GE

საქართველოს ანგელოზის დღე – რა ვიცით წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ

დღეს გიორგობაა. ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წმინდა გიორგის. ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვართ, საქართველოში მისი სახელობის 400-მდე ტაძარია.

როგორ გადმოგვცემს წმინდა გიორგის ცხოვრებისა და მისი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ ისტორიას დეკანოზი, მამა გიორგი სხირტლაძე:

წმინდა გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებულმა დედამ შვილის ქრისტიანულად აღზრდა განაგრძო. ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ახოვანმა, მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლიტიანეს ყურადღება მიიპყრო. მან რაზმის უფროსად დანიშნა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.

კერპთაყვანისმცემელმა იპერატორმა თავისი გამგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. მან სრული თავისუფლება მიანიჭა ქრისტეს მიმდევრების დასასჯელად მმართველებს. ეს რომ შეიტყო გიორგიმ, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა, სენატში გამოაცხადა და ყველას მოუწოდა, ჭეშმარიტი სარწმუნოება მიეღოთ. “მე მონა ვარ ქრისტესი, ღმრთისა ჩემისა და მსასოებელი მისი. საკუთარი ნებით წარვმსდგარვარ თქვენ წინაშე, რათა ვეწამო ჭეშმარიტებისთვის”. თავისი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლიტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, რომ განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის.

წმინდანმა უთხრა: “ვერავითარი ამასოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს, რომ ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს”. განრისხებულმა მეომრებმა შუბის კვრით დააპირეს გაყვანა, მაგრამ წმინდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა. საპყრობილეში დიდი ლოდი და ბორკილები დაადეს, ნაწამები იმპერატორს წარუდგინეს. განრისხებულმა დიოკლიტიანემ ბრძანა, ყელზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ. დიდი მოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინისმახვილებიანი ძელი დაუდეს.

დიოკლიტიანემ იფიქრა, რომ იგი უკვე აღესრულა და ბრძანა, სხეული ბორბლიდან ჩამოეხსნათ. ამ დროს სასწაული მოხდა, უცებ ჩამობნელდა და ჭექა-ქუხილი დაიწყო. მაღლიდან ხმა მოისმა: “ნუ გეშინიან, გიორგი, მე შენთან ვარ”. ბორბალთან უჩვეულო ნათლით მოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს და უთხრა: “გიხაროდენ”. წმინდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა. დიოკლიტიანემ როდესაც ნახა ცოცხალი გიორგი, თვალებს არ დაუჯერა. იმპერატორის განკარგულებით, წმინდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გახურებული კირი დააყარეს.

სამი დღის შემდეგ წმინდანი ისევ უვნებელი იყო. იმპერატორის ბრძანებით, ლურსმნებგაყრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპყრობილემდე. წმინდანს ორი სისხლით სავსე თასი შეასვეს. პირველ თასს ის მორჩილი უნდა გაეხადა, მეორეს კი უნდა მოკლა. დიოკლიტიანემ წმინდანს დაავალა, ქრისტიანობის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა. ამის შემდეგ კიდევ შესთავაზა დიოკლიტიანემ ქრისტეს უარყოფა წმინდანს, მაგრამ ამის პასუხად მან კერპებისთვის ჯვრის გარდასახვა მიიღო. დიოკლიტიანემ წმინდა გიორგი სიკვდილით დასაჯა.

ანდერძის თანახმად, წმინდანის სხეული პალესტინის ქალაქ რამალაში დაკრძალეს, შემდეგ კი ქალაქ ლიდიაში გადაასვენეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა.

ქართულ კალენდარში 23 ნოემბერი აღნიშნულია, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში არ არის აღნიშნული. 6 მაისი მისი თავის კვეთის, ანუ გარდაცვალების, მიწიერი ცხოვრების დასასრულის დღეა. რა თქმა უნდა, ორივე თარიღი საგულისხმოა ჩვენთვის, განსაკუთრებით საქართველოში, რადგან წმინდა გიორგი ჩვენი ერის მფარველი ანგელოზია. ისე, როგორც თითოეულ ადამიანს, ასევე ყველა ერსაც ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, განსაკუთრებით ისეთ მართლმადიდებელ ქრისტიან ერს, როგორიც ქართველი ერია.

საქართველოს ღმერთმა მფარველი ანგელოზი მოუვლინა, ყოველი ბოროტებისგან დამცველი. განსაკუთრებით პატივცემულია საქართველოში წმინდა გიორგი, როგორც ჩვენი პატრონი წმინდანი. ამიტომ მისი ბორბალზე უმძიმესი წამების დღე, პირველი მკვლელობის დღე, 23 ნოემბერს აღინიშნება, რამდენჯერაც მოკლეს წმინდა გიორგი, იმდენჯერ გაცოცხლდა, ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშინელი წამება, მიწიერი განსაცდელი ბორბალზე წამება იყო, რომლის დროსაც მან სიცოცხლისთვის არაადეკვატური ჭრილობები მიიღო, მაგრამ ღმერთმა აღადგინა. საოცარია ბოროტი ძალების, ამ შემთხვევაში დიოკლიტიანეს სულიერი სიბრმავე და სიბნელე, როდესაც ის მკვდრეთით აღმდგარ ადამიანს ხედავს და მაინც არ სწამს ქრისტე. საოცარია ღვთის სასწაულები წმინდა გიორგის ცხოვრებაში აღსრულებული, რომელიც მეტყველებს და მოწმობს, თუ რა შეუძლია ღმერთს, რა გარდაქმნა, რა მეტამორფოზა, როგორ შეუძლია, მომავალი მკვდრეთით აღდგომა მოასწავოს. ასეთი სასწაულებით მიწაზე მოასწავებს მომავალ მკვდრეთით აღდგომას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური