GE

აბიტურიენტები – კონდიციონერები გამოცდის დაწყებიდან მალევე გაითიშა და გამოცდის ბოლოს ჩაირთო

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული ის აბიტურიენტები, რომელთა საგამოცდო ცენტრიც კონდიცირების სისტემით იყო აღჭურვილი, EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ მათ სექტორში კონდიციონერი გამოცდის დაწყებიდან მალევე გაითიშა და გამოცდის დასრულებამდე ორმოციოდე წუთით ადრე ჩაირთო.

„რომ შევედით კონდიციონერი ჩართული იყო, თუმცა მალევე გაითიშა და გამოცდის დასასრულს ჩაირთო. დაახლოებით, 40 წუთით ადრე ჩართეს“, – გვითხრა ერთ-ერთმა აპლიკანტმა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრში აბარებდა.

აბიტურიენტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მათ სექტორში კონდიციონერი სულ იყო ჩართული, ნაწილის თქმით კი, გამოცდის დაწყებიდან მალევე გაითიშა და გამოცდის ბოლოსკენ ჩაირთო.

„175-ე სკოლის “ა” სექტორში კონდიციონერები ყველგან გათიშული იყო და მხოლოდ რამდენიმე წუთით ჩაირთო. ყველგან გათიშული იყო. ერთიანი სისტემააო როგორც გვითხრეს და სადღაც გაფუჭებულა, ხვალ გამოსწორდებაო. თავიდან რომ შევედით იყო ჩართული, თუმცა რომ გაითიშა აღარც ჩართულა. ბოლოს 2-3 წუთი ჩაირთო და მალევე გაითიშა. მე “ა” კორპუსში ვიყავი და ყველგან ეგრე იყო“, – გვითრა მარიამმა.

დღეს გაგრილების საკითხზე მინისტრმა ჩხენკელმა და ცენტრის ხელმძღვანელმა საგამოცდო პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ჩაიაროს ნორმალურ და კომფორტულ ვითარებაში. როგორც მოგეხსენებათ ზოგიერთ სკოლაში უკვე დასრულდა კონდიცირებით აღჭურვა. სიტუაცია კი შემდეგია ზოგიერთ სკოლაში უკვე დამონტაჟდა კონდიციონერი, ყველგან არის სპრიტ კონდიციონერები დამონტაჟებული, ზოგიერთ სკოლაში კი შერეული მოდელური კონდიციონერები და ვინტილატორებია. ასევე ყველა სკოლაშია ცივი წლის დისპანსერები და ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ გამოცდებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს”,-განაცხადა ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ გამოცდების განრიგის ცვლილება მაღალ ტემპერატურას უკავშირდებოდა.

“რადგანაც 2-დან 5 ივლისის ჩათვლით არის ატიპიური მაღალი ტემპერატურა ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ეროვნული გამოცდები ჩატარდეს მხოლოდ დილით, როცა სიგრილეა. ამ კვირის ბოლომდე კი ყველა ცენტრი იქნება კონდიციონერით აღჭურვილი”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა განმარტება გააკეთა იმის თაობაზეც, თუ რატომ ვერ ხერხდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში საგამოცდო ცენტრების კონდიციონერით აღჭურვა.

„14 წლის განმავლობაში წელს პირველი წელია, როცა საგამოცდო ცენტრების კონდიცირება ხდება. წელს პირველად დავძარით ეს საკითხი და მთავარი გამოწვევა გახლავთ ის, რომ სკოლებში, სადაც საგამოცდო ცენტრებია, არსებული ელექტრონული ქსელი ვერ უძლებს კონდიციონერის დატვირთვას. თუმცა ვინაიდან ასეთი ატიპიური ტემპერატურა იყო მოსალოდნელი, ჩვენ შევეცადეთ, რომ გარედან შეგვეყვანა სპეციალური კაბელი, რათა ელექტროსისტემამ გაუძლოს კონდიციონერების დატვირთვას. ზოგადად კი ყველა სკოლაში გამოსაცვლელია ელექტროქსელი და მომავალი წლისთვის ეს ყველა სკოლაში მოხდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაია მიმინოშვილის განმარტებით კი, ამ ეტაპზე თბილისის 3 საგამოცდო ცენტრშია კონდიცირება დასრულებული.

„როგოც მინისტრის მოადგილემ მითხრა, თურქ პარტნიორებთან მიდის მოლაპარაკებები და იქიდან ელოდებიან კონდიციონერების რაღაც პარტიას. მე რამდენადაც ვიცი, თბილისში სამ საგამოცდო ცენტრშია დამონტაჟებული კონდიციონერები, სხვაგან დარიგებულია ვინტილატორები და რამდენიმე მობილური კონდიციონერია“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

„მომავალ წელს ეროვნული გამოცდები შესაძლოა, გაზაფხულზე ჩატარდეს“ – განათლების მინისტრი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური