„დედა არაა მხატვარი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!
წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს.
II
დედაჩემი დამლაგებელია. ჩვენი სკოლის დამლაგებელი. ეს სირცხვილი მეგონა პირველ კლასში, რადგან ჩემი კლასელები მეუბნებოდნენ: „დედაშენი შეგვხვდა ტუალეტში, უნიტაზს ხეხავდაო!“ ან: „დედაშენი დავინახეთ, ნაგვის ურნებში პარკებს აფენდაო!“ მე მრცხვენოდა ამის და მინდოდა, დედას სხვა სკოლაში ემუშავა, ან მე მესწავლა სხვაგან.
ჩვენი ერთი კლასელი ინგლისური ენის მასწავლებლის შვილია და იმას სულ ეუბნებიან: „რა საოცარი დედა გყავს! როგორ ეტყობა, უცხოეთში რომ აქვს განათლება მიღებულიო!“ ძალიან მინდა მეც ამ მასწავლებლის შვილი ვიყო, რადგან ყველას ვეყვარები და არავინ დამცინებს. ერთხელ ვუთხარი კიდეც დედაჩემს: „არ მომწონს, ჩვენს სკოლაში რომ მუშაობ-მეთქი!“ „არც მე მომწონსო!“ – მიპასუხა. მამას გაშორდა და უნდა, რომ ფული თვითონ იშოვოს. სხვაგანაც ალაგებს, რაღაც ოფისებს და სახლებს.
დედაჩემს, მგონი, ინსტიტუტში არც უსწავლია. ამას არ ვეუბნებოდი ჩემს კლასელებს. ადრე მოვუყევი ბავშვებს, რომ ვითომ დედაჩემი მხატვარი იყო, მაგრამ სახელოსნო დაეწვა ყველა ნახატთან ერთად და ახლა იმიტომ მუშაობდა დამლაგებლად, რომ ახალი სახელოსნო, ტილოები და საღებავები ეყიდა. ყველა ბავშვმა დაიჯერა და რამდენმე კვირა აღარ მრცხვენოდა დედაჩემის. მაგრამ ერთ დღეს საშინელება მოხდა და დედაჩემი ტირილით მოვიდა სახლში. ჩემს კლასელებს უთხოვიათ – „დაგვხატეო!“ და პასტა და ფურცლები მიუწოდებიათ. დედაჩემს კი უთქვამს: „ხატვა არ ვიციო!“ ტიროდა დედა, რადგან ბავშვებს ყველაფერი მოუყოლიათ, რაც მე მოვიტყუე. მერე გაუცინიათ და ისე წასულან. მეორე დღეს მთელი კლასი დამცინოდა და მატყუარას მეძახდა.
ერთი ამბავი გამახსენდა: ერთხელ მასწავლებელმა ტელეფონი გამომტაცა ხელიდან და ისე დაახეთქა მაგიდაზე, რომ სულ დაიბზარა. ეს ტელეფონი იმ ბავშვისგან მქონდა ნათხოვარი, რომლის დედაც ინგლისურის მასწავლებელია. მივარდა მასწავლებელს ეს გოგო: „რატომ დაახეთქეთ ჩემი ტელეფონიო?!“ მასწავლებელმა კი მოუბოდიშა: „მე ამისი მეგონა, თორემ ელზას შვილის ტელეფონს როგორ დავახეთქებდიო!“ გული ზიზღით ამევსო. სკოლაც შემზიზღდა, კლასელებიც და მასწავლებელიც. …და შემზიზღდა დედაჩემიც, რომელმაც ვერც ინგლისური ისწავლა, ვერც ხატვა და მიანცდამაინც იმ სკოლაში ხეხავდა ტუალეტს, სადაც მე ვსწავლობდი.
წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
ასევე იხილეთ:
„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა