GE

აკაკი წერეთლის მოთხრობა და „ვეფხისტყაოსანი“ – რა საკითხები ახსოვთ ქართულის I სესიიდან გამოსულ აბიტურიენტებს

2023 წლის აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი სესიიდან გამოცდიდან გამოსვლა უკვე დაიწყეს და მათი უმეტესობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ამბობს, რომ პროგრამული ნაწილიდან ტესტებში “ვეფხისტყაოსანი”, არაპროგრამულიდან კი აკაკი წერეთლის მოთხრობა შეხვდათ.

თბილისის, 207-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ნია ფოცხიშვილი EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტს უხსნის, რომ გარემო და სიმშვიდე მუშაობას უადვილებდა.

“დამკვირვებლებიც ზრუნავდნენ ჩვენზე, წინასწარ გაგვაფრთხილეს და მერე დაგვაწყნარეს. მე ძალიან მარტივი ვარიანტი შემხვდა – “ვეფხისტყაოსნიდან” ავთანდილისა და ტარიელის შეხვედრა მოვიდა და აკაკი წერეთლის მოთხრობა მოვიდა ერისთავ როსტომზე. რედაქტირებაც ძალიან მარტივი იყო, გააზრებაც, ტექსტთან შესაბამისად, არ გამჭირვებია. მოლოდინი კარგი მაქვს, მგონია, რომ 80%-იან ზღვარს გადავლახავ”, – გვითხრა აბიტურიენტმა.

მუხიანის 175-ე საჯარო სკოლიდან გამოსული აბიტურიენტი, თორნიკე ყეინაშვილი EDU.ARIS.GE -ს დეტალურად უყვება იმ საკითხების შესახებ, რომლებიც გამოცდაზე შეასრულა და იხსენებს, რა გაუჭირდა. მისი თქმით, პროგრამულიდან გამოცდაზე “ვეფხისტყაოსანი” მოვიდა თუმცა, თავად არაპროგრამული დავალება აირჩია.

“არაპროგრამულიდან იყო კითხვები აკაკი წერეთლის ნაწარმოებიდან “რაჭის ერისთავი როსტომი”, ნაწარმოები. შედარებით გამიჭირდა ამ დავალების შესრულება, რადგან დამაბნეველი კითხვები იყო. რაც შეეხება თხზულების თეზისს, ამბიციას ეხებოდა. ამბიციური ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავს უქმის საფრთხეს თუ გარშემომყოფებსაც, პოზიცია უნდა დაგვესაბუთებინა არგუმენტებით. რედაქტირების ნაწილში კავშირების წინ იყო გამოტოვებული მძიმეები, რამდენიმე სიტყვა ეწერა მრავლობითში, სწორი იყო მხოლობითი ფორმა”.

აბიტურიენტი ამბობს, რომ გასული წლის ტესტებთან შედარებით, წელს ბევრად მარტივი ტესტი შეასრულა და ვარაუდობს, რომ კონკურენცია მაღალი იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა 5-მა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს დავით ოქროპირიძემ და მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური