეტი პროგრამა აქვს შერჩეული – აბიტურიენტთა ნაწილისთვის, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩააბარებს.
2023 წელს, სტუდენტი 34 853 აბიტურიენტი გახდა. აქედან 67.16% პირველ ადგილზე, ანუ პირველი პრიორიტეტით შერჩეული პროგრამით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2023 წლის მაჩვენებლები:
1-ელ ადგილზე შერჩეულ პროგრამაზე – 67.16% ჩაირიცხა;
მე-2 ადგილზე – 15.77%;
მე-3 ადგილზე – 6.87%;
მე-4 ადგილზე – 3.43%;
მე-5 ადგილზე – 2.09%;
სხვა ადგილებზე – 4.67%.
უნივერსიტეტები, სადაც კარგად მომზადებული აბიტურიენტები მიდიან (2022)
უმაღლესი განათლების დაფინასების ახალი სისტემის გარეშე დარჩენილ უნივერსიტეტებს, ქრონიკული შიმშილის ფონზე, რაც შეიძლება მეტი სტუდენტების აყვანის გზა რჩებათ. რა სიკეთის მომტანი იქნება გადახდილი ფულის გარდა, უნივერსიტეტისთვის (და ქვეყნისთვის) პრიორიტეტით ოცდამეათე პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი?
ეძებს კი ვინმე სიკეთეს..
კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი 2023 წლის მაჩვენებლებიდან: 1630-მა აბიტურიენტმა პრიორიტეტულ სიაში მხოლოდ ერთი პროგრამა მონიშნა… აქედან 389 სტუდენტი გახდა (მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე 96 ადმიანია ჩარიცხული).
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალზე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკაზე, სხვა უნივერსიტეტებში, ჩვენ მხოლოდ ერთი მინიშნული პროგრამით ჩარიცხულ სტუდენტებს ვხედავთ.
გენიოსები გვყავს შვილები.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება