„აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი თბილისის ბაგა-ბაღებში 50%-ია“
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სეზონური ვირუსების გავრცელების ფონზე, თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
„სადღესასწაულო პერიოდისა და სეზონური ვირუსების გავრცელების ფონზე, აღსაზრდელთა დასწრება ბაღებში მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ორი დღის მონაცემებით, ბავშვთა დასწრების საშუალო მაჩვენებელი 50%-ია, რაც ამ პერიოდისთვის დამაკმაყოფილებელი მონაცემია.
ბაგა-ბაღები, ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინებით სარგებლობენ.
„ყველა ბაღში მუშაობს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კოორდინატორი, რომლის მოვალეობაში შედის აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი; ვირუსული ინფექციების სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში აღსაზრდელი არ დაიშვება საბავშვო ბაღში. პრევენციის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ასევე სააღმზრდელო ჯგუფების განიავება და ზედაპირებისა და ინვენტარის დასუფთავება სველი წესით.
„გარდა ამისა, სააღმზრდელო მეთოდოლოგია ითვალისწინებს აღსაზრდელებისათვის ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებას (ხელების დაბანა, დახველება-დაცემინებისას მოქცევის წესი და ა.შ.). აღნიშნულ კომპლექსურ მიდგომებთან ერთად, მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა ბავშვების ჯანმრთელობის კონტროლის რუტინაში“, – აცხადებენ სააგენტოში.
დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვრიდან განახლდა.
წყარო: 1tv.ge