GE

„ამ კონცეფციით, სკოლის საშუალო საფეხურიდან არც არაფერი დარჩა, გაუქმებულია!“ – რა ვუქენით სრულ ზოგად განათლებას სკოლაში

„სადღაა იქ საშუალო საფეხური, რაც ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე ვნახეთ?!… ჩვენ რაც ვიხილეთ, შეიძლება ითქვას, რომ სკოლის საშუალო საფეხური გაუქმებულია… რა უნდა შეიცვალოს ამით, ეს ნიშნავს პროგრამულად სკოლის ფუნქციის მორღვევას და გაფუჭებას, საშუალო საფეხურზე საშუალო სკოლა აღარ გვაქვს, ამას სხვა სახელი არ ჰქვია!“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ნიკო სილაგაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ყოფილი კოორდინატორი.

სპეციალისტის შეფასებით, განათლების მინისტრის მიერ წარმოდგენილი გეგმით, რომელიც 9-წლიან საბაზო განათლებას ითვალისწინებს და ორწლიან საშუალო საფეხურზე ერთი წელი რეპეტიტორიუმი უნდა იყოს, ეს ნიშნავს, რომ „ზოგადი განათლების კომპონენტი საშუალო საფეხურზე აღარ არის“.

მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში

– ბატონო ნიკო, ჩვენი საუბრის მთავარი თემა ზოგადი განათლების რეფორმაში საშუალო საფეხურის რეალურ „ყოფნა-არყოფნას“ შეეხება, თუმცა იქამდე, რომ შეგვიფასოთ, სასკოლო განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელიც 2 დეკემბერს განათლების მინისტრმა წარმოადგინა, რა იყო თქვენი განწყობა პრეზენტაციის შემდეგ, რა წარმოგვიდგინეს, რა მივიღეთ?

– ძალიან მიხარია, რომ საშუალო საფეხურის შესახებ ვაპირებთ საუბარს. ვითარებაში, როცა სამინისტრო მეორეხარისხოვანი პოპულისტური მესიჯებით (სასკოლო ფორმები, ტელეფონები, პირველკლასელთა რეგისტრაცია და სხვა) ცდილობს რეფორმის დღის წესრიგის შექმნას, მნიშვნელოვანია, ყველაზე არსებითი საკითხები არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ზოგადი განწყობა, რა თქმა უნდა, მკვეთრად ნეგატიური მაქვს. არ მინდა ვიფიქრო, რომ უბრალოდ დაგვცინიან.

8 პუნქტი, რაც მინისტრის პრეზენტაციაში ვიხილეთ, ნამდვილად არ წარმოადგენდა სიტუაციურ ანალიზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები გვაქვს დღეს სკოლაში; რა ვნებს ხარისხიან განათლებას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას. მეტიც, გამოკვეთილ მიმართულება-პრობლემებსა და მათი გადაჭრისთვის შემოთავაზებულ ამოცანებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირიც კი არ ჩანდა. რაც წარმოგვიდგინეს, ეს იყო არა კონცეფცია, არამედ პიარ-განცხადებების კრებული, რომლის საშუალებითაც „ორი კურდღლის დაჭერას“ ცდილობდნენ: (1) ერთი მხირვ, პრემიერ-მინისტრს უმტკიცებდნენ, როგორი „ქმედითუნარიანები“ არიან; (2) მეორე მხრივ კი, საზოგადოების კონსერვატიულად განწყობილი ნაწილის წინაშე კეკლუცობდნენ იმის იმიტაციით, თუ როგორ „იცავენ“ ქვეყანას ლიბერალიზმის იდეოლოგიური ზეგავლენებისგან.

პირველ ჯერზე, ამით ვიღაც მართლა შეიძლება მოტყუვდეს, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. არარსებულ ლიბერალიზმებზე ლაპარაკით საკუთარ არაკომპეტენტურობას ვერ გადაფარავ.

გამკვირვებია, ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტში ჩემი ყოფილი კოლეგები რომ გაჩუმებულან და საკუთარი მდუმარებით მინისტრის ირიბ ბრალდებებს ეთანხმებიან. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ვკითხო მათ – ამდენი ხანი ეროვნული სასწავლო გეგმა ლიბერალური იყო? ამდენ ხანს ლიბერალიზმის იდეოლოგიის კურიკულუმში ჩადებას ვცდილობდით, თუ პირიქით – ვაკონტროლებდით, კურიკულუმი რომელიმე იდეოლოგიური პლატფორმის სასარგებლოდ არ ყოფილიყო გადახრილი?

იმედია, სამინისტოში ვინმეს „ინსტიტუციური ღირსება“ თუ არა, პირადი თავმოყვარეობა მაინც შერჩა და პრეზენტაციაზე გაჟღერებულ ცილისწამებებს უპასუხოდ არ დატოვებს.

– ბრძანეთ, რომ კონცეფციის ამოცანებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირიც კი არ ჩანდა, რას გულისხმობთ, მოცემული გამოწვევების ჩამონათვალი 8 პუნქტად და შემდეგ მისი გადაჭრის საფეხურები – ასევე 8 პუნქტის სახით, ერთმანეთთან ბმაში არ არის?

– არ არის ბმაში. იმდენად ცხადი აცდენებია, რომ უხერხულიც კი არის ამაზე საუბარი:

ფუნდამენტურ საგნებს და მათ „დაფარვას“ ვაძლიერებთო და პარალელურად სკოლას ერთი კლასი მოაკლეს. ერთი კი არა, პრაქტიკულად ორი წელი ჩამოაჭრეს – მე-11 კლასი რეპეტიტორიუმად გამოცხადდა, რომელიც მხოლოდ სააბიტურიენტო საჭიროებებს მოემსახურება.

საინტერესოა – როგორ უნდა მოხდეს „ფუნდამენტური საგნების“ გაძლიერება, თუკი ამ საგნებს იმაზე ნაკლები საათი დაეთმობა, ვიდრე აქამდე ეთმობოდა?

პროგრამის გადატვირთულობა არისო პრობლემაო და უცხო ენების, ხელოვნება-მუსიკისა და სპორტის გარდა, პრაქტიკულად ყველა საგნების სწავლების გაძლიერება დააანონსეს (როგორც აღმოჩნდა მინისტრი „ფუნდამენტურ საგნებში“ გულისხმობს: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, მათემატიკას).

საინტერესოა – როგორ აპირებენ, თან ამდენი საგანი გააძლიერონ და თან პროგრამა განტვირთონ?

განახლებად სასწავლო რესურსებზე მუშაობა გვაქვსო პრიორიტეტად და გამომცემლობები, რომლებიც აქამდე რესურსის განვითარების პროცესში სამინისტროს მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ, საქმეს ჩამოაშორეს.

საინტერესოა – რა რესურსით აპირებენ რესურსების მუდმივ განახლებას? იმედია, სერიოზულად არავინ ფიქრობს, რომ ამას იმავე ავტორების დაქირავების გზით შეძლებენ, რომლებიც აქამდე კონკრეტულ გამომცემლობებთან თანამშრომლობდნენ (და რომლების წიგნებსაც გრიფი არ ენიჭებოდა).

დაფინანსების მოდელია პრობლემაო და პრობლემის გადაჭრის გზად ისევ იმავე მოდელის აღწერილობა შემოგვთავაზეს, რაც დღეს არსებობს.

საინტერესოა – რატომ იმუშავებს ეს მოდელი მიქანაძის ხელში უკეთ, ვიდრე სხვა მინისტრების ხელში მუშაობდა?

განათლების საფეხურებს შორის კავშირს ვაძლიერებთო და მე-12 კლასის არჩევითობის სახით ისეთი „ოღრო-ჩოღრო“ იდეა შემოიტანეს, რომ ადამიანი საერთოდ ვეღარ მიხვდება, უმაღლესში ტრანზიცია როგორ და რისი გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

კიდევ ბევრი ასეთი შეუთავსებლობის გამოკვეთა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ კონცეპტუალურად არავის არაფერზე აქვს ნაფიქრი.

დააკვირდით, მინისტრს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე არც კი უსაუბრია. არც სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები ჩქარობენ ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებას.

შედარებისთვის – პრეზენტაციაზე მკაფიოდ ითქვა, რომ „ახალი“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა 2026 წლის იანვარში დავამტკიცებთო, სასწავლო გეგმაზე კი მსგავსი არაფერი თქმულა (რაიმე მზად რომ ჰქონოდათ, აუცილებლად იტყოდნენ).

საინტერესოა, თუკი რაც „კონცეფციაში“ ითქვა, იმის შესაბამისი კურიკულუმი ან გამოგვივა, ან არა, მაშინ საერთოდ რაზე და რატომ ვსაუბრობთ. რა აზრი აქვს ისეთი ტიპის კონცეფციების საპრეზენტაციოდ გამოტანას, რომელსაც ზურგს შესაბამისი ფორმაციის ეროვნული სასწავლო გეგმა არ/ვერ უმაგრებს.

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

– თქვენ პრეზენტაციის შემდეგ წერდით, რას ეუბნება ეს კონცეფცია საზოგადოებას: „სკოლა – ეროვნული გამოცდებისთვის ვერ ამზადებს მოსწავლეს – ამიტომ, დღეს მისი საშუალო საფეხურის რეპეტიტორიუმად გამოცხადება დაანონსდა. ასევე, სკოლა კარიერულ მზაობას ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ, პროფესიული განათლება შემოგვაქვს სკოლაში და ვსაუბრობთ პროფორიენტაციის გაურკვეველ პროგრამებზე. ზოგადი განათლების საშუალო საფეხურს ზოგადსაგანმანათლებლო ფუნქციას ვუკარგავთ“ – რას ნიშნავს ეს თაობისთვის, მოსწავლისთვის?

– ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს არასწორად ესმით სკოლის ფუნქცია. სკოლა არ არის „მოსამზადებელი ცენტრი“. ეს არის სივრცე, სადაც მოსწავლე და მასწავლებელი შეზღუდული დროითი ლიმიტებისა და „საგამოცდო ციებ-ცხელებით“ გამოწვეული სტრესების გარეშე უნდა თანამშრომლობდნენ და განვითარებაზე ზრუნავდნენ.

მინისტრს პრეზენტაციაში ერთხელაც არ უხსენებია მოსწავლე, როგორც „სუბიექტი“, სამაგიეროდ სკოლას, უმაღლესისა და შრომითი ბაზრისთვის, ბავშვის ცუდი მომზადება არაერთხელ უსაყვედურა და ამ საყვედურზე დაფუძნებით „ინოვაციური იდეა“ – რეპეტიტორიუმი განავითარა. კი ბატონო, შეგვიძლია დავადასტუროთ ის ფაქტი, რომ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროგრამების შედგენისას მეტად (დაწყებით და საბაზო საფეხურზე მეტად) უნდა იქნას გათვალისწინებული უმაღლესის, ან პროფორიენტაციის კომპონენტი, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ეს ორი კომპონენტია წამყვანი. დამამთავრებელ კლასებში კვლავაც უმთავრესია ზოგადი განათლების იდეა – ღირებულების შეძენაზე და სასწავლო მასალის გათავისებაზე/სუბიექტივიზაციაზე ორიენტირება. ცხადია, თუკი სკოლაზე და არა „მოსამზადებელ ცენტრზე“ ვსაუბრობთ.

საუბარი რეპეტიტორიუმზე უბრალოდ სირცხვილია – სხვაგვარად ვერ იტყვი. ალბათ, მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასეთი ინიციატივა მინისტრის პირით გაჟღერდეს და ამას საზოგადოებისგან რეაგირება არ მოჰყვეს.

გამკვირვებია, რატომ დადუმებულან ეროვნული სასწავლო გეგმის სამმართველოს ექსპერტები, რომელიც წინა წლებში შეურიგებლად ებრძოდნენ გამოცდების ეროვნულ ცენტრს Cat – ის გამოცდების გამო. შეგახსენებთ, Cat – ის გამოცდებთან მიმართებით საკამათო იყო ის როლი, რომელსაც ეს უკანასკნელი სასკოლო ცხოვრებაში თამაშობდა – თურმე, მისი გამოისობით სასწავლო პროცესში „სიმძიმის ცენტრი“ გამოცდისთვის მზადებისკენ გადადიოდა და ამის გამო, რეალური სასწავლო მიზნები „თამაშგარე მდგომარეობაში“ რჩებოდა.

დაისმის შეკითხვა – ახლა როგორ არის საქმე? როცა სკოლას პირდაპირ რეპეტიტორიუმი დაერქვა ეს პრობლემა რატომ აღარ დაბრუნდა დღის წესრიგში? რატომ არ არიან სასწავლო გეგმის წამყვანი ექსპერტები ისეთივე შეურიგებელი განათლების სამინისტროს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიმართ, როგორც თავის დროზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ იყვნენ?

– თუკი დღევანდელ კონცეფციას გავაანალიზებთ, რა დარჩა საშუალო საფეხურიდან სკოლაში? გამოდის, რომ სკოლა ახლა თავად დაატრენინგებს მოსწავლეებს უმაღლესის გამოცდებისთვის? ასეთი მოსაზრებაც გამოითქვა, რომ რადგან მასწავლებლებს მეთორმეტე კლასის ჩახსნით საათები და შესაბამისად ხელფასი დააკლდებათ, სწორედ ამ რეპეტიტორიუმში დააკავებენ და ასე შეუვსებენ დანაკლისს, ამისთვისაც კეთდება… შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევ ისეთ მოსწავლეს მივიღებთ, როგორც აქამდე ვიღებდით?

– შეიძლება ითქვას, რომ საშუალო საფეხურიდან არც არაფერი დარჩა. ისეთ მოსწავლეს რომ მივიღებთ, რასაც აქამდე ვიღებდით და კიდევ უარესს, აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს, იმ გაგებით, რომ როდის იყო, პუნქტების გადანაცვლებით არსი იცვლებოდა. როგორც ჩანს, გადავდივართ 9+2 მოდელზე, საიდანაც მე-11 კლასი რეპეტიტორიუმი იქნება (მე-12 არჩევითი კლასი, რა იქნება, ამაზე არც ღირს ლაპარაკი); ანუ ზოგადი განათლების კომპონენტისთვის რჩება მხოლოდ მე-10 კლასი. საინტერესოა, რა და როგორ შეიძლება მოხერხდეს ამ ერთ წელიწადში.

შეგახსენებთ, ზოგადი განათლების თითოეულ საფეხურს აქვს სპეციფიკური მისია. საშუალო საფეხურის მისიისთვის საკვანძო სიტყვებია: „კვლევა“, „ცოდნის გაღრმავება“ და „ინტერესთა დიფერენცირება“, „პიროვნული პასუხისმგებლობისა და ავტონომიის ფორმირება“, „საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ მომზადება. ყოველივე ამას, ცხადია, საფუძველი წინა საფეხურებზე ეყრება, მაგრამ დამამთავრებელი კლასები არის ეტაპი, როცა ამ კომპონენტებზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება და მოსწავლეებისგანაც სხვა ტიპის სინთეზებს ველით (ამათ მიერ ბოლო ხანებში ასე ხშირად ხსენებული „ღირებულებითი განათლების“ თვალსაზრისითაც, სწორედ საშუალო საფეხურია გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი). ამ კომპონენტების განვითარებას, ცხადია, სოლიდური დრო და მომზადება სჭრდება, ამიტომაც შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში ზოგადი განათლების მოცულობის გახანგრძლივების ტენდენცია. უკიდურესად დაკნინებულ და რეპეტიტორიუმად ქცეულ სკოლაში კი, ცხადია, ამ ტიპის მიზნებზე პრეტენზია არავის ექნება.

მავანი იტყვის, რომ ეს ყველაფერი მაინც არ ხდებოდა სკოლებში და რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. ეს, ცხადია, დემაგოგიაა. სკოლა იმიტომაც არის სკოლა, რომ უნდა ფუნქციონირებდეს როგორც საჯარო სკოლა. არც გივი მიქანაძეს, არც თამარ მახარაშვილს და არც მის გარშემო შემოკრებილ ადმინისტრაციულ-აპარატულ ელიტას, არ აქვთ უფლება, ასეთ ეროვნული მნიშვნელობის ინსტიტუციას ფუნქცია-მოვალეობები შეუცვალონ და „მოსამზადებელ ცენტრად“ აქციონ.

არაფერს კარგს ეს ინიციატივა არ მოიტანს. მივიღებთ ზუსტად იმას, რასაც აქამდე ვიღებდით, უბრალოდ აღარ იარსებებს პოტენციალი რაიმეს გასავითარებლად და გასაძლიერებლად (დასამარდება ყველა ის ხედვა, პროექტი და ინიციატივა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში საშუალო საფეხურისა და მთლიანად სკოლის განსავითარებლად მუშავდებოდა).

ნურც იმის ილუზია ექნებათ მშობლებს, რომ რეპეტიტორიუმად ქცეული მე-11 კლასი ვინმეს ფინანსებს დაუზოგავს და ბავშვს მართლა უმაღლესისთვის მოუმზადებს. როდის იყო, „შესაკრებთა გადანაცვლებით რომ ჯამი იცვლებოდა“.

თუ ამ რეპეტიტორიუმს მართლა საათობრივი დანაკლისის შესავსებად გამოიყენებენ, მაშინ გამოდის, რომ აქ ისევ ის მასწავლებლები იქნებიან, რომლებიც ბავშვს მანამდეც ასწავლიდნენ; თუკი რეპეტიტორიუმი მხოლოდ „განსაკუთრებულად ძლიერი“ მასწავლებლების დომეინად გამოცხადდება, მაშინ საათების პრობლემას ვერსად წაუვალთ (იმ მასწავლებლებს, რომლებსაც სკოლის და კერძოდ, საშუალო საფეხურის მისია არ ადარდებთ, ვთხოვ, ამ ტიპის ფაქტორებს მაინც მიაქციონ ყურადღება).

– როგორ შეიძლება, ეს აისახოს სასწავლო პროგრამის თუ კურიკულუმის შეკვეცა-გადანაწილებაზე, როგორ უნდა ჩაეტიოს ათ წელში? მთავრობა გვეუბნება, რომ გაუნათლებელი თაობის მართვა ადვილია და მათ განათლებული ახალგაზრდობა სურთ, მეორე ხელით კი ვიღებთ ზოგადი განათლების ასეთ გზას კონცეფციაში, რამდენად შესაძლებელია ასეთი სწავლებით კონკურენტუნარიანი, განათლებული კურსდამთავრებული გვყავდეს? როცა პროგრამა ათ კლასზე უნდა გაიწეროს, მეთერთმეტეში კი მხოლოდ იმ საგნებში მოვამზადოთ სკოლაში, რომელსაც მისაღებ გამოცდებზე ჩააბარებს, იქ ხომ სულ 3 ან 4 საგანზეა საუბარი…

– ამ საკითხზე საუბრისას კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ არ გვიხილავს მიქანაძის ახალი კონცეფციის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა; არც ის ვიცით, როდის ვიხილავთ. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების კოორდინატორად, ძნელი წარმოსადგენია, რა და როგორ შეიძლება ჩაიწეროს სასწავლო გეგმაში ისე, რომ დოკუმენტმა „სახეც შეუნარჩუნოს“ და თან ახალ ინიციატივებთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. კერძოდ:

– რა უნდა ისწავლოს ბავშვმა არჩევით მე-12 კლასში? ან რა დატვირთვა/მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს აქ მიღებულ ცოდნას;
– როგორ შეიძლება ორი წლით ზოგადი განათლების ხანგრძლივობის შემცირების პირობებში ე.წ. „ფუნდამენტური საგნების“ გაძლიერება;
– როგორ შეიძლება, სასწავლო საფეხურებმა (განსაკუთრებით კი საშუალო საფეხურმა) შეინარჩუნოს რეალური ფუნქცია – ანუ უზრუნველყოს წინა საფეხურზე შეძენილი ცოდნის გაღრმავება.

10 + 2 – ის ფორმატში კურიკულუმები ისე იყო გააზრებული, რომ ბავშვი საბაზო საფეხურზე (7-10 კლასებში) საგნის მთელ კონტურებს ხედავდა, საშუალო საფეხურის ეტაპზე კი „ინტეგრირებული საგნების“ ფორმატში იღრმავებდა იმავე ცოდნას.

დღეს მოქმედი 9 + 3 – ის ფორმატშიც იგივე მიდგომა იყო, უბრალოდ, მთლიანი კონტურების ჩვენება სამწლიანი საბაზო საფეხურის ფარგლებში ყველა საგანში ერთნაირად კარგად ვერ გამოდიოდა, ამიტომ, ბუნებრივად იზრდებოდა საშუალო საფეხურზე კერძო საგნების კურიკულუმების მნიშვნელობა.

ახალ ფორმატში ვერცერთი ეს მიდგომა ვერ დარჩება უცვლელად. მოუწევთ, საგნის მთლიანი კონტურები საბაზო და საშუალო საფეხურზე გადაანაწილონ. მივიღებთ ვითარებას, როცა მე-10 კლასის სასწავლო მასალა საბაზო საფეხურის პროგრამების „კუდი“ იქნება და არა კურიკულუმი, რომელიც ახლებურად, უკვე საშუალო საფეხურის სპეციფიკის გათვალისწინებით, უფრო სიღრმისეულად იაზრებს წინა პერიოდში ნასწავლ თემებსა და საკითხებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგადი განათლების თვალსაზრისით საშუალო საფეხურს სპეციფიკური ფუნქცია აღარც ექნება. ის უბრალოდ ამოავსებს რაღაც შინაარსობრივ დანაკლისებს, რისი სწავლებაც საბაზოზე ვერ მოესწრო და შემდეგ რეპეტიტორიუმს გადასცემს ესტაფეტას.

საინტერესოა, ასეთ სტილში გაწერილ საგნებში როგორღა იქნება დაცული ის „შინაარსობრივი მთლიანობა“ და „სისტემური თანმიმდევრულობა“, რომელსაც პრეზენტაციაში გივი მიქანაძე ასე ძალიან ადვოკატირებდა (შეგახსენებთ, სწორედ ამ ორი კომპონენტის კუთხით ხარვეზებს საყვედურობდა ის მოქმედ სახელმძღვანელოებსა და პროგრამებს).

– წარმოდგენილ კონცეფციაში სასკოლო გამოცდაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, მაშინ, როცა CAT-ის მსგავსი სასკოლო შეფასების დანერგვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გიორგი ამილახვარის მინისტრობის დროს იყო მიღებული და ეს უნდა ყოფილიყო „მოსწავლის სკოლიდან უმაღლესში ტრანზიციის საშუალება“, როგორც ამას მინისტრი გვიხსნიდა, გამოცდა თუ გვექნებოდა თუნდაც ამ კონცეფციის ფარგლებში, რამდენად გავიდოდით შედეგზე?

– ასეთი ტიპის პრობლემებზე „10+2“ ფორმატში იყო საუბარი. კლასიკური ტიპის გამოცდების ფორმატი არ განიხილებოდა, საუბარი იყო სკოლის გაძლიერებისა და მისი ატესტატის სტატუსის აწევის მექანიზმებზე. ანუ საკვანძო შეკითხვა იყო – როგორ განვავითაროთ სკოლა; როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად მისი პოტენციალი? სისტემურ ბერკეტებზე მსჯელობაც ამ შეკითხვით იყო ინსპირირებული.

რასაც მიქანაძის ადმინისტრაცია გვთავაზობს, ეს სულ სხვა მიდგომაა. აქ პრაქტიკულად აღიარებულია სკოლის „ატროფია“ და ყველა გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით მიიღება: ა) მცირდება ზოგადი განათლების ხანგრძლივობა; ბ) სკოლას ევალება „მოსამზადებელი ცენტრის“ ფუნქციის შესრულება; გ) სამინისტრო რესურსიც ხალხისგან „ანტისასკოლო განწყობების“ ამოქაჩვაზეა ორიენტირებული, ნაცლად იმისა, რომ სკოლის იმიჯის გაძლიერებას ემსახურებოდეს …. ამ ვითარებაში, ცხადია, უმაღლესში ტრანზიციასა და სხვა მსგავს სისტემურ პრობლემებზე მსჯელობა მხოლოდ ტექნიკურ საკითხად რჩება (ძველად თუ რამეზე იყო საუბარი, ესეც კარგავს აქტუალობას).

– და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, თუ მე, მოსწავლეს მეთერთმეტე კლასში მხოლოდ უმაღლესში მისაღებ საგნებში „მამეცადინებენ“, რამდენად შემიძლია ვთქვა, რომ მე სრულყოფილი ზოგადი განათლება მივიღე?

– რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ, მაგრამ კონცეფციის ავტორების ვერაგული დემაგოგიაც ამაზეა გათვლილი. დააკვირდით, არც ამტკიცებს არავინ, რომ ასეთი განაწილებით სწავლა-სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება (ფორმალური არგუმენტებიც კი არ მოჰყავთ ვინმესთვის „თვალში ნაცრის შესაყრელად“). მთელი ძალისხმევა მიმართულია შემდეგი ნარატივის გასააქტიურებლად:
„მე-12 კლასში მაინც ტყუილად დადიოდა მოსწავლე და არ ჯობია, უფრო ნაკლებ დროში უფრო ეფექტურად მოვამზადო უმაღლესისთვის, თუ სხვა შრომით ბაზარზე აქტუალური პროგრამებისთვის…… სკოლაში მაინც ყველაფერი ჩამოშლილია და არ ღირს მის დასაცავად ზედმეტად თავის გამოდება (მაგალითად, ხმის ამოღება და ამით თვის ბოლოს ხელფასის, პლიუს წლის ბოლოს პრემიის გარისკვა)“.

დაისმის შეკითხვა – რა ჰქვია ასეთი განწყობების გაღვივებას, თუ არა იმ საქმის ღალატი და დივერსია, რომლის ადვოკატირებისა და დავისთვისაც ხელფასს გიხდიან? რასაც ვუყურებთ, ეს ნამდვილად ზოგადი განათლების დივერსიაა და სხვა არაფერი. ამ დივერსიის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე, გივი მიქანაძე და ზოგადი განათლების კურატორი მოადგილე თამარ მახარაშვილი, არამედ სკოლამდელი და ზოგადი განათლების მთელი დეპარტამენტი, რომელიც ბოლო ხანებში საგანმანათლებლო პროფილის დეპარტამენტზე მეტად სანოტარო კანტორას მოგვაგონებს.

ასევე იხილეთ:

„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება

8 გამოწვევა – განათლების მინისტრი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას წარადგენს (ვიდეო)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური