„ამ კითხვებმა უფრო დამაბნია, ვიდრე დავალებებმა“ – ისტორიის მეორე სესიის საკითხები და აბიტურიენტების შეფასებები
2022 წლის ეროვნული გამოცდები დღეს, 18 ივლისს, ისტორიის გამოცდით გაგრძელდა. ამ საგნის ჩასაბარებლად 21 800-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ისტორიის გამოცდას ორი დღე ეთმობა – დღეს ორ სესიად ჩატარდა, ხვალ კი მხოლოდ პირველი სესიაა ჩანიშნული.
გამოცდის მეორე სესია 15:00 საათზე დაიწყო. საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან მოყვნენ, რა სირთულის და კონკრეტულად რა საკითხები შეხვდათ შუადღით დაწყებულ გამოცდაზე.
გიორგი ბუსხრიკიძე, თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „რუკა იყო მოცემული ოსმალების დაპყრობაზე. ასევე, ბრძოლის სქემა შემხვდა შვედებსა და პოლონეთ-ლიტვაზე. პასუხები პირდაპირ წყაროდან უნდა ამოგვეღო. ერთი კითხვა იყო ბერძნულ კოლონიზაციაზე. ასევე, შემხვდა ქრონოლოგიური კითხვა, სადაც მოცემული იყო საფრანგეთი-პრუსიის ომი, უნგრელების აჯანყება ავსტრალიელების წინააღმდეგ, აშშ-ს სამოქალაქო ომი და უნგრეთის რევოლუცია. რაც შეეხება წყაროს დავალებას, ზოგი კითხვა ისეთი იყო, ცოტა ვრცლად უნდა მოგვეყვანა და ძლივს დავატიე ამ სივრცეში. წერილი შემხვდა, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებლობის კომიტეტისთვის იყო. თემა იყო მე-6 ჯვაროსნულ ლაშქრობაზე. რაც შეეხება არგუმენტირებულ დავალებას, შლიფენის გეგმაზე იყო – უნდა შესულიყო თუ არა გერმანიასა და ბელგიაში. ასევე იყო კითხვა ბაგრატ VI უნდა შესულიყო თუ არა ბიზანტიაში“.
ლუკა კახოშვილი, თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ერთქულიანში ჯვაროსნულ ომებზე იყო კითხვა. არგუმენტირებულ დავალებაში უნდა დაგვეწერა ბაგრატ IV უნდა შეხვედროდა თუ არა ბიზანტიის იმპერატორს. კიდევ ერთი დავალება – გერმანიას უნდა დაერღვია თუ არა ბელგიის ნეიტრალიტეტი და შეეყვანა ჯარი ბელგიაში. კარიკატურა შემხვდა მეორე მსოფლიო ომზე. რაც შეეხება წყაროს, რუსეთთან დაკავშირებით იყო მოცემული. ასევე, ქრონოლოგიაში უნდა დაგვეწერა დავით აღმაშენებლის რეფორმები და მე-19 საუკუნეში მომხდარი მოვლენები ქრონოლოგიურად უნდა დაგველაგებინა“.
თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ძალიან რთული ტესტი იყო დასაწერად, ძალიან გამიჭირდა. რაც მახსოვს, საკითხები შეეხებოდა როგორც საქართველოს, ისევე რუსეთს და გერმანიას. დავალებები იყო ძირითადად, მსოფლიო ომებზე. წყაროების დავალებაც იგივე თემებზე იყო – პირველი და მეორე მსოფლიო ომი. რუკის ნაწილში მოცემული გვქონდა საქართველოს რეგიონები და ჩვენ უნდა დაგვეწერა, საქართველოს რომელი კუთხე როდის იყო დაპყრობილი და ვის მიერ და ა. შ. ამ კითხვებმა უფრო დამაბნია მე პირადად, ვიდრე თვითონ თემებმა და დავალებებმა. ქრონოლოგიები შედარებით ადვილი იყო. ილუსტრაციაში ჰიტლერზე და მეორე მსოფლიო ომზე იყო დავალება“.
ნიკა ლომაძე, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „საკმაოდ მარტივი ტესტი იყო შერეული თემებით. უფრო მეტი კითხვა შემხვდა მსოფლიოს ისტორიიდან. იყო დახურული კითხვები ჯვაროსნულ ლაშქრობაზეც, პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებზე, ასევე ნაპოლეონის ომებზე. რუკაზე მოცემული იყო თურქ-სელჩუკების ბრძოლის პერიოდი, ილუსტრაციაზე ჰიტლერი იყო გამოსახული, რომელსაც თავში კონდახს ურტყამდნენ, რუკის ანალიზში მოცემული იყო სულთან სულეიმანის ბრძოლის მიმდინარეობა ევროპაში“.
ანა პატაშური, თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ილუსტრაციაზე გამოსახული იყო ჰიტლერი, რომელსაც კონდახს ურტყამდნენ და ჰიტლერის უკან ნაპოლეონის ჩრდილი. რუკის ანალიზში სულთან სულეიმანის ბრძოლა მოვიდა. მოვლენის ანალიზში გვთხოვდნენ ბაგრატ მეფის პოლიტიკის ანალიზს, რატომ უნდა აერჩია თანამშრომლობა ბიზანტიასთან“.
საბა დალაქიშვილი, 191-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: „ძალიან მარტივი იყო სიმართლე რომ გითხრათ, ისეთი რთული არაფერი. ძირითადად, საქართველოს ისტორიიდან იყო კითხვები – როგორც ძველზე, ისე ახალზე. ქრონოლოგიის ნაწილიც მარტივი მოვიდა და კონკრეტულად უნდა დაგველაგებინა დავით აღმაშენებლის გამეფების პერიოდი, ანესის შემოერთების წელი, ყივჩაღების შემოსევა და ხარკის შეწყვეტა. პირველი მსოფლიო ომი ჩვენს დავალებაში ნაკლებად იყო მოსული, ძირითადად მაინც მეორე მსოფლიო ომზე იყო დავალებები, კარიკატურაც უშუალოდ ამ პერიოდს შეეხებოდა. რაც შეეხება რუკას, ეს ოსმალების ლაშქრობებზე იყო – როდის სად ილაშქრეს, რა ტერიტორია მიიერთეს და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ძალიან მარტივი იყო ყველაფერი და მგონია, რომ სხვებსაც არ უნდა გაუჭირდეთ დაწერა“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს თამარ შუკვანმა, გოგა ნიჟარაძემ და მზეო შველიძემ
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება
-
„აბიტურიენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ნაწილში, როგორიც აქამდე ჰქონდათ“
by აბიტურიენტებისათვის
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება