ამბავი იმაზე, თუ რაში დავხარჯე ცხოვრების 12 წელი
მოსწავლის ბლოგი
ავტორი: მეგი თედორაძე
გამარჯობა, სალამი, /დილა/დღე/საღამო/ღამე მშვიდობისა, Hello, Здравствуйте, Guten tag, მე მეგი მქვია, მე-12 კლასში ვსწავლობ და ზემოთ ჩამოთვლილი მისალმების ფორმები ერთ-ერთია იმ მასალას შორის, რომელიც სკოლამ მასწავლა. ალბათ იტყვით, ამ ყველაფერს სკოლის გარეშეც კარგად ისწავლის ადამიანიო და მართლებიც იქნებით. სკოლა არც იმისთვისაა საჭირო, ერთნიშნა, ორნიშნა და ჯანდაბას, გავწიროთ თავი, სამნიშნა რიცხვებზე მოქმედების შესრულება ისწავლო. არც იმისთვის, გადაწერის ან დერეფანში დამალვის პრინციპებს დაეუფლო. მითუმეტეს, სკოლა არაა საჭირო იმისთვის, რომ დილით, მშობლების მიერ სახლიდან “გამოგდებულმა,” დროებითი თავშესაფარი იპოვო დღის ორ საათამდე.
თუ ქართული ვიკიპედიის მწირ რესურსს დავეყრნობით, “სკოლა, ზოგადად, არის დაწესებულება სადაც მოსწავლეები სწავლობენ მასწავლებლებისგან.” მინდა თქვენი ყურადღება ერთ სიტყვას მივაპყრო: სწავლობენ.
რას ვსწავლობთ სკოლაში? რაში იხარჯება ადამიანის ცხოვრების 12 წელი, ვიდრე სრულწლოვანებამდე? ახლავე მოგახსენებთ.
სკოლაში მოსწავლეები სწავლობენ ურთიერთობებს; ისეთი სირთულეების გადალახვას როგორიცაა, მაგალითად დავალების არქონა უპატიებელი (!!!) მიზეზის გამო; სწავლობენ, როგორ შეიძლება ქუჩური “საქმის გარჩევა” უკანა მერხებზე; როგორ შეიძლება ზურგს უკან მასწავლებლის ლანძღვა; როგორ შეიძლება აიტანო სხვების აგდებული დამოკიდებულება შენი მშობლის სამსახურის ან მანქანის მიმართ; როგორ შეიძლება გიხმებოდეს კუჭი იმის გამო, რომ საკვები მოიპოვება (კაფეტერიაში), მაგრამ არაფრად ვარგა; სწავლობენ, როგორ უსმინონ მასწავლებელს თანამგრძნობი სახეებით, როცა მავანი 20 წლის წინანდელ ოჯახურ პრობლემას ყვება “სევდიანი ფიქრთ გასართველად” და ასე უსასრულოდ. მაგრამ, ქართული საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 20-25% სწავლობს ლიტერატურას, მათემატიკას, ისტორიას, ფიზიკას, ბიოლოგიას და იმას, რაც უნდა ისწავლებოდეს, რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილ “უმნიშვნელოვანეს” უნარებთან ერთად.
მე, როგორც უკვე ვთქვი, მე-12 კლასში ვარ და სკოლა ჩემთვის იმდენად ახლობელია, როგორც საკუთარი სახლი და სწორედ ამიტომ, ალბათ, შემიძლია თავს უფლება მივცე და იმ ადამიანებს, რომლებთაც ოდნავი წარმოდგენაც კი არ აქვთ სკოლის ცხოვრებაზე, რაღაცები ვუთხრა. მაგრამ მანამ, სანამ სერიოზულ საუბარზე გადავალ, მინდა წინასწარ მომიტევოთ, მე ხომ ქართული გრამატიკის მხოლოდ საფუძვლები ვიცი და შეიძლება ფილოლოგებისთვის უპატიებელი შეცდომები გამეპაროს. რა ვქნა, მე-6 კლასის შემდეგ არავის შეუწუხებია თავი, ჩემთვის გრამატიკა ესწავლებინა, ამიტომ მომეტევება.
პირველი, რაზეც ყურადღების გამახვილება მინდა, სწორედ ყბადაღებული ქართული გრამატიკაა. საქმე იმაშია, რომ ქართული გრამატიკა მე-6 კლასის შემდეგ ოფიციალურად აღარ ისწავლება და მხოლოდ გაბნეულად თუ შეგხვდებათ მე-7, მე-8 და მე-9 კლასის წიგნებში. მე-10, მე-11, მე-12 კლასებში კი ერთ წინადადებასაც ვერ ნახავთ, თუნდაც გაკვრით ნათქვამს, გრამატიკულ საკითხებზე. არადა, ინგლისური პირველი კლასიდან ისწავლება და სკოლის დარსულებამდე არ წყდება მისი გრამატიკის შესწავლა. ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ უნდა ვსწავლობდეთ ინგლისურ გრამატიკას 12 წელი და ქართულს მხოლოდ 6? ის, რომ ქართველები ვართ და “ვიცით” სისულელეა და ამას მოსწავლეთა (და არამხოლოდ) საერთო ფონი კარგად მოწმობს. თუ ჩემი არ გჯერათ, ნებისმიერი გამვლელი გააჩერეთ და ჰკითხეთ რა არის ზმნიზედა. შეიძლება გაგიმართლოთ და ფილოლოგი შეგხვდეთ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ დაბნეულ თვალებს წააწყდებით. ალბათ მავანი დაინტერესდება, რაში გვარგია იმის ცოდნა თუ რა არის ზმნიზედა. პასუხი კი მარტივზე მარტივია, ნებისმიერმა ქართველმა ადამიანმა საკუთარი ენა საფუძვლიანად უნდა იცოდეს.
მეორე და ჩემთვის ძალიან მტკივნეული საკითხი, გაურკვევლობაა. არა, არც პირად ურთიერთობებში გარკვევის პრობლემა მაქვს და არც ტანსაცმლის არჩევაზე ვდარდობ. უბრალოდ, ახლა აბიტურიენტი ვარ და ძალიან მიჭირს გადავწყვიტო რა კუთხით გავაგრძელო სწავლა. ჰუმანიტარული განხრა ავირჩიო, თუ ტექნიკური; ის ავირჩიო რაც მომწონს, თუ ის, რაც შემოსავლიანია. ჰოდა, მთელი ომი მაქვს საკუთარ თავთან, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რადგან ზუსტად იმავე მდგომარეობაშია ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების 99%. რატომ? პასუხის მისაღებად სიღრმეებში მოგიწევთ წასვლა, მაგრამ აღარ გაგაწვალებთ და პირდაპირ გეტყვით, რომ სკოლა ვერ უქმნის მოსწავლეს ისეთ ზოგად განათლებას, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს: პირველი, საკუთარ თავში გარკვევა და მეორე, პროფესიულ არჩევანის გაკეთება.
ალბათ, ეს საყოველთაო გაურკვევლობა იმის ბრალია, რომ ქართული სკოლის მოსწავლეები ყველაფერს თანაბარ დონეზე ვსწავლობთ. მაგალითისთვის, მე, რომელსაც არაფერში მჭირდება ჩაძირულ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალის გამოსათვლელი ფორმულა, ან ალკანების, სპირტებისა თუ ალდეჰიდების ჰომოლოგიური რიგების ზეპირად ცოდნა, ამ ყველაფრის სწავლა მიწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ატესტატს ვერ ავიღებ და ვერც იმ უმაღლეს სასწავლებელში შევძლებ სწავლის გაგრძელებას, სადაც არასდროს მასწავლიან ფიზიკასა და ქიმიას.
ოპტიმალური გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, სწავლის გონივრული, საფეხურებრივი დაყოფაა. ჩემი მოკრძალებული აზრით, საშუალო განვითარების მქონე მე-9 კლასელმა ნამდვილად იცის რა უფრო მოსწონს, ლიტერატურა და ისტორია, ფიზიკა-მათემატიკა თუ ქიმია-ბიოლოგია. მას, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა საგანში, გარკვეული ცოდნა გააჩნია და შეუძლია აირჩიოს, რისი შესწავლა სურს სიღრმისეულად დამამთავრებელ კლასებში. სწავლის ასეთი დაყოფა მოსწავლეებს დაეხმარებათ კარგი საფუძველი ჰქონდეთ ყველაფერში და ცოდნა გაიღრმავონ იმ საგნებში, რომლებიც განსაკუთრებით მოსწონთ. მაგალითისთვის, მე, ფიზიკაში, არქიმედეს კანონისა და თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის თვისებების სანაცვლოდ, მეცოდინება მხოლოდ მიზიდულობის ძალა, ატომის აგებულება. ქიმიაში კი ის, თუ რისგან შედგება ჰაერი და წყალი. სხვა მხრივ, ძალიან კარგად მეცოდინება საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია და ქართული ლიტერატურა და გრამატიკა (!!!). ნამდვილად მჯერა იმის, რომ ამგვარი მიდგომა შედეგს გამოიღებს და 12 წლიანი სწავლის შემდეგ, ზედაპირზე პროფესიონალიზმის საწყისები ამოტივტივდება და არა ყველაფრისა და ამავე დროს, ნორმალურად არაფრის ცოდნის გადასაყრელი ნარჩენები.
ახლა კი მეტად თავს აღარ შეგაწყენთ. ალბათ, თქვენც მოგეხსენებათ, რომ სკოლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობა დაუსრულებლად შეიძლება. ძალიან გთხოვთ, მხედველობაში მიიღოთ ის, რომ ყველაფერი რაზეც ვისაუბრე ჩემი პირადი აზრია და სავსებით შესაძლებელია იმ ჭეშმარიტებას არ შეესაბამებოდეს, რომლისაც თქვენ გჯერათ.
გმადლობთ ყურადღებისთვის!