„აბიტურიენტებს ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ნაწილში, როგორიც აქამდე ჰქონდათ“
უმაღლესი განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში, უმაღლესი განათლების მიღების მსურველი აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტების არჩევანი ძალიან ფართო იქნება.
ამ საკითხზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 9 დეკემბერს ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, არჩევანი იქნება უნივერსიტეტებს შორისაც და მათ შორის, ქართველ სტუდენტს შეეძლება, აირჩიოს კერძო უნივერსიტეტი ან სახელმწიფო უნივერსიტეტი.
“შეუძლია აირჩიოს კერძო უნივერსიტეტი, შეუძლია აირჩიოს სახელმწიფო, შეუძლია აირჩიოს სახელმწიფო და კერძო, შეუძლია აირჩიოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რეგიონული უნივერსიტეტის გაძლიერებაც გვინდა, გარდა თბილისში არსებული უნივერსიტეტებისა. ამიტომ, როგორც უნივერსიტეტების ნაწილში, ისე სპეციალობების, ფაკულტეტების ნაწილში, სტუდენტებს [აბიტურიენტებს] ექნებათ ისეთივე ფართო არჩევანი, როგორც ჰქონდათ აქამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის დამატებითი განმარტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის მიერ, 8 დეკემბერს, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. ზვიად გაბისონიამ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თქვა: „დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ანუ ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, მესამეში, მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება. ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება. ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები“.
ასევე იხილეთ:
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელთა ახალი სქემის პროექტი სკოლებს გადაეგზავნათ – EDU.ARIS.GE დოკუმენტს გიზიარებთ
by ARIS.GE-განათლება
-
კანონში ცვლილებებს, რომლებიც 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე იქონიებს გავლენას, პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს
by ARIS.GE-განათლება