GE

აბიტურიენტის ახალი კრებულები ქართულში და კიდევ 10 საგანში გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 2023 წლის აბიტურიენტებისთვის არაერთ საგანში დამხმარე კრებულები განახლდა. როგორც EDU.ARIS.GE-მ დღეს, 30 მარტს გაარკვია, ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ქიმია, ხელოვნება, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა და ლიტერატურა.

ამ დროისთვის კრებულები არ განახლებულა ფიზიკაში, ზოგად უნარებსა და ისტორიაში.

24 მარტს, აბიტურიენტებთან გამართული ონლაინ შეხვედრის დროს, NAEC-ის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ განაცხადა, რომ ახალი კრებული შემუშავდა როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ისე ლიტერატურის არჩევითი საგნის გამოცდისთვის.

„ჩვენმა ჯგუფმა თქვენთვის მოამზადა კრებული, თუ როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისე არჩევით ლიტერატურაში. გირჩევთ, გაეცნოთ ამ კრებულს, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ შარშან მნიშვნელოვნად შევცვალეთ ფორმატი სავალდებულო გამოცდისა და შარშანდელ აბიტურიენტებს მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. წელს კი ბევრი დავალებაა, თავისი კრიტერიუმებით, მიდგომებით. ასევე მცირე კომენტარები თითოეული ტიპის დავალებისთვის, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რაც ვფიქრობ, რომ გამოცდაზე დაგეხმარებათ და დიდ სამსახურს გაგიწევთ“, – განაცხადა ნანა ლოლაძემ.

მისი განცხადებით, ქართულის კრებულებში პროგრამები და იმ ნაწარმოებების ჩამონათვალიც არის, რომელიც სავალდებულოა.

იხილეთ კრებულები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური