GE

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა. 90 წლის წინ, 1933 წლის 13 თებერვალს დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისში პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისთვის პირველი ზარი დაირეკა. სადგურ რიონიდან ფეხით წამოსულმა ქართველმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა საფუძველი ჩაუყარეს იმ საგანმანათლებლო კერის არსებობას, რასაც დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია.

ამ მოვლენას წინ, 1930 წლის ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია უძღოდა, როცა ხელისუფლებამ ის ოთხ დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად დაყო. ერთ-ერთი მათგანი პედაგოგიური ინსტიტუტი იყო, რომელმაც 1933 წლიდან ქუთაისში გადმოინაცვლა.

90 წლის წინ პროფესორ გიორგი ახვლედიანის მიერ ჩატარებული პირველი ლექციიდან დღემდე უნივერსიტეტმა დიდი გზა განვლო. 4 სასწავლო განყოფილებით დაწყებული უმაღლესი სასწავლებლის ისტორია დღეს მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, 10 ათასამდე ქართველი, 500-მდე უცხოელი სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლების წარმატებული საქმიანობითა და სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან წარმატებული თანამშრომლობით გრძელდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები დაიწყო. ადმინისტრაციულ კორპუსის მეორე სართულზე უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

სტუდენტებსა და თანამშრომლებს საიუბილეო თარიღი უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგო სვანაძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ მიულოცა.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში პროფესორმა იმერი ბასილაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე: ,,აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო კერა”;

პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ევროპეიზაციის პრობლემა ქართულ მწერლობაში”.

ფაკულტეტების დეკანებმა წარმატებული პროექტების, პროგრამების შესახებ ისაუბრეს და აუდიტორიას საიუბილეო წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

მიმდინარე სასწავლო წელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული, რაც მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სამეცნიერო, შემეცნებითი, კულტურული ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm