„წერილი ვენერა მასწავლებელს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა
ავტორები: მაია სარიშვილი, ალექს ჩიღვინაძე. წიგნი – მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!
წიგნი ეფუძნება სკოლის მოსწავლეების მიერ მოწოდებულ რეალურ ისტორიებს.
I
წერილი ვენერა მასწავლებელს
ერთ დილას, როცა საშინლად წვიმდა და სკოლაში წასვლა სიკვდილივით მეზარებოდა, დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ. მამამ მაინც გამაგდო გარეთ და ისე ნელი ნაბიჯებით ვიარე სკოლამდე, რომ მთლიანად, კაბის ბოლო ძაფამდე სველი გამოვცხადდი გაკვეთილზე. დაგვიანების გამო ერთი-ორი მწარე სიტყვაც სილასავით გამილაწუნა მასწავლებელმა და ჩემს სკამზე დავესვენე. ფანჯრიდან ალვის ხეების შიშველი ტოტები ჩანდა და წვიმის ტირეებით აკინძული უთვალავი მწკრივი. დედაზე ვფიქრობდი: რა ცუდი ფერი ედო, რა ჩამქრალი მზერით იწვა ლოგინზე. ნეტა არ წამოვსულიყავი, კორპუსის გვერდით დავმალულიყავი, სასწრაფოს მანქანის სიახლოვეს, და ექიმები რომ გამოვიდოდნენ, მეკითხა, როგორაა დედა, რამეს ხომ არ მიმალავს მამა, და მერე წამოვსულიყავი-მეთქი.
აი, ამაზე ვფიქრობდი და უცებ დირექტორის მოადგილემ შემოგლიჯა კლასის კარი: „ინფორმაცია მოგვივიდა, ამ კლასში თურმე ტილიანი ბავშვები სწავლობენ და უნდა შევამოწმოთო“. ორი მასწავლებელი შემოჰყვა დამხმარედ, დაგვაწყობინეს თავები მერხებზე და ჩვენს თმებში იქექებოდნენ. მერე სამი ბავშვის გვარი გამოაცხადეს, მათ შორის ჩემიც: „ვიდრე ტილებს არ მოიშორებთ, სკოლაში არ დაგინახოთო!“ – გვიყვიროდნენ. არც ვიცოდი, ტილები თუ მყავდა.
დაირეკა თუ არა ზარი, გავაცდინე ყველა დანარჩენი გაკვეთილი და სირბილით მოვედი სახლში. დედა უკეთ იყო. ჩაი მიეტანა ფანჯარასთან და სვამდა. არაფერს ვუმალავ დედას. „ტილები მყოლია და მთელ კლასში გამოაცხადეს, შემრცხვა და სახლში გამოვიქეცი-მეთქი!“ ჩაის დალევა მიატოვა, ნაწნავის ბოლოთი თავისკენ ჩამომქაჩა და თმებში ჩამხედა: „კი, გყავს, მაგრამ ხვალამდე მოგაშორებ. წადი ხვალ სკოლაში და ბავშვებს უთხარი, რომ რაღაც შეეშალათო!“ „ცუდად რომ ხარ-მეთქი?“ – კითხვა შევუბრუნე. „არაუშავსო!“ – მიპასუხა.
გავედი საძინებელში, რომ სველი ტანსაცმელი გამომეცვალა, და როცა დავბრუნდი, დედას ეძინა. მიწოლილა ლოგინზე და ჩასძინებია. ვერ გავაღვიძე. დავუჯექი თავთან და უცებ გამახსენდა სადღაც წაკითხული, რომ თუ ადამიანს ტილები ჰყავს და კვდება, ეს ტილები სასწრაფოდ გამორბიან მიცვალებულის თავიდანო. ამის წარმოდგენამ შემზარა და ადგილს ვერ ვპოულობდი, თან იმაზე ვდარდობდი, ხვალ რომ სკოლაში არ წავიდე, ბავშვები დარწმუნდებიან, რომ მართლა ტილები მყავს-მეთქი. დედას შუაღამისას გაეღვიძა, სასწრაფოდ წამოდგა და ჩემს თმებს დაუწყო მოვლა. ასე გავათენეთ.
დილით, სკოლაში რომ მივედი, დამრიგებელმაც და ბავშვებმაც გაიკვირვეს – „ტილიანებს ხომ აგიკრძალეს სკოლაში მოსვლაო?“ დანარჩენები არც იყვნენ, მხოლოდ მე. სულ არ შემრცხვენია ტყუილის და განვაცხადე: „ვენერა მასწავლებელს შეეშალა, ან მოიტყუა. არავითარი ტილები არ მყავს-მეთქი!“ გაცოფდა დამრიგებელი: „აბა თავი მაჩვენეო!“ მასთან ერთად მთელი კლასი თავზე დამესია და თმებს მიჩიჩქნიდნენ. ნახეს, რომ სუფთა ვარ და შემეშვნენ. ის ბავშვები კი, დანარჩენი ტილიანები, ერთი კვირა არ დადიოდნენ სკოლაში და როცა დაბრუნდნენ, მთელი კლასი მათ დასცინოდა.
ახლა ერთადერთი მიზეზით დავწერე ეს წერილი, რომელსაც სკოლაში ვტოვებ და, იმედია, ადრესატამდე მივა:
ვენერა მასწავლებელო, მე უკვე სტუდენტი ვარ. მასწავლებლობას ვაპირებ და ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ თქვენ არ უნდა გგავდეთ! ზუსტად ვიცი, ამ სამყაროდან რომ არ წავიშალო, არასოდეს უნდა გამირბინოს თავში ბავშვის საჯაროდ თუ არა საჯაროდ დაცინვის აზრმა. აი, ამის გაკეთების უფლება არ უნდა მისცეს გულმა ტვინს, თორემ თავზე ტილების სირბილი იოლი აღსაკვეთია. მე ახლა ულამაზესი ფერის თმა მაქვს. უფრო ოქროსფერი გამიხდა, ვიდრე აქამდე მქონდა. რამდენიმე წელი ვცდილობდი, ის დღე დამევიწყებინა, თქვენ რომ კლასის კარი შემოანგრიეთ და მერე მივხვდი: პირიქით, არასოდეს უნდა დავივიწყო და განსაკუთრებით ახლა, როცა მასწავლებლობას ვაპირებ.
წიგნი მომზადებულია ორგანიზაცია ილიას სამართლის ინსტიტუტის (ილიასის) პროექტის „ადვოკატირება სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ სისტემის შესაქმნელად / „მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
ასევე იხილეთ:
- „რომ აპატიებ და მაინც რომ გახსოვს“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- „დღემდე მესიზმრება სკოლა“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- ზედსართავი და რიცხვითი სახელების მართლწერა – სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by განათლებული ბლოგი