GE

8 უმაღლესმა სასწავლებელმა პარლამენტის თავმჯდომარეს საპროტესტო წერილით მიმართა

8 უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის რექტორი ფინანსთა სამინისტროს მიერ საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებს, რომლის საფუძველზეც, მათი თქმით, უნივერსიტეტების ავტონომია იზღუდება.

საუბარია ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის თანახმად, სასწავლებლების შემოსავლები და გადასახადები სახელმწიფო ხაზინის სისტემაში უნდა შევიდეს.

უნივერსიტეტების რექტორებმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი საპროტესტო წერილით მიმართეს:

“საქართველოს პარლამენტი განიხილავს საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტების, შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა.

დაგეგმილი ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპთან. ისინი ასევე ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, რომელსაც საქართველო 2005 წელს მიუერთდა ბერგენის სამიტზე. ბოლონიის დეკლარაცია, ისევე როგორც ბოლონიის პროცესის ამის შემდეგ მიღებული თითქმის ყველა კომუნიკე, ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად დასახული მიზნების მიღწევისათვის აუცილებელ პირობად აღიარებს საგნამანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობას. უნივერსიტეტების ავტონომიურობის ეს პრინციპი ასახულია საქართველოს კანონში “უმაღლესი განათლების შესახებ”:

მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი: “ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა”;

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი: “ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს: ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას”.

ჩვენი ერთსულოვანი პოზიციაა, რომ აღნიშნული საკანომდებლო ცვლილებები არ უნდა გავრცელდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზუსტად ისევე, როგორც, კანონპროექტის მიხედვით, ისინი არ ვრცელდება მარეგულირებელ ორგანოებზე. როგორც მარეგულირებელი ორგანოების, ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემთხვევაში ამ ინსტიტუტებისათვის დასახული მიზნების მიღწევისა და მათი განვითარების საფუძველს წარმოადგენს ავტონომიურობა, რაც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამიტომ გამონაკლისი, დაშვებული ერთ შემთხვევაში, უნდა გავრცელდეს მეორე შემთხვევაზეც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით იქნება უზრუნველყოფილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია საკანონმდებლო დონეზე”, – ვკითხულობთ წერილში.

წერილს ხელს აწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური