GE

არალის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებლის ახდენილი ოცნება 83 წლის ასაკში

83 წლის ადიგენის რაიონის მკვიდრს, ეთერ აფრიამაშვილს, რომელიც არალის საჯარო სკოლაში 45 წელი ფრანგულ ენას ასწავლიდა, ახლა ნამდვილად შეუძლია კითხვაზე: „მასწავლებელო საფრანგეთში ნამყოფი ხართ?“ უპასუხოს “დიახ” და აღფრთოვანებით მოუყვეს იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მონახულებაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

ღვაწლმოსილ პედაგოგს ოცნება აუხდა. თუ აქამდე პარიზს მხოლოდ ფოტოებიდან, ფილმებიდან და იმ სუვენირებიდან იცნობდა, საფრანგეთიდან ახლობლებს რომ ჩამოჰქონდათ, ახლა უკვე ნამდვილად იცნობს.

45-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგს ოცნების ასრულებაში საფრანგეთში საქართველოს საელჩო დაეხმარა.

„ადიგენის რაიონის სოფელ არალის სკოლის ფრანგული ენის ამაგდარი მასწავლებლის- ქალბატონი ეთერის საოცნებო, პარიზული მოგზაურობა და თავგადასავალი დაიწყო: დღეს უკვე მოვინახულეთ სენ ჟერმენი და ლათინური კვარტალი, პანთეონი და მეხუთე უბნის დიდებულ დარბაზში სახელოვანი ქართველი ხელოვანის გუჯი ამაშუკელის ვერნისაჟსაც დაესწრო: ბნი გუჯიც გაიცნო და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებიც. გადამდებად ხალისიანი და ტკბილმოუბარი ქალბატონია ეთერი მასწ. მალი- მალ ვკითხავ ხომ არ დაიღალეთ მეთქი, დადებითი ემოციებით დაღლა ვის გაუგიაო“, – წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და ბედნიერი პედაგოგის მოგზაურობის კადრებს სოციალური ქსელით 20 ოქტომბერს ავრცელებს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური