GE

აბიტურიენტთა 2023 წლის გამოცდების შედეგების გამოცხადება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება პირველი აგვისტოდან, 10:00 საათიდან, დაიწყება.

ამის შესახებ დღეს, 31 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე სოფიო გორგოძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა.

მისი თქმით, შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნით დაიწყება. ქულების გასაჩივრება კი აბიტურიენტებს მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ყველა საგნის შეფასება გამოცხადდება.

“შეფასებების გამოცხადების შემდეგ აპელაციისთვის მათ 3 დღე მიეცემათ და აპელაციით მოგვმართავენ ელექტრონულად. აგვისტოს პირველ რიცხვებში ეტაპობრივად გამოქვეყნდება მასწავლებლების გამოცდის შედეგებიც”, – თქვა სოფიო გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, დამატებითი სესია ჩატარდა 5 საგანში და ყველაზე მეტი აპლიკანტი ქართული ენისა და ლიტერატურის საგანზე იყო – 10 აპლიკანტი.

სოფიო გორგოძემ თქვა, რომ წელს აბიტურიენტებში დიპლომირებული მედიკოსის, სამართლისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალობა ყველაზე აქტუალურია.

“საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ”, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

2023 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო, 28 ივლისს კი საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. 45 000-ზე მეტ რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან გამოცდებზე გავიდა 94%-მდე გამოსაცდელი. მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებულ 18 500-მდე აპლიკანტთაგან გამოცდებზე გავიდა 82%-ზე მეტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულ 3000-ზე მეტ სტუდენტთაგან კი – 75% -ზე მეტი. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; გამოცდაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, მათ შორის – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად რაჭაში მცხოვრებ აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოცდები ჩაებარებინათ ამბროლაურში ახლად გახსნილ საგამოცდო ცენტრში.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური