„არ გვაქვს ილუზია, რომ წელს დავასრულებთ ყველა სკოლას – დავაჩქარებთ და მივიღებთ ისევ უხარისხოს“
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება. ამ ფონზე კი, ქვეყნის მასშტაბით არაერთი სკოლის შენობა მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესშია, ზოგი კი ჯერაც არ აშენებულა.
რა ბედი ელის პროექტებს, რომლებიც როგორც სკოლების მსხვილ ინფრასტრუქტურულ, ისე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს სასკოლო საზოგადოებას – ამ საკითხებზე 4 სექტემბერს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.
მან კანონმდებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 2026 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათვისებული თანხების მაჩვენებლებიც წარუდგინა და იმ რისკებზეც ისაუბრა, რაც ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით არსებობს.
გიორგი კაკაურიძის თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე მოგვარდა და ახლა მოსალოდნელია, რომ სამუშაოების შესრულების ტემპი მოიმატებს:
„არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რომელ სკოლაში რა ხდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემების მოგვარება დასრულებულია, ტექნიკურ მოგვარებას ვგულისხმობ. მთავარი შედეგი, რაც უნდა ნახოს მოსახლეობამ და საბოლოო ჯამში ბავშვებმაც, არის ის, რომ სკოლა უნდა იყოს აშენებული. თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები იყო, რომლებიც დიდწილად დაძლეულია და ვფიქრობ, რომ ტემპი დანარჩენ პერიოდში უფრო სწრაფი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ წელს დავასრულებთ ყველა სკოლას, არც რესურსი ეყოფა ამას – არა მხოლოდ ფულის რესურსი, არამედ სამშენებლო რესურსი. დავაჩქარებთ და მივიღებთ ისევ უხარისხოს. ამიტომ, შესაბამისი ვადების დაცვით, შესაბამისი ხარისხით მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გვექნება საკმაოდ აქტიური და კარგი ტემპები ამ მიმართულებით…
სატენდერო პროცედურები დიდწილად შესრულებულია, თუმცა რისკები იმის, რომ სამშენებლო კომპანიები ბოლომდე ვერ გაიტანენ ამას, რა თქმა უნდა, არსებობს. ვფიქრობთ, რომ ჯამურად, სამუშაოების ათვისება 90%-მდე იქნება, მაგრამ რომელიმე სკოლაში შეიძლება, შეიქმნას პრობლემა. ვერც წელს და ვერც მომავალ წელს ვერ გამოვრიცხავთ, რომ რომელიმე სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულოს სამუშაოები იმ ვადებში, რა ვადებიც არის განსაზღვრული“.
რაც შეეხება სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ბოლო 6 თვის მონაცემების მიხედვით, მათი შესრულების მაჩვენებელი „ძალიან დაბალია“.
„რეაბილიტაციების ნაწილზე, რომელიც მუნიციპალიტეტებზეა გადაცემული, 35 მილიონი ლარი გვქონდა თავდაპირველად გათვალისწინებული, თუმცა რეგიონული განვითარების სამინისტრომ დააყენა საკითხი განათლების სამინისტროს ჩართულობით, რომ საჭიროება გაცილებით მეტი იყო. მოითხოვეს დამატებით 80 მილიონი ლარი და ეს რესურსი დავუმატეთ, 115 მილიონია უკვე გათვალისწინებული.
6 თვის შესარულება ძალიან დაბალია, რადგან სამუშაოები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იწყება. ახლა უნდა დასრულდეს ბევრ სკოლაში მუშაობა – ანუ მესამე კვარტალში დიდი წილი უნდა იყოს დასრულებული. თუმცა, გარკვეული რეაბილიტაციებია, რომლებიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის და მომდევნო პერიოდში გაგრძელდება. სადაც სასწავლო პროცესისთვის იყო საჭირო, ჯერ ის განხორციელდა და შემდგომ კი იმ ადგილებში, სადაც პროცესს ხელი არ შეეშლებოდა. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ 80 მილიონს პლუს 35 მილიონი სრულად იქნება ათვისებული“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ასევე იხილეთ:
20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – სკოლების სია
-
სასკოლო ფორმა თუ უფასო კვების პროგრამა? – რომელი და რატომ (არ) არის პრიორიტეტული მასწავლებლებისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები, გათანაბრებული ქულები და მაგისტრანტების სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე