„მასწავლებელმა თვითონ უნდა იცოდეს, რა დროს გამოიყენოს მობილური – ამის კარნახი რაღაცნაირად უპატივცემულობაცაა“
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით იწყებენ. ახალ სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ფორმებთან ერთად, ცვლილება სკოლებში, მათ შორის მობილური ტელეფონის გამოყენებასაც შეეხება.
ამ სიახლის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლე სასწავლო პროცესში ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალებებს არამიზნობრივად ვეღარ გამოიყენებს – მან სასწავლო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე ტელეფონი სპეციალურად მოწყობილ სათავსში უნდა შეინახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება – რა სახის, ამ ეტაპზე უცნობია.
მართალია, მობილურების შეზღუდვა მხოლოდ მოსწავლეებს ეხებათ, თუმცა არსებობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეკომენდაცია, რომ სპეციალურ ყუთში ტელეფონი მასწავლებელმაც განათავსოს.
განათლების მინისტრ გივი მიქანაძის მიერ გაჟღერებულ ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პედგოგებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, მოესმინა მასწავლებლის მოსაზრება, არსებობს თუ არა საგაკვეთილო პროცესში მობილურის გამოყენების ობიექტური საჭიროება და ყუთში მოწყობილობის განთავსების შემთხვევაში, ტექნიკურად გართულდება თუ არა მოსწავლეებთან მუშაობა.
როგორც ჩვენმა რესპონდენტმა, თბილისის 221-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ირინა ფუტკარაძემ გვითხრა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პედაგოგს გაკვეთილზე ტელეფონი სჭირდება, ელექტრონული ჟურნალის შევსება და მოსწავლეებისთვის აუდიო-ვიდეო რესურსის გაზიარების საჭიროებაა:
„სკოლაში არის რამდენიმე ლეპტოპი და შეგვიძლია გამოვიყენოთ და შემდეგ ადგილზე დავაბრუნოთ, თუმცა ნელია ინტერნეტი. ამიტომ, მასწავლებლების უმრავლესობა საგაკვეთილო პროცესზე საკუთარ მობილურ ინტერნეტს იყენებს. გაკვეთილი 40-წუთიანია და საჭიროა სწორად დროის მენეჯმენტი და ამ შემთხვევაში, ტელეფონი ბევრად უფრო სწრაფია. მე მაგალითად, ისეთი პროექტორი მაქვს, რომ პირდაპირ შემიძლია ტელეფონი დავუკავშირო და გაკვეთილის ახსნისას ვაჩვენო მოსწავლეებს ესა თუ ის ვიდეომასლა. დამეთანხმებით, რომ თანამედროვე ბავშვის დაინტერესება ასე, უბრალოდ, ცარიელი დაფითა და ცარცით ძალიან რთულია. სხვადასხვა საგანს ვასწავლი. სპორტის გაკვეთილზე ძირითადად მჭირდება მუსიკა, რომლის ფონზეც ვაკეთებთ მოთელვით ვარჯიშებს. ქართულის გაკვეთილზე – შესაძლოა, გრამატიკული ნაწილისთვის დამჭირდეს, ბუნებისმეტყველებაზე – სხვადასხვა ვიდეორესურსის საჩვენებლად. ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია გაკვეთილის ჩატარება“.
ირინა ფუტკარაძის თქმით, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მასწავლებელი [დამრიგებელი –ავტ.] ტელეფონს სპეციალურ სათავსში ვერ განათავსებს, მშობლებსა და თუ სკოლის ექიმთან კომინიკაციის გადაუდებელი აუცილებლობაა:
„მე, როგორც დამრიგებელმა, დავუშვათ, ჩემი ტელეფონი მოვათავსე ყუთში და მოსწავლეს აქვს მოულოდნელი, სპონტანური პრობლემა, რასაც მე ვერ გავართვი თავი. სანამ ტელეფონის მოსატანად წავალ, რათა ექიმს დავუკავშირდე, დაიკარგება დრო, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მათ შორის ბავშვის ფსიქიკისთვის. ყოფილა ასეთი შემთხვევაც… რაც შეეხება მშობლებთან კომინიკაციის ნაწილს, საგაკვეთილო პროცესში დამრიგებლებს მშობლები არ გვირეკავენ, თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის. ისინი სცემენ ჩვენს დროს პატივს. გაკვთილზე ხმა ძირითადად გამორთული მაქვს და თუ შევხედავ, რომ მშობლის ზარი განმეორდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვპასუხობ“.
მისი თქმით, მასწავლებლის მიერ ტელეფონის ყუთში შენახვა გამოსავალი ვერ იქნება და აი, რატომ:
„თუ ყველაფერზე უარს ვიტყვით, პროგრესს ვერ მივაღწევთ. თუ ტელეფონებს გადავდებთ და ყუთებში შევინახავთ, ეს გამოსავალი არ იქნება. შეიძლება, მინისტრს ჰგონია, რომ ზოგიერთ მასწავლებელს აქვს ტელეფონზე მიჯაჭვულობა… თუ ამის ერთეული შემთხვევები ხდება და არ არის გამორიცხული, ხდებოდეს, უნდა გამოუცხადონ საყვედური, დაიბარონ, გაესაუბრონ. თუმცა, ერთეული შემთხვევების გამო არ შეიძლება, რომ ყველა მასწავლებელი დაზიანდეს და დაზარალდეს ბავშვიც. ვერ წარმომიდგენია, ამდენ მოსწავლესთან, ასეთ ქაოსში, რა დროს შეიძლება მასწავლებელი „გადავარდეს“ სოციალურ ქსელებში. თანამედროვე ბავშვები ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ. ამიტომ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას მასწავლებელი გაკვეთილზე ფიზიკურად ვერ შეძლებს“.
პედაგოგის მოსაზრებით, თანამედროვე სამყაროში „ჭკვიანი დაფები“, კომპიუტერი, ტელეფონი და ხელოვნური ინტელექტი არის ყველაზე მთავარი დამხმარე რესურსი და საჭიროა მასწავლებლების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სწორად მოხდეს ტექნიკის გამოყენება სასწავლო პროცესში.
„თუ ყველაფერი ღილაკებზე იქნება აწყობილი და გვექნება ყველაფერი ხელთ, შეიძლება ტელეფონის საჭიროება აღარც იყოს, მაგრამ როდესაც ყველაფერს ძირითადად მობილური ტელეფონის საშუალებით ვაკეთებთ, მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება… არ შეიძლება, ყველაფერი ჩარჩოებში მოექცეს და რაღაც გადაწყვეტილებებისა და თავისუფალი არჩევანის უფლება არ გვქონდეს. მასწავლებელმა თვითონ უნდა იცოდეს, რა დროს, რა დოზით და როგორ გამოიყენოს სწორად მობილური. ამის კარნახი რაღაცნაირად უპატივცემულობაც არის ამხელა ადამიანების მისამართით.
მასწავლებელს კი არ უნდა მივმართოთ თხოვნით ან ბრძანებით, პირიქით, უნდა მოვუწოდოთ ყველას, რომ პედაგოგებს ხელი შეუწყონ თუნდაც ტექნიკის სწორად გამოყენებასა და გადამზადებაში. ვთხოვდი განათლების სამინისტროსა და მინისტრს, რომ მასწავლებლების გადამზადება დაიწყონ და მოამარაგონ კლასები რაც შეიძლება მეტი ტექნიკით და არა პირიქით“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ირინა ფუტკარაძემ.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
სასკოლო ფორმა თუ უფასო კვების პროგრამა? – რომელი და რატომ (არ) არის პრიორიტეტული მასწავლებლებისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტში მეორადი ჩარიცხვები ერთჯერადად ბრუნდება – განათლების მინისტრის ბრიფინგი (ვიდეო)
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები, გათანაბრებული ქულები და მაგისტრანტების სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე