„ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!
წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს.
III
მე ბიჭი ვარ და საბალეტო სტუდიაში დავდივარ. ეს საშინელებაა, რადგან არც ბალეტი მიყვარს და არც კლასელების და მეზობლების დაცინვის გაძლება შემიძლია, მაგრამ დედაჩემს და ბებიაჩემს არაფერი ესმით – ძალით მაჩვენებენ რაღაც საბალეტო დადგმებს, მიყვებიან ბალეტის ისტორიას, სხვადასხვა ბალერონთა ამბებს და ცდილობენ დამარწმუნონ, რომ მე ვერ ვხვდები. განა ვერ ვხვდები, მაგრამ ხალხის მეშინია, არ დამცინონ და სინამდვილეში ეს მაქვს გადასალახი. ჩემი ოჯახის წევრები კი ვერაფრით დავარწმუნე, რომ არც დაცინვა მომწონს და ბალეტიც ნამდვილად არ მიყვარს. თან დედას რაღაც ავადმყოფობა სჭირს, ახლახან აღმოაჩნდა და ბებია სულ მიმეორებს: „საწყალი დედაშენის ოცნება როგორ არ უნდა აახდინო და ბალეტს როგორ უნდა შეეშვაო!“
გარეთ გასვლა მეზიზღება უკვე. ბალეტის გაკვეთილი საღამოს 7 საათზე მთავრდება და ზამთარში, როცა ბნელა, იოლია – ისე გამოვივლი ხოლმე ეზოს, თითქმის ვერავინ მამჩნევს. ზაფხულში კი, როცა გვიან ბნელდება, სიკვდილივით მეზარება ეზოში შემოსვლა. უბნის ბიჭები რეპლიკებს მესვრიან და დედასთან ან ბებიასთან ერთადაც რომ ვიყო, ხმამაღლა იცინიან, ვიდრე სადარბაზოში არ შევალ ხოლმე, ამ ჯოჯოხეთური გზის გავლის შემდეგ. დედასაც და ბებიასაც ესმით ეს დაცინვა, მაგრამ ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და მეც მასწავლიან, რომ ისე მოვიქცე, თითქოს არ მესმის. ეს კი შეუძლებელია. არ ვიცი, მათ როგორ გამოსდით, მე კი ყველა სიტყვა ისე მტკივა, თითქოს დამარტყეს და, მგონი, დარტყმაზე უფრო მეტადაც!
შარშან საშინელება მოხდა. მაშინ პატარა ვიყავი და ძალიან განვიცადე. ახლა ცოტა დიდი ვარ და უფრო იოლია გახსენება. მოკლედ, ერთ-ერთ შესვენებაზე ჩემმა კლასელებმა ისევ ჩემი დაცინვა დაიწყეს. მასწავლებელი მიცავდა, მაგრამ მას არავინ უსმენდა. მასწავლებელი მუდამ ასე, თითქოს მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს ხოლმე, რადგან დაბალი ხმა აქვს, და არც ბავშვებს უყვართ ისე, რომ მოუსმინონ. მასწავლებლის ან უნდა გეშინოდეს, ან უნდა გიყვარდეს. ჩვენი მასწავლებელი კი არც უყვართ და, მით უფრო, არ ეშინიათ მისი. ამიტომ, ისე გამოდის, რომ თითქოს მუდამ თავისთვის ლაპარაკობს. მე ადრე ვუსმენდი. ახლა ვეღარც მე ვუსმენ, რადგან სულ ერთსა და იმავეს იმეორებს და ახალს არაფერს ამბობს. ჰოდა, ამ დაცინვის დროს მე ვეღარ მოვითმინე და ერთ ჩემს კლასელს ხელი ვკარი. მისმა მეგობარმა კი წიგნებით სავსე მძიმე ჩანთა ჩამარტყა თავში. ისე მეტკინა, ტირილი დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ტვინის შერყევა მიმიღია და რამდენიმე კვირა სახლში ვიწექი. ეს დღეები იმით იყო სასიხარულო, რომ ბალეტზე ვერ დავდიოდი და ამიტომ გამოჯანმრთელება აღარც მინდოდა. როცა ექიმებმა სკოლაში დაბრუნების უფლება მომცეს, მეგონა ჩემი კლასელები შერცხვენილები დამხვდებოდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. დამინახეს თუ არა, სიცილი აუტყდათ, როგორ ვტიროდი, იმას განასახიერებდნენ. სპექტაკლი გაითამაშეს ჩანთის თავში ჩარტყმის და ჩემი ტირილის, და ქალაჩუნას მეძახდნენ.
ახლა სხვა სკოლაში ვსწავლობ. აქ არ იციან, რომ ბალეტზე დავდივარ. არ ვიცი, როდემდე დავმალავ. დედას ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სულ უფრო და უფრო მძიმდება. ბებია სულ ტირის და მეც ისევ მძულს ბალეტი. მაგრამ სტუდიაში სიარულს თავს ვერ ვანებებ, რადგან დედა მეცოდება.
წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
ასევე იხილეთ:
„დედა არაა მხატვარი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა