GE

არქიტექტურის პირველი ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ჩამონათვალს არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა ემატება. პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა და პირველ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს. პროგრამას უნიკალური შეიძლება ეწოდოს, ვინაიდან იგი პირველი და ერთადერთი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაა არქიტექტურის მიმართულებით.

პროგრამის კოორდინატორის, გიორგი წანაწყენიშვილი თქმით, ის ფაქტი, რომ პროგრამა ინგლისურენოვანია, განსაკუთრებით უცხოელ სტუდენტებს დააინტერესებთ. თუმცა, ქართველ სტუდენტებშიც პოპულარული იქნება, ვინაიდან  ეს შესაძლებლობა, მათ შემდგომ ეტაპზე პროექტირებას გაუადვილებს.

გიორგი წანაწყენიშვილი: პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ინგლისურ ენაზე შეისწავლონ სპეციალობა, ტერმინოლოგია. ყველა ის საგანი, რომლებსაც სწავლობენ, ინგლისურენოვანია. სტუდენტები უზრუნველყოფილები იქნებიან ინგლისურენოვანი ლიტერატურით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფაქტობრივად მთელი თანამედროვე ლიტერატურა არქიტექტურის შესახებ, ინგლისურ ენაზეა. ეს სტუდენტებს მეტ საშუალებას აძლევს საჭირო ლიტერატურაზე წვდომისათვის.

უნივერსიტეტს გააჩნია სპეციალურად არქიტექტურის სპეციალობისათვის აღჭურვილი აუდიტორია – სტუდია და პროგრამისათვის საჭირო ყველანაირი ატრიბუტი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან სამშენებლო სფეროში ძალაში შევიდა რეგულაციის ახალი ნორმები, რომელთაც ჩვენ სტუდენტებს ამ პროგრამის ფარგლებში შევასწავლით.

–ვინ იყო ჩართული პროგრამის შემუშავებაში?

გ.წ: პროგრამის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ ევროპელი პროფესორები. მისი სტრუქტურა შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და პროგრამის შედგენისას გამოყენებული იყო ევროპის რამდენიმე წარმატებული არქიტექტურული სკოლის მაგალითი.

–პროფესორ-მასწავლებლები მხოლოდ ქართველები იქნებიან?

გ.წ: არა. სწავლების პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი პედაგოგებიც, რომელთანაც ჩვენ შრომითი ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული.

–სწვლება მხოლოდ თეორიულ კურსს გულისხმობს თუ პრაქტიკულ სამუშაოსაც?

გ.წ: სწავლება  მთლიანად თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ეფუძნება. პირველი სემესტრის პირველივე დღიდან სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოს დაიწყებენ. არქიტექტორისათვის პრაქტიკული სამუშაო ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად მათ თეორიაც ემატებათ და პრაქტიკას და თეორიას ერთად გადიან. პირველი და მეორე სემესტრი პროექტირებისათვის მოსამზადებელი იქნება. ისინი გაივლიან არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებს, ტექნიკურ ხაზად – არქიტექტურულ გრაფიკას. მესამე სემესტრში კი პროექტის კეთებას დაიწყებენ. ძირითადი საგნების პარალელურად თანდათანობით ჩაერთვება ყველა ის საგანი. რომლის გავლაც საჭიროა. მაგალითად ხელოვნების ისტორია  და ა.შ.

ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული თბილისის მერიასთან, რამდენიმე არქიტექტურულ კომპანიასთან და ჩართულები გვყავს პედაგოგები, რომელთაც თავად აქვთ კომპანიები, ან გააჩნიათ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება. ასე რომ, სწავლება მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება. სტუდენტებს ექნებათ საშუალება გავიდნენ და ადგილზე გაეცნონ თუ როგორ ხდება საპროექტო სამუშაოების წარმოება, ზედამხედველობა გაუწიონ მშენებლობას და ა.შ. სწავლების სხვადასხვა საფეხურზე მათ ასეთი პრაქტიკული გასვლები აუცილებლად ექნებათ.

–საიდან გაჩნდა აღნიშნული პროგრამის შექმნის იდეა? იყო თუ არა მოთხოვნა?

გ.წ: დიახ, ბაზარზე მოთხოვნა იყო და არის, რადგან დღეს საქართველოში არქიტექტურულ საპროექტო დოკუმენტაციას ინგლისურ ენაზე სულ უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ. გარდა ამისა, ხშირად ხდება, როცა საზღვარგარეთიდან საპროექტო დოკუმენტაცია შემოდის, მაგალითად პროექტი რომელიღაც ქვეყანაში დამუშავდა და საქართველოში ეს დოკუმენტაცია ქართულ რეალობას უნდა მოარგონ. ძირითადად დოკუმენტაცია ინგლისურად არის ხოლმე შედგენილი, პროექტის ადაპტირებას კი იმ ენის ცოდნა სჭირდება, რომელზეც შედგენილია. ხშირად ამის გამო თარჯიმანთა ბიუროებს უკავშირდებიან, რომლებიც გარკვეულ ნიუანსებს არასწორად თარგმნიან და მუდმივად პრობლემაა. აღნიშნული პროგრამა ქართულენოვან სტუდენტებს ამაშიც დაეხმარება. მათთვის გაცილებით ადვილი იქნება საპროექტო დოკუმენტაციის ათვისება.

შესწავლილია ბაზარიც და ინგლისურენოვანი არქიტექტურული განათლების მქონე სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა, ვინაიდან აქ უამრავი საერთაშორისო კომპანია მუშაობს. სამშენებლო ბიზნესში ბაზრის ძალიან დიდი წილი უჭირავს უცხოურ კომპანიებსა და უცხოურ ინვესტიციებს. შესაბამისად, სჭირდებათ სპეციალისტები, რომელთაც არქიტექტურული განათლება ინგლისურ ენაზე აქვთ მიღებული.

–როგორი იქნება მიღების პროცესი?

გ.წ: აღნიშნულ პროგრამაზე სტუდენტები ჩვეულებრივ, ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხვდებიან.  მათ შორის უცხოელი სტუდენტებიც ჩააბარებენ ისე, როგორც ეს აპრობირებულია.

–რამდენი ადამიანის მიღებას გეგმავთ?

გ.წ: 30 ადამიანის.

–უნდა ველოდოთ თუ არა აღნიშნული მიმართულებით სამაგისტრო პროგრამასაც?

გ.წ: დიახ, უახლოეს მომავალში სამაგისტრო პროგრამაც დაემატება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური