GE

სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა

სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის ორგანიზებით, კვირეული ჩატარდა, მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული, შემოქმედებითი და ინოვაციური ღონისძიებები.

1. შემოქმედებითი წერის კონკურსი;
2.„კულტურათა დიალოგის სივრცე – უცხოელი სტუდენტების მიერ ამეტყველებული ქართული კულტურა“;
3. საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტი საგანმანათლებლო სივრცეში“;
4.„წარმატების გზა საუნივერსიტეტო სივრცეში“- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან.

ინგლისური ენის კლუბში გამართული შეხვედრა პროფესორმა მაია ალავიძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა ქუთაისისა და ნიუპორტის მრავალწლიანი ურთიერთობის შესახებ. მან ასევე ისაუბრა იმ პერსპექტივებზე, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს სამომავლოდ სწავლის გაგრძელება ამავე ქალაქში მდებარე უნივერსიტეტში შეეძლებათ.

ღონისძიების მომდევნო ეტაპზე, სტუდენტებმა თავიანთი ნამუშევრები – ჩანახატები წაიკითხეს, რომლებიც შემოქმედებითი კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. ნამუშევრების თემატიკა იყო „მე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: შთაბეჭდილებები და მოსაზრებები“ (“Impressions and Reflections of Being an ATSU Student”). ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები, იმედები და მოლოდინები, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ თავს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის ამპლუაში. ამგვარმა დიალოგმა და გამოცდილების გაზიარებამ კიდევ უფრო გაზარდა მოტივაცია ახალგაზრდებში.

ღონისძიება „კულტურათა დიალოგის სივრცე – უცხოელი სტუდენტების მიერ ამეტყველებული ქართული კულტურა“ ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით მოეწყო, შეხვედრას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნინო ფხაკაძე.

უნივერსიტეტი სწორედ ის სივრცეა, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად შექმნან საერთო გამოცდილება. ქართველი, ინდოელი და სხვა ქვეყნების სტუდენტები აქ არა მხოლოდ ცოდნას იღებენ და ქმნიან მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობებს, არამედ აყალიბებენ მეგობრულ ურთიერთობებს.

ღონისძიებაზე მედიცინის ფაკულტეტის უცხოელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, წარმოაჩინეს ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და აკადემიური გამოცდილების ძირითადი ასპექტები. ქართველმა სტუდენტებმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს უცხოელი სტუდენტების მშობლიურ ენაზე ამეტყველებული კულტურისადმი.

კულტურული მრავალფეროვნება ადამიანთა საერთო მემკვიდრეობაა, წიგნი, რომელსაც მსოფლიო ერთად წერს, თითოეული კულტურა კი მისი შეუცვლელი ნაწილია.

კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს. საჯარო ლექციას თემაზე „ხელოვნური ინტელექტი საგანმანათლებლო სივრცეში“ უძღვებოდა ნოდარ ცაგარეიშვილი, ელექტრონული სწავლების კოორდინატორი. შეხვედრის მთავარი ნაწილი დაეთმო რამდენიმე AI პლატფორმის დეტალურ ანალიზს, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც მათი დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მსმენელებს მიეცათ საშუალება, პრაქტიკულად ენახათ, თუ როგორ სრულდება სხვადასხვა სასწავლო ამოცანა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით.

ლექცია აქტიური დისკუსიით დასრულდა. მსგავსი თემატიკის შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა საგანმანათლებლო სივრცეში დაინერგოს ინოვაციური პრაქტიკა, მოხდეს AI-ის გავლენის სიღრმისეული გააზრება და ხელი შეეწყოს განათლების თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების პროცესს.

კვირეულის დასასრულს გაიმართა ღონისძიება „წარმატების გზა საუნივერსიტეტო სივრცეში“. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ღონისძიების ფარგლებში რექტორმა დაჯილდოვა სტუდენტები, რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს უნივერსიტეტი სხვადასხვა აკადემიურ, სახელოვნებო და შემოქმედებით კონკურსში. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ მეცნიერებისა და სტუდენტთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების მონაწილე გამარჯვებული სტუდენტები, „სტუდფესტის“ პრიზიორები.

რექტორმა აღნიშნა, რომ სტუდენტები უნივერსიტეტის სიმდიდრეა, მათი მიღწევები აძლიერებს საგანმანათლებლო გარემოს. უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტების მხარდაჭერას, შეუქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის და ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის სრულ რეალიზებას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური