GE

აღიარებს თუ არა გერმანული მხარე ქართულ პროფესიულ დიპლომებს?

გერმანიაში 2020 წლისთვის ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. რადგან აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება, საინტერესოა, კონკრეტულად რა პირობები და მოთხოვნებია გაწერილი კანონში და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ დაინტერესებულ პირებს რომ დასაქმების და სწავლის უფლება მოიპოვონ.

ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ელგუჯა ხოკრიშვილს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა პროფესიული განათლების მიღების და დასაქმების მსურველებისთვის ერთ- ერთი მთავარი პირობა გერმანული ენის ფლობა იქნება. ახალი კანონი გარკვეული ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

– საქართველოს გარდა, კონკრეტულად რომელ ქვეყნებს ეხება ეს ინიციატივა? კვოტების შესახებ რომ გვითხრათ, რამდენ ადამიანს ექნება შესაძლებელი ამ ინიციატივით ისარგებლოს?

– კანონი ეხება ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს. მთავარი წინაპირობა მესამე ქვეყნებიდან მოქალაქეების გერმანიაში დასაქმებისთვის იქნება მათი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიაში. კვალიფიკაციის აღიარების შემთხვევაში მათ შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. აქამდე არსებული შეზღუდვა გარკვეულ პროფესიებზე ახალი კანონმდებლობით გაუქმებულია.

– რაიმე სახის ასაკობრივი ან რიცხობრივი ლიმიტები იქნება დაწესებული ამ ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლაზე და მუშაობაზე?

– ახალი კანონის თანახმად, სამუშაო კონტრაქტისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს დასაქმების თანაბარი შანსი ექნებათ გერმანიის/ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებთან მიმართებაში.კანონის კიდევ ერთი სიახლეა, რომ კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან, ეძლევა უფლება სამუშაო ადგილის ძიების მიზნით ჩამოვიდეს გერმანიაში მაქსიმუმ 6 თვით. გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოს ძიებისთვის ჩამოსასვლელად მთავარი წინაპირობაა, კვალიფიკაციის აღიარება, ენის შესაბამისი ცოდნა (როგორც წესი მინიმუმ B1 დონეზე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში ცხოვრების უზრუნველსაყოფად. სამუშაოს საძიებლად ჩამოსული კვალიფიციური მუშახელი არ მიიღებს გერმანიის მთავრობისგან არც სოციალურ დახმარებაა და არც დაფინანსებას საცხოვრებლისთვის. სამუშაოს საძიებლად გერმანიაში გამომგზავრებისთვის დაინტერესებულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის (სამუშაოს მაძიებლის) ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია.  საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში სამუშაოს საძიებლად ჩამოვიდნენ გერმანიაში. ეს უფლება აქვს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს – მაგალითად აშშ, კანადა.

– როგორც ვიცით, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უფრო მარტივი გახდება გერმანიაში პროფესიული განათლების მიღება, რა აუცილებელი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მსურველმა?

– კანონის კიდევ ერთი სიახლეა, რომ მარტივი ხდება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები გერმანიაში. გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების მსურველის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, მას უნდა ქონდეს საშუალო სკოლის დიპლომი და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონეზე). პროფესიული განათლების მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა შეიტანონ გერმანიის საკონსულოში შესაბამისი კატეგორიის ვიზის მისაღებად.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, 45 წელს გადაცილებული პირების დასაქმებისთვის გერმანიაში ჩამოსასვლელად იარსებებს განსხვავებული პირობები: კერძოდ, მათ უნდა ქონდეთ უფრო მაღალი შემოსავალი ან საკმარისი რაოდენობის პენსია. ამით მთავრობა ცდილობს აღკვეთოს გერმანიის სოციალური სისტემით სარგებლობის შესაძლებლობები.

– თქვენ ბრძანეთ, რომ გერმანიაში დასაქმების წინაპირობა იქნება კვალიფიკაციის აღიარება, კონკრეტულად რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს და ნიშნავს თუ არა ეს, რომ შესაძლებელია მაგალითად საქართველოში გაცემული პროფესიული დიპლომი აღიაროს გერმანულმა მხარემ?

– კანონში ზუსტად მაგ მიზნით ჩაიწერა, რომ გამოქვეყნებიდან 7 თვეში ამოქმედდება. ამ შვიდ თვეში დაზუსტდება ეს ტექნიკური დეტალები. კანონის თანახმად, ფედერალურ მიწებს ეძლევათ რეკომენდაცია ერთი ცენტრალიზებული მიგრაციის სამსახური ჩამოაყალიბონ, იმისთვის, რომ კვალიფიკაციის აღიარების პროცედურები ნაკლებად ბიუროკრატიული და უფრო მოქნილი გახდეს. შესაძლებელია, რომ დასაქმების ფედერალურმა სააგენტომაც განახორციელოს აღიარების პროცედურები. ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ ინდივიდუალურად კვალიფიკაციის აღიარების პროცედურებს, არამედ შესაძლებელი იქნება ასევე გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსა და წარმოშობის ქვეყნის დასაქმების სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე ერთიანად მოხდეს კონკრეტულ პროფესიებზე საზღვარგარეთ გაცემული პროფესიული განათლების დამდასტურებელი დოკუმენტების აღიარება. ეს ხელს შეუწყობს უცხოელი მუშახელის გერმანულ სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას და კვალიფიკაციის სტანდარტების სრულყოფას წარმოშობის ქვეყნებში.

კვალიფიკაციის აღიარების პროცედურა შეუძლია განახორციელოს ასევე ადგილზე (გერმანიაში) დამსაქმებელმა, რის შემდეგაც ინფორმაცია მიეწოდება გერმანიის საკონსულოს, რომელიც გასცემს შესაბამის ვიზას.

ამ ეტაპზე უკვე განისაზღვრა, რომ სანიტარული სექტორში (care sector) დასაქმებისთვის ინდივიდუალურად კვალიფიკაციის აღიარების ნაცვლად მოხდება ამ სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ერთიანად აღიარება. დასაქმების სააგენტოსთან მოლაპარაკების შედეგად, ეს შეიძლება გავრცელდეს სხვა პროფესიებზეც, თუკი წარმოშობის ქვეყანაში გერმანიის ანალოგიური პროფესიული განათლების სისტემა არსებობს. ამიტომ ჩვენ საელჩო მჭიდრო კონტაქტზეა შესაბამის უწყებებთან გერმანიაში, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებას მიეწოდოს როგორც კი გერმანიაში ამ მიმართულებით განისაზღვრება კომპეტენციები.

რადგან გერმანიაში პროფესიული განათლება არის მიწების კომპეტენცია, ამიტომ ცენტრსა და მიწებს შორის ამ დეტალების განაწილება ნაკლები ბიუროკრატიით უნდა გაირკვეს ამ 7 თვეში, კანონის ამოქმედებამდე. ამისთვის კანონი იძლევა რეკომენდაციებს, მაგრამ ალბათ წლის ბოლომდე გაირკვევა ყველა დეტალი.

– როგორც ცნობილია IT სექტორის სპეცილისტებს არ მოეთხოვებათ კვალიფიკაციის აღიარება, რა დოკუმენტაცია დასჭირდებათ მათ გერმანიაში დასაქმებისთვის?

– ერთადერთი სფერო, რომელიც ახალი კანონმდებლობით არ საჭიროებს კვალიფიკაციის აღიარებას, ეს არის IT სექტორი. ამ დარგის სპეციალისტები კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და აღიარების გარეშე შეძლებენ გერმანიაში დასაქმებას. მათ მოეთხოვებათ მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება და იმ მომენტისთვის არსებული გარკვეული შემოსავლის ჩვენება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური