აშშ-ს მთავრობის მიერ სრულად დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის – FLEX
უკვე ოცდამეცხრე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX” შესაძლებლობას აძლევს უფროსკლასელებს, ერთი წელი ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელ ოჯახებში. ,,FLEX“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც წარმატებით ხორციელდება ევროპისა და აზიის 22 ქვეყანაში და დღეისათვის 29 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. პროგრამა საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს სრულად აფინანსებს ამერიკის სახელემწიფო დეპარტამენტი. პროგრამა უზრუნველყოფს:
- მგზავრობას ამერიკის მიმართულებით და უკან.
- ყოველთვიურ სტიპენდიას.
- განსახლებას ამერიკელ მასპინძელ ოჯახში და ჩარიცხვას ამერიკულ სკოლაში.
- პროგრამის საორიენტაციო აქტივობებს, როგორიცაა წინაგასამგზავრებელი ორიენტაცია.
- პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს აშშ-ში.
- კურსდამთავრებულთა მხარდაჭერას.
რატომ უნდა მიიღოს მოსწავლემ მონაწილეობა ,,FLEX’’ პროგრამაში?
აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. მოსწავლეები აფასებენ თავიანთ კულტურას, უფრო მეტად მგრძნობიარენი ხდებიან უცხო კულტურათა მიმართ და უკეთ ემზადებიან დამოუკიდებელი სამყაროსთვის. ეს სარგებელი ვრცელდება მათ ამერიკელ თანატოლებზე და მათი მასპინძელი საზოგადოების სხვა ადამიანებზეც.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამერიკელი მოსწავლეები არ ჩამოდიან, ,,FLEX-ი გაცვლითი პროგრამაა, რადგან მისი მიზანია, უზრუნველყოს კულტურული გაცვლა ქართველებსა და ამერიკელებს შორის და ისინი მჭიდროდ და გრძელვადიანად დააკავშიროს.
,, FLEX“-ის მნიშვნელობაზე და მის სარგებელზე გიამბობთ ქ. ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ვერიკო ურუშაძე, რომელიც გახლავთ ,,FLEX“ პროგრამის კურსდამთავრებულის მშობელი და ამჟამინდელი მონაწილის მასწავლებელი.
„FLEX პროგრამა არაჩვეულებრივი ემოცია და განცდაა. ამ განცდის მიღმა დგას ასეულობით წარმატებული ახალგაზრდა , თავიანთი ბრწყინვალე აქტივობებითა და საქმიანობით. ისინი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან უანგაროდ იღებენ არაერთ უნიკალურ შესაძლებლობას, რაც მათში ავითარებს პირად თუ გლობალურ პერსპექტივებს. მე ხშირად ვიყავი იმ ემოციის ,,ტყვე“, ის მშობელი და პედაგოგი, რომელიც FLEX პროგრამისგან იღებდა უსაზღვრო ბედნიერებას. არაფერია იმაზე უფრო სასიხარულო, როცა ხედავ, როგორ აღწევენ წარმატებებს შენი აღზრდილები, როგორ იბრძვიან შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ, თქვან თავიანთი სიტყვა და დიდი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ისინი ხომ ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩებიც არიან, რომლებსაც შორს გააქვთ სამშობლოს ტრადიცია და კულტურა. საუბრობენ ჩვენს დიად წარსულსა თუ იმედიან მომავალზე.
დიახ, ეს FLEX პროგრამაა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. მრავალთა საოცნებო პროგრამა და გირჩევთ, ჩვენო მოსწავლე -ახალგაზრდობავ, არ დანებდეთ, მიიღეთ მონაწილეობა მასში, იბრძოლეთ ჩვენი და თქვენი საუკეთესო მომავლისთვის.“
როგორ შეირჩევიან მონაწილეები?
,,FLEX” პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისგან, განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება ელექტრონულად შევსებული აპლიკაციის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა (საბაზისო, სასკოლო დონე მისაღებია. მთავარია, რომ მოსწავლემ შეძლოს აზრის გადმოცემა) და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
2022-2023 აკადემიური წლისთვის, ,,FLEX” პროგრამის ფარგლებში, ფინალისტების შერჩევა უკვე დაიწყო. კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამო, ტესტირება ჩატარდება დისტანციურად. მსურველებს პროგრამის შესარჩევ ეტაპებზე მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი ან არის ტელეფონის/კომპიუტერის გამოყენების შესაძლებლობა. ,,FLEX“-ის შესარჩევ ეტაპებზე კვლავ შენარჩუნდება მკაცრი წესები, იმის მიუხედავად, რომ მონაწილეებს მოუწევთ ონლაინ ტესტირება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- მონაწილე უნდა იყოს დაბადებული 2005 წლის 1 იანვრიდან – 2007 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
- მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი.
- მოსწავლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
- მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები აშშ-ში 90 დღეზე მეტი.
- მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს ა.შ.შ.-ის ვიზის მოთხოვნებს.
- მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.
შემდეგი კრიტერიუმები განსხვავებულია შშმ მოსწავლეებისათვის:
- მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2004 წლის 15 თებერვლიდან – 2007 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
- მონაწილე უნდა იყოს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელი.
„FLEX“ პროგრამის I ტურზე რეგისტრაცია დაიწყო 13 სექტემბრს და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით.
I ტური მოიცავს ონლაინ ბიოგრაფიულ აპლიკაციასა და 3 ესეს, რომლებიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის შევსების დაწყებიდან 10 დღეში. მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე.
II ტურში, აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეული მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს.
III ტური დაიწყება ნოემბერში და მოიცავს გასაუბრებას, 3 ესეს კითხვას, ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საფეხურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, მოსწავლეები ინფორმაციას ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისიდან მიიღებენ.
დაგვიკავშირდით
თუ ხართ სკოლის წარმომადგენელი და გსურთ თქვენმა მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ ,,FLEX“ პროგრამის შესახებ, გაეცანით დამატებით ინფორმაციას ამ ბმულის საშუალებით.
შეავსეთ ფორმა, რათა ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ და მოთხოვნის შემთხვევაში ჩაატაროს თქვენს სკოლაში პრეზენტაცია პროგრამის შესახებ. ჩვენი კურსდამთავრებული ან თანამშრომელი სრულიად უფასოდ ჩაატარებს პრეზენტაციას თქვენს სკოლაში ვირტუალურად ან/და პირისპირ.
(R)
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია



