GE

„ასეთ მარტივ სამუშაოს არ ველოდი“ – აბიტურიენტებმა ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს

დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. 4-საათიანი გამოცდიდან პირველი აბიტურიენტები დაახლოებით საათ-ნახევარში გამოვიდნენ.

როგორც 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობენ ლიტერატურის გამოცდა სავალდებულო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასთან შედარებით მარტივი იყო.

მაია შონია: „ბევრად მარტივი გამოცდა იყო ვიდრე ძირითადი ქართულის, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მოვიდა, რომანტიკოსები ასევე, გალაკტიონის ლექსი იყო ერთი. ლექსებიდან მოვიდა “ფიქრი მტკვრის პირას”, “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”, “აღმართ-აღმართ”. ლიტერატურული პერსონაჟი ,,კაცია-ადამიანიდან?!” ლუარსაბი. მოკლედ რომ გითხრათ კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ნასწავლი და ნაცნობი მოვიდა.“

ნატო მეზვრიშვილი: „ლიტერატურაში ასეთ მარტივ სამუშაოს არ ველოდი. ყველაფერი იყო ნასწავლი მასალიდან. „შუშანიკის წამება”, „აბო ტფილელის წამება” და გრიგოლ ხანძთელი იყო ჰაგიოგრაფიიდან, ვეფხისტყაოსნიდანაც იყო 6 შეკითხვა. ლექსები იყო „გოგჩა” და „მთაწმინდის მთვარე”, ეს რაც მახსოვს. თემა იყო უმარტივესი „კაცია-ადამიანის” ლუარსაბ თათქარიძე და ასევე აკა მორჩილაძის მოთხრობიდან იგივე პერსონაჟი უნდა შეგვეჯერებინა და ერთობლივად გვემსჯელა მასზე. ძაან ბედნიერი ვარ ამ გამოცდით.“

ეკა ლომიძე: „ჰაგიოგრაფიიდან იყო შეკითხვები, მოთხრობები იყო დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვრდა” და “იგი”. ლექსები იყო რომანტიკოსი პოეტების ბარათაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გალაკტიონი. თემა გაცილებით მარტივი იყო ვიდრე პირველ ქართულში, მეოთხე ვარიანტი ვწერე და ვერც შევადარებ. აკა მორჩილაძის მოთხრობიდან „მოგზაურობა კახეთში” და ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამინიდან” ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟზე უნდა დაგვეწერა.“

თემო იოსელიანი: „ლიტერატურა უფრო მეადვილება და მაგიტომ ავარჩიე. როგორც ჩანს არც შევმცდარვარ, იმიტომ რომ უმარტივესი იყო. ჰაგიოგრაფია მოვიდა, ასევე რომანტიკოსების ლექსები. თემა იყო ლუარსაბ თათქარიძეზე. ამ გამოცდაზე განვიტვირთე, ასე ვთქვათ, და დაძაბულობა მომეხსნა.“

დღევანდელ გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან 95%-მდე აპლიკანტი გამოცხადდა. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილიმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური