GE

აბიტურიენტთა გამოცდების რომელი საგნის შედეგი გამოქვეყნდება პირველი და რას სთხოვს აპლიკანტებს ნინო წერეთელი

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, დიდი ალბათობით, 1-ელი აგვისტოდან დაიწყება.

როგორც NAEC-ის ხელმძღვანელი განმარტავს, პირველი შედეგი ქართულში გახდება ცნობილი:

„შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge”.

ნინო წერეთელი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

“ამიტომ, მინდა ვთხოვო მათ, კიდევ ერთხელ, ყურადღებით გადახედონ საკუთარ არჩევანს და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილება პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებები შენახვის ღილაკის გამოყენებით დაიმახსოვრონ“, – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.

გამოცდების ცენტრის მონაცემების თანახმად, პირველადი შედეგების მიხედვით, წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი – 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც, დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობის გამო.

საქართველოს მასშტაბით 2024 წელს გახსნილი იყო სულ 24 საგამოცდო ცენტრი. გამოცდებისათვის 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის – 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის – 3 000-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, მასწავლებლის გამოცდისათვის კი 18 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური