GE

აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, 10 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ინტერნეტი გაითიშება. შესაბამისი თხოვნით ინტერნეტ – პროვაიდერებს ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა მიმართა.

“აფსნიპრესის” თანახმად, ენერგეტიკის სექტორში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის “ხელისუფლებამ” 11 – დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბადრა გუნბას მიერ გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

ჯანდაცვის „მინისტრმა“ ედუარდ ბუტბამ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გენერატორები გამართულად განაგრძობენ მუშაობას, თუმცა მათი რესურსები შეზღუდულია. მისი თქმით, “მეტი მოცულობა უნდა იყოს რეზერვირებული საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის”.

დე ფაქტო მთავრობის მეთაურის ვალერი ბგანბას თქმით, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზე რჩება. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, თუ სოხუმი რუსულ ელექტროენერგიაში კომერციულ ფასს ვერ გადაიხდის.

ფინანსთა “მინისტრმა” ვლადიმერ დელბამ აღნიშნა, რომ „ვითარება ხელფასების გადახდასთან დაკავშირებით რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“.

უფრო ადრე, კომპანია “ჩერნომორენერგომ” გაავრცელა ინფორმაცია, ელექტროენერგიაზე დაწესებული გრაფიკის გამკაცრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, შემდეგ რუსეთმა თითქმის სრულად შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.

წყარო: რადიო ათინათი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური