GE

რა პრივილეგია ენიჭება ჩარიცხვის დროს აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობს – წესი

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე აბიტურიენტები უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პირობითი სტუდენტის სტატუსით ჩაირიცხებიან. პირობითი სტუდენტი – საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 12 ივნისს ხელმოწერილი ბრძანებით განისაზღვრა.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესი ადგენს, რომ ნაკრები გუნდის წევრი არის მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მოიაზრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, ამასთან, შეჯიბრში ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით, რომლებიც შეირჩევიან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაა ასევე საერთაშორისო შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში ან/და სახელოვნებო/სასპორტო ღონისძიებებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, რომელშიც მონაწილეობს არანაკლებ 20 ქვეყნის ნაკრები გუნდი, რომლის წევრებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე;

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის პრინციპი ასეთი იქნება:

1. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრ აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება აქვს პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

2. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრთა სია, რომელთაც უფლება აქვთ პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4. კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თანხმობის შემთხვევაში, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

 როგორ იყენებს პირი პირობითი სტუდენტის სტატუსს და როდის ეხება მას გამოცდების ჩაბარება:

1. პირობითი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

2. პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

3. პირობითი სტუდენტის სტატუსის მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესებისას, რაც გამორიცხავს პირის მონაწილეობას პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით გახანგრძლივების შესახებ.

4. პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს პირობითი სტუდენტის სტატუსის მოპოვების/გახანგრძლივების მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.

5. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს.

გივი მიქანაძის ბრძანება უკვე ამოქმედებულია და შესაბამისად, შეეხება ამ წლის ჩარიცხვებსაც.

ასევე იხილეთ:

„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური