GE

8 საგანმანათლებლო საახალწლო აქტივობა არდადეგებზე – გასართობი „დავალებები“ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის

ზამთრის არდადეგები დაიწყო. განათლების სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არდადეგების დროს, მაშინ როცა მოსწავლე მთლიანად სწყდება საგანმანათლებლო გარემოს, მისი გონება მოდუნებას იწყებს, ამიტომაც საჭიროდ თვლიან არდადეგების პერიოდში მოსწავლე დაკავებული იყოს ინტელექტუალური და ამავდროულად გასართობი აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს მისი ცნობიერების გაზრდას.

გთავაზობთ რამდენიმე საგანმანათლებლო აქტივობას, რომლითაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები სიხარულით დაკავდებიან:

სამზარეულოს მეცნიერება

დღესასწაულებს საზეიმო სუფრისთვის მზადება ახლავს თან. დაავალეთ მოსწავლეებს, დააკვირდნენ ამ პროცესებს. რა დრო და ტემპერატურაა საჭირო ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად, რამდენი ხანი სჭირდება შაქრის გალღობას და მოიძიონ ინფორმაცია, რატომ არ ხდება ეს დაბალ ტემპერატურაზე იმავე დროში. პურის ცხობის პროცესში რა როლს ასრულებს ქიმია? რა მოხდება თუ პურს საფუარის გარეშე გავაკეთებთ?

საშობაო კლასიკური წიგნების მიმოხილვა

წაიკითხონ ბავშვებმა ცნობილი ნაწარმოებების შექმნის ისტორიები. მაგალითად, რატომ გაუჩნდა დოქტორ სიუს სურვილი დაეწერა წიგნი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“; ლეგენდის თანახმად, ვინ იყვნენ გრინჩი და ანტიკლაუსი?

საიდან იღებს სათავეს საახალწლო ტრადიციები?

საიდან გაჩნდა მეკვლეს ტრადიცია?
რატომ კიდებენ ბუხართან წინდებს?
როგორ გაჩნდა სანტა კლაუსის იდეა  და ვინ იყო მისი მამა?
ეს ის რამდენიმე კითხვაა, რომლებზე პასუხების ძიებასაც მოსწავლეები ინტერესით დაიწყებენ.

საკუთარი საშობაო ზღაპარი

ყველაზე პოპულარული საშობაო ისტორიები უკვე მოძველებულია. რატომ არ უნდა შექმნან ახალი თქვენმა მოსწავლეებმა? დაავალეთ მათ, დაწერონ ან განაახლონ რომელიმე ძველი საშობაო ზღაპარი და შექმნან საკუთარი. გააკეთონ ილუსტრაციაც და სკოლაში დაბრუნების შემდეგ მათი ნამუშევრების ერთობლიობით  „გამოეცით“ წიგნი.

არამატერიალურ ოცნებათა დღიური

სთხოვეთ მოსწავლეებს დაწერონ, რას ისურვებდნენ საახალწლო საჩუქრად ისეთს, რასაც სხვისგან ვერ მიიღებენ. მაგალითად, თუ ვინმეს სურს გახდეს ჭადრაკის ჩემპიონი, ამ ტიტულს ნაძვის ხის ქვეშ ვერ იპოვის. ეს მათ გონებაში შეცვლის „საჩუქრის“, როგორც მატერიალური ღირებულების ნივთის იდეას და გაიაზრებენ, რომ ხშირად არამატერიალური ოცნებების ასრულებისთვის ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

საახალწლო ტრადიციები

დაავალეთ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული საშობაო ისტორიების მოძიება. იპოვონ ვიდეოები, უყურონ მათ ცერემონიალებს. სთხოვეთ, განიხილონ განსხვავებები ქვეყნებს შორის და იპოვონ  სხვადასხვა ქვეყნის ერთნაირი ტრადიციები. მოიძიონ ინფორმაცია, თუ არსებობს ერი, სადაც ახალ წელს საერთოდ არ აღნიშნავენ.

დაამზადონ საშაობაო ბარათები

შესაძლოა, საახალწლო მისალოცი ბარათების გაგზავნა-მიღება ყველას ტრადიცია არაა, მაგრამ ამ გზით თქვენ მოსწავლეების წერისა და დამოუკიდებელი აზროვნების  უნარს შეაფასებთ.

გახდი სანტა

მიეცით მოსწავლეებს გზა აკეთონ სიკეთე ამ ახალ წელს. გაჭირვებული ოჯახები, ბავშვთა სახლი, მოხუცთა თავშესაფარი – ეს ის ადგილებია, სადაც თქვენს შვილებს, მოსწავლეებს მცირედითაც კი უსაზღვროდ დიდი მადლის გაკეთება შეეძლებათ. დაგეგმეთ შეხვედრა მათთან ან თავად მოიწვიეთ სკოლაში. არც მიუსაფარი ცხოველები დაგავიწყდეთ, ერთი ძველი პლედი და პურის ნატეხი ყველა ოჯახში იქნება.

წყარო: teachhub.com

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური