GE

ალტე უნივერსიტეტის ქართულენოვან და ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებს სრული აკრედიტაცია მიენიჭათ

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლამ პირველ წარმატებას შექმნიდან რამდენიმე თვეში უკვე მიაღწია – “კომპიუტერული მეცნიერების” ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სრული აკრედიტაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ალტე უნივერსიტეტი, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერული მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე შეძლებს არსებული პროგრამული პროდუქტების ანალიზს და განვითარებას, ან ახალი პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას სხვადასხვა სფეროს ამოცანებისთვის, თანამედროვე სტანდარტების და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელები არიან ალტე უნივერსიტეტის პროფესორი ნანა დიხამინჯია და ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი.

რას გთავაზობთ ქართულენოვანი და ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამები?

  • ინოვაციური სასწავლო მეთოდებით საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლების მიღების შესაძლებლობას;
  • უმაღლესი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალის მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს. ჩვენს თითოეულ ლექტორს აქვს პრაქტიკული გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებით. ასევე, ისინი არიან არაერთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორები და მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • თანამშრომლობას ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებთან და უცხოურ უნივერსიტეტებთან;
  • ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის და სტარტაპ გარაჟის ინოვაციურ პროექტებში ჩართულობას;
  • კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად Cisco Systems-ის ქსელური აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღებას;
  • ცისკოს აკადემიის სასწავლო პორტალზე წვდომას;
  • კავშირს დასაქმების ჰაბთან, რომელშიც გაერთიანებულია 60 000-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია;
  • ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, ტრენინგებს, საჯარო ლექციებს.

„კომპიუტერული მეცნიერების ორივე საბაკალავრო პროგრამა შედგენილია თანამედროვე სტანდარტებით, უახლესი სახელმძღვანელოებით და ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამაში სიღრმისეულადაა ჩაშენებული პრაქტიკული კომპონენტები. ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრი უკვე რამდენიმე საინტერესო პროექტს ახორციელებს, რომლებშიც ალტე უნივერსიტეტის მომავალი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან“, – აღნიშნავს ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრისა და ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივი დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება. სკოლის აკადემიური/სამეცნიერო და მოწვეული პერსონალი, სწავლების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები და დასაქმებაზე ორიენტირებული მიდგომები ჩვენს სტუდენტებს გამორჩეულ, ინოვატორ, მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოაყალიბებს“, – აღნიშნავს ნანი არაბული, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

2023 წელს, ალტე უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტების მიღებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:

საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა

კითხვების შემთხვევაში, მოგწვერეთ: ITschool@alte.edu.ge

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური