9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესაძლოა, ფუნდამენტური ცვლილება განხორციელდეს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დასრულებისთვის დღეს დაწესებული ვადის შეცვლის საკითხზე მსჯელობენ.
აღნიშნული ინფორმაცია თავად მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სამ აპრილს დაადასტურა და ისიც დაამატა, რომ ცვლილებას მხარს უჭერს სასკოლო საზოგადოებაც.
“ჩვენ ძალიან საინტერესო ვერსიას განვიხილავთ და ამასაც, [როგორც ზგემს] შემდგომ საზოგადოებასთან განვიხილავთ, რომ ხომ არ უნდა გახდეს საბაზო საფეხური, რომელიც დღეს ცხრა წელია, 10 წელი. ამას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, განსაკუთრებით სასკოლო საზოგადოებაში და ამ ფუნდამენტურ საკითხებზეც მიმდინარეობს ახლა მსჯელობა”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მისი თქმით, არ შეიძლება ათასობით სკოლა ერთნაირი სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობდეს.
“ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი და მესამე თავები სრულად განახლებულია და მეტ აკადემიურ თავისუფლებას, მეტ ავტონომიურობას აძლევს სკოლებს. ეს, ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს აუცილებლობაც არის იმიტომ, რომ შეუძლებელია 2084 საჯარო სკოლა იდენტური სასწავლო გეგმით ახორციელებდეს სასწავლო პროცესს. ჩვენ უნდა დავუტოვოთ სასკოლო საზოგადოებას, სასკოლო ადმინისტრაციას და მასწავლებლებს თავისუფალი გადაწყვეტის საშუალებები, თუ როგორ მიაღწიონ ზოგადი განათლებით ეროვნული მიზნების გზებს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე.სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი) და დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
“ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის”, – აღნიშნულიია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
ასევე იხილეთ: