შვილი 6 წლის არ არის და სკოლაში შეგყავთ? – მოუსმინეთ ამ გზაზე გამოცდილ მშობლებს და სპეციალისტის მითითებებს
არის ცხოვრებაში გადაწყვეტილებები, რომლებსაც მშობლები სიტუაციიდან, სამუშაო გრაფიკიდან, ოჯახური მდგომარეობიდან ან საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებთ და ნაკლებად ვფიქრობთ, წლების შემდეგ რა შედეგს მოუტანს ისინი ჩვენს შვილებს, როგორ იმოქმედებს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანაც სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა.
სკოლაში შემსვლელთა ასაკობრივ ზღვარს სახელმწიფო ადგენს, ახლა კი განათლების სამინისტრომ, ფაქტობრივად თქვა „ხელებიც დამიბანიაო“ და გადაწყვეტილების მიღება მშობლებს მიანდო. უწყების განმარტებით, თავის დროზე პირველკლასელთა ასაკობრივი ზღვარი, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეცვალეს. 2024-2025 სასწავლო წელს კი, სკოლაში იმ ბავშვების დარეგისტრირებაც დაუშვეს, ვისაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდება. გაუშვებთ სკოლაში 5 წლის შვილს თუ ბაღში დატოვებთ, არჩევანი თქვენზეა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე, კარგი იქნება თუ სპეციალისტების აზრსაც გაითვალისწინებთ და იმ მშობლებისასაც, ვინც ეს გზა უკვე გაიარა და სკოლაში შვილის 5 წლის ასაკში შეყვანის გამო, არაერთ სირთულეს წააწყდა.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ფსიქოლოგები გაბრაზებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ კომპლექსური კვლევა იმის შესახებ, რა შედეგი მივიღეთ წლების განმავლობაში და როგორ იმოქმედა კონკრეტული ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე სკოლაში 5 წლის ასაკში შეყვანამ, არავის ჩაუტარებია. „5 წლის ბავშვის ადგილი სკოლაში არ არის! მიზეზებზე, არგუმენტებსა და სავალალო შედეგებზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ არავინ გვისმენს! სკოლაში ის ბავშვები დაუშვეს, ვისაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდება. ასაკის ცვლილება სამომავლოდაც იგეგმება და სკოლაში ყველა ის ბავშვი შეძლებს შესვლას, ვინც 6 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გახდება. რაზე დაყრდნობით იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს? რა კვლევებს ეყრდნობიან? არ ვიცით! ამ საკითხზე საუბარსაც აღარ ვაპირებთ. აზრი არ აქვს!“, – ასეთია არაერთი ფსიქოლოგის საერთო პათოსი.
თუ ამ პათოსს ბოლომდე არ იზიარებთ და მაინც გსურთ 5 წლის შვილი სკოლაში შეიყვანოთ,
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგ მარიამ შოვნაძის რჩევები გაითვალისწინეთ. სხვათა შორის, ქალბატონი მარიამი EDU.ARIS.GE-ს უმხელს, რომ არც ისე იშვიათად მიმართავენ მშობლები, რომელთა შვილებსაც პრობლემები სწორედ სკოლაში 5 წლის ასაკში შესვლის გამო შეექმნათ. ამ ფონზე, მისი რჩევაა, გადაწყვეტილების მიღებამდე, სპეციალისტმა შეაფასოს, არის თუ არა ბავშვი მზად სასწავლო პროცესისთვის. ან, უკიდურეს შემთხვევაში, მშობლებმა არჩევანი, მხოლოდ შვილზე კარგი დაკვირვების შემდეგ გააკეთონ.
ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე გვირჩევს, კონკრეტულად რას უნდა დავაკვირდეთ გადაწყვეტილების მიღებამდე; რა უნარებს უნდა ფლობდეს 5 წლის ბავშვი, ან როგორ უნდა შევაფასოთ მისი ემოციური მდგომარეობა, რომ მივხვდეთ, არის თუ არა მზად სკოლაში შესასვლელად:
მაშ ასე, სპეციალისტის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ბავშვმა რამდენი ლექსი იცის, შეუძლია თუ არა წერა-კითხვა, მთავარია შევაფასოთ მისი განვითარების ყველა ასპექტი:
„აუცილებელია, სკოლაში შესვლისას ბავშვმა იცოდეს ათამდე დათვლა, ცნობდეს თავისი სახელის ასოებს, შეეძლოს სიუჟეტური ბარათების მიხედვით ისტორიის შექმნა არანაკლებ 6-7 წინადადებით და ჰქონდეს 30-40 წუთი გაკვეთილზე გაჩერების, მოსმენისა და აღქმის უნარი. უნდა დავაკვირდეთ როგორც მსხვილ, ასევე ნატიფ მოტორიკას. მარტივად რომ ვთქვა, ბავშვს უნდა შეეძლოს კომფორტულად კალმის დაჭერა, ფიგურების გამოჭრა-დაწებება. ასევე – ცალ ფეხზე ხტუნვა, სირბილი, ბარიერზე გადახტომა, უნდა ჰქონდეს წონასწორობისა და კოორდინაციის უნარი. უნდა შეეძლოს ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა, ღილების, თასმების შეკვრა. სკოლაში მუშაობისას მქონდა შემთხვევა, ბავშვს კიბეზე დამოუკიდებლად ასვლა-ჩასვლის ეშინოდა და წარმოიდგინეთ, უცებ მარტო აღმოჩნდა გარემოში, სადაც ბევრი კიბეა და ბავშვები სწრაფად მოძრაობენ. სტრესი მიიღო და გადაადგილებაც კი უჭირდა“.
ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებასა და გონებრივ შესაძლებლობებთან ერთად, აუცილებლად გავითვალისწინოთ შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც, რასაც სამწუხაროდ, დღეს ნაკლებად ექცევა ყურადღება. ფსიქოლოგის განმარტებით: „ბაღში ბავშვი ყველაფერს უმეტესად თამაშ-თამაშით სწავლობს. სკოლაში კი, უცებ სხვა რეალობას ეჩეხება. ამ რეალობაში ის აუცილებლად უნდა ახერხებდეს თავისი ემოციების ამოცნობას, გამოხატვას და თვითდამშვიდებას – უნდა შეეძლოს კონკრეტულ სიტუაციაში მეგობართან ან მასწავლებელთან გააზიაროს რას გრძნობს, თვითდამშვიდებისთვის გამოიყენოს ხატვა, ან სხვა ქმედება. დააკვირდით იმასაც, თქვენი შვილი, რამდენად მარტივად ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. თუ კომუნიკაციაში რთულად შედის, უჭირს აქტივობებში ჩართვა, საჭიროებების გამოხატვა, თანამშრომლობა, იგი სასკოლოდ მზად არ არის“.
მარიამ შოვნაძის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადაპტაციის უნარსაც. თუ ბავშვი მარტივად ვერ ეგუება თანმხლები პირის გარეშე ახალ გარემოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ სკოლაში. ამბობს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, სკოლისადმი ბავშვის დამოკიდებულებაა: „თუ იგი პროტესტს ცალსახად გამოხატავს, სკოლაში არ უნდა გავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება სწავლაზე გული აიცრუოს. სასწავლო პროცესისადმი ადეკვატური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ბავშვს სკოლაში წასვლამდე უნდა დავეხმაროთ. შეგვიძლია ვუამბოთ ისტორიები საკუთარი ან მისი ნაცნობი ადამიანების გამოცდილებიდან. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამაზე მუშაობას, მით ადეკვატური მოლოდინი გაუჩნდება ბავშვს და ცხოვრების ახალ ეტაპს ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდება“.
რა შედეგს მივიღებთ, თუკი პირველ კლასში ისეთი ბავშვი აღმოჩნდება, რომელიც სკოლისთვის მზად არ არის? – ფსიქოლოგის განმარტებით, მოსალოდნელია ისეთი სირთულეებიც წარმოიქმნას, რომლებმაც შესაძლოა პიროვნების მომავალიც განსაზღვროს:
„თუ ბავშვი იმ ადგილას და იმ პროცესში აღმოჩნდა, რისთვისაც მზად არ არის, შეეჩეხება სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მარტოს მოუწევს. ყველაზე დიდი ზიანი, რაც შეიძლება ასეთ დროს ბავშვს მიადგეს, არის ის, რომ ჩამოუყალიბდეს დაბალი თვითშეფასება, არასასურველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, სკოლის, სწავლის, ურთიერთობების მიმართ. ასეთი ბავშვი უმრავლეს შემთხვევაში წარუმატებელია. ასე რომ, ჩემი რჩევაა, კარგად დააკვირდით საკუთარ შვილებს, მათ განვითარებას ყველა მიმართულებით და თუ ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმეში მაინც ხედავთ პრობლემას, დატოვეთ ბაღში, ნუ გაწირავთ შფოთვის, დაბალი თვითშეფასებისა და წარუმატებლობისთვის“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფსიქოლოგების თქმით, არ ჩატარებულა რაიმე კომპლექსური კვლევა, რომელიც დაგვანახებდა, რა შედეგი მივიღეთ 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში დაშვებით. ცხადია, კვლევის ჩატარების ამბიცია ამ ერთი სტატიით არ გვაქვს, მაგრამ ზოგადი სურათის დასანახად, რამდენიმე ისეთი მშობელი გამოვკითხეთ, ვინც თავის დროზე 5 წლის შვილი სკოლაში შეიყვანა. ჩვენი რესპონდენტები 6-წლამდე ასაკის შვილების სკოლაში შეყვანის თითქმის იდენტურ მთავარ მიზეზს ასახელებენ – მშობლებს არ სურთ, რომ ბავშვმა წელი დაკარგოს. წლების შემდეგ კი, უმრავლესობა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, გაუჭირდათ თუ არა ბავშვებს სასკოლო პროგრამის ათვისება, 5 წლის ასაკში შვილს სკოლაში აღარ შეიყვანდნენ, ბავშვობას არ წაართმევდნენ.
ორი შვილის დედა, 51 წლის ნათია პროფესიით იურისტია და ერთ-ერთ კერძო კომპანიაში მუშაობს. მის შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა არასრული 1 წელია. თავის დროზე იფიქრა, რომ მუშაობა გაუჭირდებოდა თუ ერთი შვილი ბაღში, მეორე კი სკოლაში ეყოლებოდა და სხვადასხვა დროს მოუწევდა მათი სახლში გამოყვანა. შვილების სკოლაში ერთად მიყვანის გადაწყვეტილებაც, სწორედ ამის გამო მიიღო. „ვიფიქრე, ცხოვრებას გავიმარტივებდი, მაგრამ პირიქით, ყველაფერი გართულდა. გოგონა არ აღმოჩნდა მზად სკოლისთვის. მიუხედავად იმისა, უფროსი ძმა გვერდით ჰყავდა, ისეთი პრობლემები შეგვექმნა, ფსიქოლოგთან მისვლა დაგვჭირდა“, – ამბობს ქალბატონი ნათია.
მწარე გამოცდილება აქვს 47 წლის დიასახლის ელისოსაც, რომელიც თავისი დისა და შვილის გამოცდილებას გვიზიარებს: „თავის დროზე, სამინისტროში გასაუბრების საფუძველზე, ჩემს დაზე გამონაკლისი დაუშვეს და 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის უფლება მისცეს. მას ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდა. პროგრამის ათვისების პრობლემაც ჰქონდა, მაგრამ ამბობდნენ, რომ არც ისე ნიჭიერი იყო. წლების შემდეგ, როცა ჩემი შვილის სკოლაში მისვლის დრო დადგა, სამწუხაროდ, დის გამოცდილება არ გავითვალისწინე. ვიფიქრე, ჩემმა ნიკოლოზმა წერა-კითხვა იცის, ახლანდელი ბავშვები ბევრად განვითარებულები არიან და რა პრობლემაა-მეთქი. პრობლემა ნამდვილად ყოფილა – ნიკოლოზი სკოლაში ნერვიულობისგან რამდენჯერმე გახდა ცუდად. მეგონა დამოუკიდებელი იყო, მაგრამ სკოლაში მისთვის ყველაფერი გართულდა – ვერც გაკვეთილზე ჩერდებოდა, ვერც კლასელებთან მეგობრობდა, დიდი ნერვები და ძალისხმევა დაგვჭირდა, სკოლას შეჰგუებოდა“.
განსხვავებულია ჩვენი მეორე რესპონდენტის გამოცდილება. ორი გოგონას დედა, 40 წლის ნონა, პროფესიით ბუღალტერია. ოქტომბერში დაბადებული ნინი 5 წლის ასაკში შეიყვანა სკოლაში. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ბავშვმა ანბანი არ იცოდა, სწავლას ალღო კარგად აუღო, კერძო სკოლის საკმაოდ რთული პროგრამაც დაძლია და საუკეთესო მოსწავლეთა ოთხეულშიც მოხვდა: „არასდროს მინანია ჩემი გადაწყვეტილება. მეორე გოგონა იანვარშია დაბადებული და სკოლაში 6 წლის ასაკში შევიყვანე. უკვე ქართულად და ინგლისურადაც კი კითხულობდა. მისთვის სასკოლო პროგრამა უინტერესო იყო. ამ გამოცდილებით, ყველას ვურჩევ, ბავშვს წელი არ დააკარგვინონ და 5 წლის შვილი, თამამად მიიყვანონ სკოლაში“.
ნონას მსგავს რჩევას არასდროს მისცემს მშობლებს სტომატოლოგი, 35 წლის მაია. ის EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ თავის დროზე, 5 წლის შვილის სკოლაში შეყვანის გადაწყვეტილება, მხოლოდ იმის გამო მიიღო, წელი არ დაეკარგათ და ახლა თვლის, რომ შეცდა.
„ჩემი ბიჭი მეოთხე კლასშია. სკოლაში 5 წლის შევიყვანე, არ მინდოდა წელი დაეკარგა. ვიფიქრე, რადგან დაშვებულია, რატომაც არა? თავიდან მასწავლებლით აღფრთოვანდა, მაგრამ მერე ჯოჯოხეთი დაიწყო – გაკვეთილზე ვერ ჩერდებოდა. სწავლა არ უჭირდა, მაგრამ სკოლიდან მოსულს ვერაფრით ვაიძულებდი სამეცადინოდ დამჯდარიყო. თამაში ენატრებოდა. მუდმივად დაღლილი იყო. წელიწადზე მეტი დაგვჭირდა, რომ სკოლაში წასვლა და მეცადინეობა არ გაეპროტესტებინა“.
46 წლის მარიკა პიარ-მენეჯერია. მუდმივად დატვირთული გრაფიკი და იმის მუდმივი შეგრძნება აქვს, რომ შვილთან ურთიერთობისთვის სათანადო დრო არ რჩება. იმ წელს, როცა ბარბარე 5 წლის ჰყავდა, გაიგო, რომ მისთვის სასურველ პედაგოგს აჰყავდა პირველი კლასი და ჩათვალა, რომ ასეთი პედაგოგის ხელში, მის შვილს სწავლა არ გაუჭირდებოდა. ბარბარეს ბაღში არ უვლია, არც წერა-კითხვა იცოდა, მაგრამ გოგონა სკოლაში მაინც დაარეგისტრირა.
„ყველაფერი სკოლაში უნდა ესწავლა. ეს ცოტა მაშინებდა, თუმცა გამიმართლა. პროგრამულ ნაწილში პრობლემა არ შეგვქმნია (ისე, კი ვმეცადინეობდით 3-4 საათი), სამაგიეროდ ბავშვს სხვა სახის პროტესტი ჰქონდა – არ მოსწონდა გაკვეთილზე ჯდომა, ვერ ხვდებოდა, რატომ არ უნდა ელაპარაკა მეგობრებთან 35 წუთის განმავლობაში, რატომ უნდა ეყურებინა დაფისთვის, როცა შეეძლო მასწავლებლისგან ზურგშექცევით მჯდარიყო, ან ნახევრადწამოწოლილს ეპასუხა კითხვებზე… მასწავლებელმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ მითხრა, როცა საკითხი მოგვარდა. კარგია, რომ პედაგოგისთვის მთავარი იყო ბავშვის ჩართულობა და არა ჯდომის მანერა. ქცევის მხრივ თავისუფლება მისცა, სამაგიეროდ ბავშვს სწავლის მიმართ არ გასჩენია პროტესტი. დღეს როგორ მოვიქცეოდი? – მიუხედავად ჩემი შვილის წარმატებებისა, არ შევიყვანდი 5 წლისას სკოლაში; ბავშვმა უნდა ითამაშოს, როცა თამაში უნდა. ეს მხოლოდ ჩემი ახირება არაა. ფსიქოლოგების მიერაა განსაზღვრული სასკოლო ასაკი“.
2024-2025 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში ბავშვების რეგისტრაცია ეტაპების მიხედვით 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება