GE

60 წამში რეკორდული რაოდენობის სწორად გაცემული პასუხები – ვინ არის მე–11 კლასის მოსწავლე

ანასტასია იოსებაძე ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. სწავლობს კარგად და წარჩინებული მოსწავლის მედლის პრეტენდენტიცაა. ფიქრობს მომავალ პროფესიად ინჟინერია ან ფიზიკის მიმართულება აირჩიოს. უყვარს წიგნების კითხვა და წიგნების კითხვა, სწორედ ამიტომაც გახდა EDU.ARIS.GE-ისთვის საინტერესო.

ანასტასიამ რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „წიგნების თარო“. მისმა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გადაინაცვლა. ბლიცი კი გუნდის სახელით ანასტასიამ ითამაშა, მან უკვე არსებული რეკორდი გაიმეორა და 60 წამში 19 ისეთ კითხვას უპასუხა, რომელიც არაერთი მხატვრული ლიტერატურის დეტალურ ცოდნას მოითხოვდა.

ჩვენი სტუმარი მხოლოდ ამით არ გამოირჩეოდა, მან წამყვანს არ დაასმევინა კითხვა, რომელზეც პასუხი იცოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კითხვა მისი გაგზავნილი იყო. კითხვა გონების შეფასების სისტემას – IQ-ს შეეხებოდა.

როგორია ანასტასიას რჩევები თანატოლებისთვის და როგორია მისი „წიგნების თარო“, თავად გვიყვება:

–60 წამში 19 სწორი პასუხი წიგნებიდან, რომელიც ნაწარმოების დეტალურ ცოტნას მოითხოვს. როგორ კითხულობ წიგნს ისე, რომ თითოეული დეტალი გახსოვდეს, რა არის შენი საიდუმლო?

unnamed (5)–შეიძლება წაიკითხო წიგნი, მაგრამ არ დაგამახსოვრდეს პერსონაჟის სახელი ან რაიმე დეტალი. ძალიან კარგი ხერხია, წიგნის წაკითხვის შემდეგ რეცენზიების, ავტორის ბიოგრაფიის წაკითხვა, მეხსიერებაში რომ აღიდგინო და განიმტკიცო. სხვანაირად შეუძლებელია დეტალური ფაქტები ერთი წაკითხვით დაგამახსოვრდეს.

–რა დროს იკავებს შენს ცხოვრებაში კითხვა?

არის ისეთი წიგნი, რომელსაც სწრაფად ვერ წაიკითხავ, რაც არ უნდა მოგწონდეს. განსაკუთრებით ახლა, სკოლის პერიოდში, როცა გამოცდების დროცაა. ყოველთვის მიდევს  ჩანთაში წიგნი. ძალიან ხშირად ვკითხულობ ავტობუსში, თუ გრძელი გზა მაქვს ან დასვენებებზე სკოლაში. ბევრს უკვირს, როგორ კითხულობ წიგნს დასვენებებზე, მაგრამ სხვა დრო არ მაქვს და ძალიან მაკლია, რომ ვერ ვიცლი ხოლმე ხშირად.

–როგორ  უნდა შეარჩიონ შენმა თანატოლებმა წიგნები იმ საჭიროებების მიხედვით, რაც იმ ასაკში აქვთ? შენ რა მეთოდი გაქვს ამისთვის?

–მე ვეკითხები მეგობრებს და სწორედ ეს მიმაჩნია ყველაზე კარგ ხერხად.

–მშობლებს თუ სთხოვ რჩევებს?

მშობლებს უფრო ადრეულ ასაკში ვეკითხებოდი, ახლა ჩემი გემოვნება ჩამომიყალიბდა. ვხვდები ხოლმე, რომ წავიკითხავ რეცენზიას, რომელი წიგნი მომეწონება.

–ნათქვამია, მხოლოდ ათი წიგნის წაკითხვაა საჭირო განათლებული რომ იყო, მაგრამ ამ ათი წიგნის მოსაძებნად 1000 უნდა წაიკითხოო. შენ თუ წაიკითხე ეს „ათი წიგნი“?

–ამ ათიდან შეიძლება წაკითხული მქონდეს სამი ან ოთხი. წიგნი, რომელმაც შემცვალა ასეთი შეიძლება იყოს  ჯონ სტეინბეკის  „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“. ამ წიგნში ჩემი თავიც აღმოვაჩინე და ძალიან სიახლოვე ვიგრძენი ამ პერსონაჟთანაც. გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, გამორჩეული წიგნია ქართულ ლიტერატურაში. დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი“, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნია და მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“. ზოგადად, ჩეხური ლიტერატურა ძალიან მიყვარს. ჯერ არ წამიკითხავს და ძალიან მინდა ამ „ათ წიგნში“ ერთ-ერთი ადგილი ნიცშემაც დაიკავოს.

–ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

ფილიპ დიკის „უბიკი“ წავიკითხე ბოლოს. ჯონი ბენვილის „ზღვა“. ძალიან სასაცილო მომენტი იყო იმიტომ, რომ ეს კითხვა იყო მე-6 რაუნდი ჩემს პირველ თამაშში და ვერ გამოვიცანი. შემდეგ ვიყიდე და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ არ მომეწონებოდა, მინდოდა  უსიამოვნო განწყობა ამ წიგნისადმი შემენარჩუნებინა, მაგრამ  ძალიან მომეწონა პირიქით.

–გახსოვს პირველად რა წაიკითხე დამოუკიდებლად?

–ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“ და დღემდე ძალიან მიყვარს. 8 წლის ვიყავი. ასტრიდ ლინდგრენმა შემაყვარა კითხვა.

–არის რომელიმე წიგნი, რომლის წაკითხვასაც ნანობ?

–კი, პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს სტეფან მეიერის „ბინდის საგა“, რომელზეც ვნანობ რომ დავკარგე დრო. გამართლება აქვს ხოლმე ასეთ წიგნებს, რომ იმ ასაკში უნდა წაგეკითხა, მაგრამ არც ერთ ასაკში არ მომეწონებოდა ეს წიგნი.

–რას ურჩევ შენ თანატოლებს წარმატების მისაღწევად?

–ჩემ თანატოლებს უფრო მეტად ფილმების ყურება უყვართ.  უფრო ადვილია, უფრო მოკლეა და არ გიწევს რეალურად არაფრის წარმოდგენა. იმაზე დიდი სიამოვნება რაა, როცა წიგნს წაიკითხავ და მერე ფილმში შეადარებ შენს წარმოდგენილ პერსონაჟს. მე ასე ვაკეთებ. ჯერ წიგნს ვკითხულობ, მერე ფილმს ვნახულობ. ხან ფილმს საერთოდ არ ვუყურებ ხოლმე. მაგრამ მერე ეს უხერხულობას მიქმნის, როცა მეგობრები ამაზე საუბრობენ.

–როგორ გგონია, შენი თაობა უფროა წიგნის მოყვარული თუ შენი წინა და მომდევნო თაობა?

–ჩემი მშობლების თაობა იცნობს კლასიკურ ლიტერატურას უფრო მეტად, ვიდრე თანამედროვეს, მაგრამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურა შეიძლება თამამად ითქვას, რომ  დღევანდელ თაობას უფრო მეტად აქვს წაკითხული.

–ცხოვრების კიბის ბოლო რა არის შენთვის? და რა უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის?

–ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს საკუთარი თავის განვითარებაზე. შეიძლება ვერც ვერასდროს მივაღწიო კიბის ბოლოს, მაგრამ არ იქნება დიდი დანაკლისი. მთავარი მაინც კიბეზე ასვლის პროცესია.

–და ბოლოს, გამოსცადე ჩვენი მკითხელი – აქვთ თუ არა და რამდენად სიღრმისეულად აქვთ წაკითხული წიგნები?

–გამოიცანით პერსონაჟი, რომელიც ცნობილი თანამედროვე  ბრიტანელი მწერლის წიგნების სერიაში გვხვდება. ის არის ძალიან გამჭრიახი და მისი გონება არაერთხელ დახმარებია რთული სიტუაციიდან გამოსვლაში მეგობრებს. მას არ აქვს კეთილშობილი წარმომავლობა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის წიგნის გამორჩეული პერსონაჟია. გოგონაა.

ანასტასიას თამაშის ვიდეო

რუბრიკის “ჩემი წიგნი” სხვა სტუმრები

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური