არემარე თუ არე მარე? თავთავი თუ თავ-თავი? – ფუძეგაორკეცებული სიტყვების მართლწერა
გრამატიკულ ცნობარში უკვე ვისაუბრეთ ნაირფუძიანი კომპოზიტების მართლწერაზე. დღეს ფუძეგაორკეცებულ სიტყვებს მიმოვიხილავთ.
ფუძეგაორკეცებულს ისეთ სიტყვებს ვუწოდებთ, რომლებიც სიტყვების გაორკეცებით, ანუ გამეორებით წარმოიქმნება.
გაორკეცება რამდენიმე სახისაა:
ამოსავალი ფუძე უცვლელად მეორდება სიტყვებში: თავთავი, წამწამი, კამკამი…
ფუძეები შეერთებულია კავშირით: სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან…
ამოსავალი ფუძე შეცვლილი სახით მეორდება: ბინდბუნდი, არემარე, ჩხარაჩხური, ავანჩავანი…
ამგვარ სიტყათა მართლწერისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
შერწყმულად, უდეფისოდ იწერება და კავშირით შეერთებული ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები. შესაბამისად, სწორია: სხვადასხვა, პირდაპირ…
შენიშვნა: ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ და მხოლოდ, კვლავ და კვლავ, უფრო და უფრო იწერება ცალ-ცალკე!
უდეფისოდ იწერება ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები, რომელთა ნაწილების მნიშვნელობა გასაგებია, სიტყვა კი ახალ, სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს: წამწამი, თავთავი…
ერთად იწერება კომპოზიტები, რომელთა ნაწილებიც მნიშვნელობას მოკლებული მარცვლებია: კაშკაშა, ბაჯბაჯი, ჩიფჩიფი…
უდეფისოდ იწერება კომპოზიტები, რომელთა ფუძეშიც ბგერა იცვლება ან ემატება: ქოხმახი, არემარე, კანტიკუნტად, ბინდბუნდი, ჩხარაჩხური, ავანჩავანი…
თუ კომპოზიტის ამოსავალი ფუძე დამოუკიდებელი მნიშვნელობისაა და საკუთრივ კომპოზიტშიც ინარჩუნებს ამ დამოუკიდებელ მნიშვნელობას, მაშინ დეფისის გამოყენება სავალდებულოა!
მაგალითად, განვიხილოთ ორი კომპოზიტი:
ნაპირ-ნაპირ და ჩიფჩიფი
ნაპირ=ნაპირი, ნაპირ-ნაპირ= განაპირას, ნაპირის გასწვრივ
ჩიფ – დამოუკიდებლად ასეთი სიტყვა არ არსებობს;
შენიშვნა: თუ სიტყვაში პირველი ნაწილი სახელობითი ბრუნვის ფორმითაა წარმოდგენილი, სიტყვა უნდა დაიწეროს ერთად, უდეფისოდ: კარიკარ, შორიშორს…
არასწორია: არე-მარე; თავ თავი; ბოლოსდაბოლოს; ნაპირნაპირ; სხვა და სხვა
სწორია: არემარე; თავთავი; ბოლოს და ბოლოს; ნაპირ-ნაპირ; სხვადასხვა
გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები
რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე, ფილოლოგი
-
მართლწერის წესები და სავარჯიშოები – რიცხვითი სახელების მართლწერა აკადემიური წერისას (I)
by აბიტურიენტებისათვის
-
ხშირად დაშვებული შეცდომები ნაცვალსახელების მართლწერისას და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის
by გრამატიკული ცნობარი
-
ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ
by გრამატიკული ცნობარი