აბიტურიენტის მტკიცებით, გამოცდის თარიღი შეუცვალეს, თუმცა „ბარათს ფოტოშოპის კვალი ეტყობა“
ქართული ენისა და ლიტერატურის დღევანდელ გამოცდაზე მისული აბიტურიენტი ამტკიცებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის თარიღი პროგრამაში შეეცვალა, რის გამოც გამოცდაზე შესვლა ვერ შეძლო. აღნიშნული შემთხვევა გლდანის 173-ე საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა.
როგორც EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, გამოცდების თარიღების დადებისთანავე ამობეჭდა საგამოცდო ბარათი, სადაც მისი თქმით, მითითებული იყო, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 4 ივლისს უნდა ჰქონოდა, თუმცა როდესაც ბლანკი გუშინ საიტზე შეამოწმა, აღმოაჩინა რომ თარიღი შეცვლილი იყო და გამოცდა არა 4-ში, არამედ 3 ივლისს დილის 08:00 საათზე ჰქონდა დანიშნული.
„გუშინ შუადღისას შევამოწმე საიტი, სადაც ჩემი გამოცდის თარიღები და დრო იყო მითითებული და აღმოვაჩინე რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის თარიღი შეცვლილი იყო, რის გამოც საგამოცდო ცენტრშიც მივედი და ჩემი პრობლემის შესახებ განვაცხადე, რაზეც მითხრეს, რომ განცხადება უნდა დამეწერა, რომელსაც განიხილავდნენ.
„განცხადების აზრს ვერ ვხედავ, ამიტომ არ დავწერე. რა თქმა უნდა, ამ შეცდომას არავინ აღიარებს და არ იტყვიან რომ თარიღი შემეცვალა. მაგრამ ფაქტია, საგამოცდო ბლანკში 3 ივლისის მაგივრად 4 მიწერია. საიტზე კი ახლა 3 ივლისს მიჩვენებს“, – გვითხრა აბიტურიენტმა.
აღნიშულთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელ მაია ნიმინოშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ აპლიკანტი გუშინ საგამოცდო ცენტრში მისული ნამდვილად იყო, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ აბიტურიენტის საქციელი თაღლითობაა და მან თარიღი თავად გადააკეთა. გარდა ამისა, მიუხედავად ცენტრის თხოვნისა, არ დაწერა განცხადება.
„ეს აბიტურიენტი გუშინ მოსული იყო საგამოცდო ცენტრში და მოტანილი ჰქონდა 2 ბლანკი, ერთში 3 ივლისი იყო მითითებული, მეორეში – 4.
„ეს ბავშვი რასაც აკეთებს, სიმართლე გითხრათ თაღლითობაა. გვითხრა, რომ 26 რიცხვში იყო შესული საკუთარ საგამოცდო გვერდზე და მაშინ ამობეჭდა ბლანკი, მაგრამ ჩვენ რომ შევამოწმეთ – 27-ში იყო შესული. ამასთან, საგამოცდო ბარათი სადაც 4 რიცხვია მითითებული შეცვლილია, რადგან სხვა შრიფტით არის ჩასწორებული. არ ვიცი, გუშინ რა მიზეზით ვერ მივიდა გამოცდაზე, დააგვიანდა თუ რა მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, თავისი ჭკუით, ალტერნატიული გზა გამონახა“, – განგვიცხადა მაია მიმინოშვილმა.
ბარათზე, რომლის ასლიც მოვიპოვეთ, მხოლოდ სამი გამოცდაა მითითებული და გარდა ოთხიანისა, ციფრი 0–იც, ჩვენ მიერ სხვა ბარათებთან შედარების შემდეგ, ნათლად ჩანს, რომ განსხვავებული შრიფტით წერია.
„ამ ორი დღის განმავლობაში პროცედურულ საკითხზე საჩივარი ჯერ არ შემოსულა. ამ ბავშვს რაც შეეხება, თარიღი რომ გადააკეთა, მართლა აღვშფოთდი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, თავხედობასაც ხომ საზღვარი აქვს. აკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ პრობლემები შექმნა. გუშინ იყო ცენტრში მოსული, ვეუბნებით – ვიცი რაც გააკეთე და ამის მერე ხომ უნდა წახვიდე? ხომ შემიძლია ამ საქმეს მსვლელობა მივცე. ამის მაგივრად გამოდის და განცხადებებს აკეთებს – დამჩაგრესო. ის ფურცელი რომ ნახოთ, დილეტანტიც კი მიხვდება, რომ გადაკეთებულია. აბსოლუტურად სხვა შრიფტით წერია საგამოცდო ცენტრის მისამართიც და თარიღებიც. უბრალოდ თავხედია. რა თქმა უნდა, შემეცოდა, ყველაფერი ხდება, აღმოჩნდა რომ გამოცდა გამოეპარა, მაგრამ როცა ასე გექცევიან, ეს თაღლითობაა და მეტი არაფერი. საგამოცდო ცენტრში რომ მოდის, რა ჰგონია, ფარატინა ფურცლებზეა ეს პროგრამა აწყობილი? ვისაც რა უნდა, იმას ამობეჭდავს და გადააკეთებს?!“, – აცხადებს მაია მიმინოშვილი.
გამოცდების ცენტრის ამ განცხადებას აბიტურიენტის ოჯახი გამოეხმაურა და მათ პოზიციას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
„აღვფრთოვანდი მეთქი, ვერ ვიტყვი. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ადამიანის უმწეო მდგომარეობა, როცა სურს დაიცვას საკუთარი სახელი და მითუმეტეს ამხელა პასუხისმგებლობის მქონე გამოცდების ეროვნული ცენტრის რეპუტაცია. მაგრამ ჭეშმარიტად აღსაფრთოვანებელია ადამიანის გაორება. კერძოდ, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით 3 რიცხვში ვიმყოფებოდით გამოცდების ეროვნულ ცენტრში და პირადად შევხვდით მაია მიმინოშვილის მოადგილეს. მოვახსენეთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ვკითხეთ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, ასევე ვისაუბრეთ განცხადების შეტანის და გასაჩივრების ლეგიტიმურ მიზნებსა და სავარაუდო შედეგებზე, რაზეც მოადგილე აბსოლუტურად ადეკვატურად გვცემდა პასუხს და ჩვენთან ერთად ცდილობდა პრობლემის გარკვევასა და მოგვარებას. მეტიც, მან გვითხრა, რომ შეეძლო კიდევ ეცადა გაკრვეულიყო იყო თუ არა რაიმე ტიპის შეცდომა სისტემაში, ჩაიწერა ჩვენი პირადი მობილურის ნომრები და საღამოს მართლაც დაგვიკავშირდა და შეგვატყობინა, რომ შეცდომა სისტემაში ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს.
„ამის შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ განცხადების შეტანა, რათა ახლა ამ მიმართულებით დაწყებულიყო პრობლემის განხილვა და მეორე დღის 1 საათამდე განვახორციელეთ აღნიშნული. შუადღეს კი შევდივართ საიტზე და ვაწყდებით მიმინოშვილის ასეთ შეურაცხმყოფელ მიმართვას, ცილისწამებას რომ თავი დაანებო. მომიტევეთ და არაკომპეტენტურსაც ვერ ვუწოდებ სიტყვების სროლას, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თანამდებობის პირი, ასეთი სიტყვებით, მტკიცებულების გარეშე, მიკერძოებული ინტერესებისთვის საუბრობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თანაგრძნობის გრძნობა მიჩნდება როცა ვხედავ, რომ ადამიანს კარგად აქვს გააზრებული, რომ თავდასხმა ყველაზე კარგი თავდაცვაა”.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
