აქ რატომ მოვედით, დეფ ?! ანუ მობილობა 2014
ეპიგრაფების ნაცვლად:
“საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”
“ჭირსაც გააჩნია, თორემ რითი ჯობია ახლა შეჩვეული ჭირი ახალს?!”
შარშან, დაახლოებით ამ დრომდე, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ერთი წლის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვისწავლიდი. არასტაბილური ბავშვი ვარ და მთელი ერთი სემესტრი ისე ვემზადებოდი, რომ მყარი გადაწყვეტილება ფაკულტეტების გამოცხადებამდე ჯერ კიდევ არ მქონდა მიღებული. დაახლოებით ვიცოდი, რომ სოც.პოლის რომელიმე მიმართულებას ავირჩევდი.
დაახლოებით, იანვრის შუა რიცხვებში (თუ სწორად მახსოვს), გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ფაკულტეტების ჩამონათვალი დაიდო და მეც გულმოდგინედ დავიწყე მათი “გადასინჯვა”. (გამორიცხვის მეთოდით რასაკვირველია). მე ილიაში მინდოდა ჩაბარება, რადგან ჩემი მეგობრების უმრავლესობა მანდ აპირებდა სწავლის გაგრძელებას და რადგან ჩემთვის უნივერსიტეტის ლოკაციას არანაირი აზრობრიობა (სხვა პრინციპული მნიშვნელობის განსხვავება სახელმწიფო და, ზოგადად, უნივერსიტეტებს შორის, არ არსებობს) ჰქონდა, ვფიქრობდი, მეც ბარემ მანდ ჩავირიცხები–მეთქი. მაგრამ დედას დაჟინებული თხოვნით (და ცოტაც ჩემი პოხუიზმის გამო), საბოლოოდ, მაინც თსუ ჩავწერე პირველ პრიორიტეტად.
მე ლიტერატურას ვაბარებდი, იმიტომ, რომ დამეზარა ისტორიის ზუთხვა მთელი წელი, მით უმეტეს, რომ თარიღებს ვერასდროს ვიმახსოვრებდი, ლიტერატურა კი კროსვორდის შევსებასავით სახალისო საგნად მესახებოდა მაშინ. პირველი “შოკი” (არა, ვიტყუები, შოკი არა ის. ) ის იყო, რომ თსუში ლიტერატურით სოც.პოლზე ჩარიცხვები არ ხორციელდებოდა. გადამემოწმებინა გასული წლების არქივები, რა დებილი ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ ეს დამეზარა. –_– დიდი არჩევანი არ მქონია, ან ფილოსოფიის ფაკულტეტი უნდა ამერჩია, ან საერთაშორისო სამართალი და ან ე.წ. “ყველაფრის” ანუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველაზე ფართო მიმართულება “ხელოვნება და მეცნიერება, რომელშიც საბოლოოდ ანგლისტიკის პროფილით წავედი.
ჰოდა, რა ვიცოდი, რა შარში ვყოფდი თავს.
არ ვიცი, რა მინდოდა, რატომ ვწერდი პირველ პრიორიტეტად ამ ფაკულტეტს, საერთოდ რას ამოვიჩემე ეს თსუ. თსუ, თსუ, თსუ… თსუ არა ის ! ჰოდა, ეგ არის, ზედმეტად ბევრს რომ უსმენ ხალხს (ან არ უსმენ და უბრალოდ თავს უკანტურებ ცეკას საშუალო სტატისტიკური პოლიტიკოსივით) და საბოლოოდ ისეთ შტერულ გადაწყვეტილებას იღებ, რომ მერე ყველაფერი საპრობლემო ხდება.

“ყველაფრის ფაკულტეტი”, ჩემი “ზე” ქულები, რომლებითაც მაშინ ძალიან ვამაყობდი და 100 პროცენტიანი გრანტი, რომელიც თურმე რად გინდა.
100 პროცენტიანი გრანტით პირველივე არჩევანზე მოვეწყვე და მეც მეტი რა მინდოდა. ზოგადადი, ყველაფერი “ვისთვის, როგორ” არის მაგრამ 15 კვირიანი სასწავლო პროგრამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არაა ანგლისტიკა ჩემი საქმე და იმის წარმოდგენაზე, რომ 4 წელი ინგლისურის სტილისტიკა და სემიოტიკური ბაზისები უნდა მესწავლა, გულის რევის შეგრძნებები მეწყებოდა. მობილობის გეგმები კი ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უკვე დალაგებული მქონდა.
კონკრეტულად რა არ მომეწონა ამ ფაკულტეტში, ვერ ვიტყვი გადაჭრით, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ყველაზე მეტად, ალბათ, იმან გამაღიზიანა, რომ აზროვნებას გადამაჩვიეს მაგ ნაბიჭვრებმა. საგნების უმეტესობა (ლათინური ენა, ლინგვისტიკა, ინგლისური ფილოლოგიის საფუძვლები) მასალის ტვინზე კარაქივით გადალესვას ანუ დაზეპირებას მოითხოვდა და არანაირი სემანტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა, და, ზოგადადაც, ვერ ვხვდებოდი, რატომ მიტენიდნენ თავში ამდენ იდიოტობას, როცა ზუსტად ვიცოდი,გამოცდების ჩაბარების შემდეგ უმალ წავიშლიდი მეხსიერებიდან და არასდროს აღარაფერში გამოვიყენებდი.
რა თქმა უნდა, იყო ნორმალური და კარგი საგნებიც: ფილოსოფია რამდენადაც საინტერესო საგანი იყო, იმდენად უინტერესოდ ისწავლებოდა, ანტიკური ლიტერატურის ისტორია ჩემთვის კაიფი იყო, მით უფრო, რომ ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ბერძნულ მითოლოგიაზე, მაგრამ რადგან საგანი არასავალდებულო და მაშასადამე ერთსემესტრიანი იყო, იმდენად სწრაფად, გაუაზრებლად და გაუანალიზებლად ვსწავლობდით (ვიზეპირებდით) მასალას, რომ მაშინ მივხვდი, ასე სწავლას, სულ არ გესწავლა კაცს ჯობდა.
აი, ლიტერატურათმცოდნეობის შესავალს რაც შეეხება, ეს ის ერთადერთი საგანია, რომელსაც ძალიანაც რომ მოვინდომო, მაინც ვერ მოვდებ შარს. საგნისადმი ინტერესი პლუს სიყვარული და კარგი, ძალიან კარგი ლექტორები, გახდნენ წინაპირობა იმისა, რომ ორშაბათს და პარასკევს ისეთი სახეგაბრწყინებული მივრბოდი ხოლმე უნივერსიტეტში, რომ ჩემი ეს არც ისე ბუნებრივი მდგომარეობა თავადვე მიკვირდა. ლიტ.მცოდნეობის სემინარები იყო ის ერთადერთი შესაძლებლობა, როცა ვაზროვნებდით, და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა დილეტანტ (თუმცაღა, თამამად შემიძლია ვთქვა, პროფესიონალ) გუბაზ ლეთოდიანს.
პფ, ძალიან დიდი პროლოგი გამომივიდა, ყაზბეგივით ვეღარ ვსვამ ხოლმე წერტილს, ერთი თუ დავიწყე –_–
მაშასადამე
რატომ (როგორ) მოვედი აქ.. (პროფილური კითხვა)
საერთოდ, უნივერსიტეტი, ისევე როგორც ნებისმიერი საგანმანათლებლო ინსტიტუტი, არის პროგრამირებული მაფია, რომელსაც ხელისუფლების წევრები იყენებენ ადამიანთა ახალგაზრდობის ასაკიდანვე იდეოლოგიურად დასაქლიავებლად, რათა მოგვიანებით ადვილად მართონ თავიანთი რკინის ხელით. უნივერსიტეტს, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, არ შეუძლია ადამიანს მისცეს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. ამაზე მგონი საკმარისად ვწერე ამ პოსტში.
იმიტომ კი არა, რომ “საქართველოში უხარისხო სწავლებაა”. არა. გინდა, Free Universit-ში ჩააბარე, გინდა IBSU-ში, გინდა ჰარვარდში, კემბრიჯში, ოქსფორდში, კოლუმბიაში, სორბონში, რა ვიცი კიდე ათასი ოხრობა არსებობს. აზრი არ აქვს. სისტემა ყველგან ერთია.
მაგრამ..
მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, სწავლა ყველგან უხარისხოა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაკულტეტი ერთი ნაგავია და ყველგან ანალოგიური სიტუაცია დამხვდება ბიუროკრატიზმით ჩვეული სუნით, მაინც ვფიქრობ, რომ, როგორც მინიმუმ, იმ ფაკულტეტზე მაინც უნდა ისწავლო, რომელიც ოდნავ მაინც შედის შენი ინტერესების სფეროში.
ან გამოხვიდე საერთოდ, სანამ დაგადებილებენ ბოლომდე.
(შიდა)მობილობა
ეს პოსტის შედარებით სასარგებლო ნაწილია ჩემნაირი გზააბნეულებისთვის, რომლებიც მომავალი ან შემდეგი წლებისთვის ფაკულტეტის შეცვლას აპირებენ.
მობილობის მსურველებს, რომლებიც ჯერ კიდევ პირველ კურსზე არიან, გრანტი გადაყვებათ. (თუ იმ პროგრამებს არ ჩავთვლით, რომლებიც წელს პირველად გამოცხადდა უფასოდ გარკვეული სტუდენტებისათვის).
წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გარე მობილობაში მონაწილეობა არ მიიღო ხუთმა უმაღლესმა სასწავლებელმა:
1. ა(ა)იპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
2. სსიპ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი;
3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
4. სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
5. ა(ა)იპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
შესაბამისად, ილიაში მეგობრების კომპანიაში სწავლის ილუზიები თაროზე შემოვდე და შიდა მობილობით დავკმაყოფილდი. იმ სტუდენტებისთვის კი, რომლებიც მომავალი წლიდან გეგმავენ უნივერსიტეტის და/ან ფაკულტეტის შეცვლას, თვალყური უნდა ადევნონ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც პერმანენტულად ნახლდება ინფორმაცია გარე მობილობის მსურველთათვის. გარე მობილობის სერვისის ღირებულება არის 40 ლარი. საფასურის გადახდა შესაძლებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთების შემდეგ “საქართველოს ბანკის” ფილიალებში ან ონლაინ რეჟიმში.
თსუს შიდა მობილობის ბავშვებისთვის კი ურიგო არ იქნებოდა ინფორმაცია შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა ძალიან მარტივია, აქვე რეგისტრაციის დაწვრილებითი ინსტრუქცია. შიდა მობილობა არის უფასო.
ესეც ვადები:

ზედმეტი მიკიბ–მოკიბვის გარეშე პირდაპირ ჩემი შედეგი: ^_^

ჰო, მერე რა, რომ ჩარიცხვის პროცესი არ არის დასრულებული, მთავარია, რომ იმ ხუთ კაცში მოვხვდი და 3 მარტიდან აღარ ვარ ფარჩაკი ჰუმანიტარი ! ჰალელუია !!
***
დარწმუნებული არ ვარ, რომ პოლიტ.მეცნიერებები ის ფაკულტეტია, რომელზე სწავლაც ნამდვილად მინდა, უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რომ ანგლისტიკასთან შედარებით ყოველთვის უფრო საინტერესოდ მომეჩვენება. (თუნდაც ყველაზე უინტერესოდ მასწავლონ). პლუს ამას, მჯერა (მჯერა რა, გამცდილება მიჩვენებს), რომ ჩემი პოხუიზმი ფაკულტეტის კიდევ ერთხელ შეცვლის საშუალებას აღარ მომცემს. ჰოდა, ვიქნები ასე მშვიდად, ცოტა ხანი ვისწავლი და თუ ამათმაც გამიცრუეს იმედები, საერთოდ გამოვალ უნივერსიტეტიდან. ნეტა ერთი: ^_^
***
ამ სეზონის აბიტურიენტებო ამა ქვეყნისა !!
სანამ რამე ფაკულტეტს ჩაწერთ პირველ პრიორიტეტად, ღრმად დარწმუნდით, რომ ნამდვილად გინდათ მანდ ჩაბარება. ნურც მშობლების, ნათესავების, მეგობრების, მეზობლების და, ზოგადად, გარშემომყოფების “კეთილ რჩევებს” დაუჯერებთ და იმოქმედეთ საკუთარი სურვილების შესაბამისად. პროფესიის არჩევა ჩვენს ეპოქაში არაა ისეთი მარტივი და უპასუხისმგებლო ქმედება, რომ ვინმეს ხათრის გათვალისწინებით განახორციელოთ . თორემ მოგიწევთ მერე ჩემსავით აქეთ–იქით უმიზნო წანწალი და გაუთავებელი წუწუნი.
ჰოდა, ის კიდევ, რადგან ამ გადმოსახედიდან სიცილით ვიხსენებ მთელ ამ უაზრო ოდისეას, არ ნიშნავს, რომ მართლა სასაცილოა. ძალიან ცუდია, როცა იქ ხარ, სადაც არ უნდა იყო. ძალიან რთულია ისწავლო ის, რაც საერთოდ არ აღგიძრავს ინტერესს. ჩემ შემთხვევაში ყველაფერს ლიტ.მცოდნეობის სემინარები აბალანსებდა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ იმის გარანტია, რომ ერთი საგანი მაინც აღმოჩნდება ისეთი, რომლის “ხათრით” დანარჩენ ხუთს აიტანთ. ასერომ.. ფრთხილად.. და წარმატებები !
პოლიტიკაში მივდივარ.
ავე 🙂
წყარო: wordpress.com
იხილეთ ორიგინალი