GE

აბიტურიენტი: ვისურვებდი, მე-12 კლასში ის უცხო ენებიც ისწავლებოდეს, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება

“რუსული ენა ჩემს სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება პირველი კლასიდან, ამიტომ არჩევანი რუსულ ენაზე შევაჩერე, ინგლისურ ენასაც ვფლობ და, ვფიქრობ, ორი ენის ცოდნა ჩემთვის სასარგებლოა”, – ასე უპასუხა EDU.ARIS.GE-ს კითხვას – რატომ გადაწყვიტა ეროვნულ გამოცდებზე რუსულის ჩაბარება ეძიტა ნაზარიანმა, აბიტურიენტმა, რომელიც ბიზნესის ფაკულტეტზე აბარებს და რუსული ენის ტესტი წერა.

აბიტურიენტის აზრით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ სკოლაში ის უცხო ენა ისწავლონ, რომლის ჩაბარებაც მისაღებ გამოცდებზე აქვთ გადაწყვეტილი.

“დამამთავრებელ კლასებში მხოლოდ ინგლისური ენა ისწავლება. რადგან ჩემს სკოლაში (#198-ე საჯარო სკოლა) რუსული გაძლიერებულია, რუსულსაც ვსწავლობთ. მაგრამ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ფრანგულ და გერმანულ ენებსაც აბარებენ და მიმაჩნია, რომ ეს ენებიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და აუცილებლად მეთორმეტე კლასშიც”.

აბიტურიენტი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლეები მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელ ენებს მეთორმეტე კლასში ისწავლიდნენ, მათთვის სხვადასხვა პრობლემა გადაიჭრებოდა.

“აღარ დასჭირდებოდათ რეპეტიტორთან მრავალწლიანი მომზადება, ისწავლიდნენ რამდენიმე უცხო ენას და დასაქმებაც მეტად გაუმარტივდებოდათ, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია”, – გვიხსნის ეძიტა.

აბიტურიენტს ვკითხეთ, რამდენად ისურვებდა, უნივერსიტეტშიც ჰქონოდა რამდენიმე უცხო ენის შესწავლის შესაძლებლობა და იქნება თუ არა მისთვის ხელისშემშლელი, თუკი რუსულის სწავლა აღარ მოუწევს:

“რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მეტი ენა მესწავლა უნივერსიტეტში. ვფიქრობ, ეს დამეხმარება დასაქმებაშიც და იმ პროფესიის საფუძვლიან სწავლაშიც, რომელიც შევარჩიე. რაც შეეხება მეორე კითხვას, არ იქნება ხელისშემშლელი, რადგან მე მიწევს რუსულენოვან ადამიანებთან კომუნიკაცია და ეს მეხმარება, რუსული ენა საფუძვლიანად ვიცოდე”.

ეროვნული გამოცდების ფარგლებში, აბიტურიენტების ნაწილმა გამოცდა ფრანგულ და გერმანულ ენაშიც ჩააბარა. ფრანგული ენის გამოცდაზე გასულთა რაოდენობის სიმცირის გამო, გამოსაცდელთა პოვნა გაჭირდა, თუმცა გერმანული და რუსული ენის ტესტი აბიტურიენტებმა EDU.ARIS.GE– სთან მარტივად შეაფასეს:

დავით ნებიერიძე: გერმანული ენა ჩავაბარე. ძალიან მარტივი საკითხები იყო. მოსმენის დავალებაც არ გამიჭირდა, რადგან c1 დონეზე ვფლობ გერმანულს. რაც შეეხება შედარებით რთულ საკითხს, ეს იყო თხზულება. თემა იყო შემდეგი – რამდენად ეფექტურია ჯგუფებში მეცადინეობა. ველოდები უმაღლეს ქულას. ვგეგმავ, რომ სწავლა გერმანიაში გავაგრძელო. ახლა კი კვების ტექნოლოგიებზე ვაბარებ.

მარი ნალბანდიანი: რუსული ენის გამოცდა ჩავაბარე და ჩემთვის საკმაოდ მარტივი საკითხები იყო. მოსმენით ნაწილში საუბარი იყო ოჯახურ მოგზაურობაზე. თხზულების თემა კი სახელმწიფო პენსიის ზრდას შეეხებოდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები უცხოურ ენაში13 ივლისს გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური