GE

აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისი გაიხსნა

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისი გაიხსნა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 28 სექტემბერს ავრცელებს.

ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიით სარგებლობა შეუძლია ყველა უმაღლეს სასწავლებელს, სამეცნიერო ორგანიზაციას, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სონეზე. „მოხარული ვარ, რომ მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ“, – აღნიშნა გახსნის ცერემონიაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი და მოეწყო მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა. განათლების სამინისტროს ცნობით, ობსერვატორიის თბილისის ოფისში ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტის გახსნაც იგეგმება, სადაც მეცნიერის მემორიალური ნივთები განთავსდება.

„ობსერვატორიის თბილისის ოფისის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 750 ათას ლარამდეა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. ოფისის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 40 000 ლარი დაუჯდა“ – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური