GE

67-ე სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი – „ყველა ინსტანციას მივმართავ სამართლის მოსაპოვებლად“

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, რომელიც მისი ადვოკატის თქმით, სკოლის დირექტორმა უკანონოდ გაათავისუფლა, სკოლაში მივიდა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით გააგრძელებს.

მის პროტესტს უერთდება სკოლის მასწავლებელთა ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დირექტორმა დოდო კეზუა ბიულეტენზე ყოფნის დროს გაათავისუფლა და შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც პედაგოგის ადვოკატს ჩაბარდა, უკანონოა.

„რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და აბსოლუტურად ყველა ინსტანციას მივმართავ, რომ მოვიპოვო ჩემი სამართალი. მე არც დისციპლინარული კომისიის თავმჯდომარისგან მიმიღია არაფერი და არც სკოლის დირექტორისგან. მხოლოდ ადვოკატმა მიიღო ჩემი გათავისუფლების ბრძანების ფურცელი, ყოველგვარი ოქმის გარეშე. რას ელოდება განათლების სამინისტრო? მაინცდამაინც ადამიანები უნდა იმსხვერპლოს ამ ინციდენტმა?!“, – აცხადებს გათავისუფლებული პედაგოგი.

დოდო კეზუა მისი მხრიდან მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებსაც უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი არ მომხდარა. როგორც ცნობილია, მასწავლებელი დოდო კეზუა შესაძლოა პასუხისგებაში მისცენ. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. მან ჩვენება უნდა მისცეს საქმეზე, ცემა თუ არა მოსწავლე გაკვეთილზე.

სკოლის პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის დასკვნას ელოდებიან, რომლის თანახმადაც, მასწავლებლების ინფორმაციით, დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდება, რადგან მას არაერთი ფინანსური და სხვა სახის დარღვევა აღმოუჩინეს. როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, დასკვნა სკოლას გადაეცემა, თუმცა როდის, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნიათ.

67-ე სკოლის მასწავლებლისა და დირექტორის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური